რას ფიქრობს საზოგადოება პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე - IRI-ის კვლევის შედეგები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამენ, – ამის შესახებ აღნიშნულია IRI-ის 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გამოკითხულები შეშფოთებულები არიან საქართველოში რუსი ემიგრანტების გამო და თვლიან, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის მაღალი დონეა. კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 77% რუსეთს ასახელებს.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით და რეგიონში აგრესიული მოქმედებების გამო, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფრთხედ აღიქვამს“, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

კვლევის თანახმად, ქართველები ცალსახად შეშფოთებულები არიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით. გამოკითხულთა 73% თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა საზოგადოების პოლარიზაციისკენ არის მიმართული.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემისას ევროკომისიამ ხაზი გაუსვა დამატებით ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად. დღესდღეობით უფრო მეტი სამუშაო არის გასაწევი მთავრობის ყველა დონეზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის და პარლამენტში, იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას“,- განაცხადა სტივენ ნიქსმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

 

 


კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25 პროცენტი – „ქართულ ოცნებას“, 13 პროცენტი კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, პასუხები ასე გადანაწილდა: „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ – 4%; „სტრატეგია აღმაშენებელი-გიორგი ვაშაძე“- 3%; „ხალხის ძალა“ – 1%; „ლელო“ – 2%; „გირჩი“ – 3%; „„გირჩი“ და „დროა“ – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია“ – 2%; „ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი“ – 2%; „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილი – 2%; „ხალხისთვის“ – ანა დოლიძე – 2%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 1%; „კონსერვატიული მოძრაობა“ – ალტ ინფო – 1%; „ევროპული საქართველო“ – გიგა ბოკერია – 1%-ზე ნაკლები; სხვა – 1%.


გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 29% – „ქართულ ოცნებას“.

შეკითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, გამოკითხულთა 18 ოპროცენტი ასახელებს „„გირჩსა“ და „დროას“ – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას“, 16% – „გირჩს“, 13% – „ევროპულ საქართველოს”; „კონსერვატიულ მოძრაობა – ალტ-ინფოს“ – 12%, „ლეიბორისტულ პარტიას” – 11%; 10% – „ლელოს“; „სტრატეგია აღმაშენებელს“ – 9%, ასევე 9% ასახელებს „პატრიოტთა ალიანსს“; პარტიას „საქართველოსთვის“ – 8%; „მოქალაქეებს“ – 6%, „ხალხის ძალას“ – 4 %, „ხალხისთვის“ – 2%.

(IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ყველაზე პოზიტიურად ჯარს (77%), საპატრიარქოსა (71%) და პოლიციას (67%) აფასებს.

შეკითხვაზე, როგორია თქვენი აზრი ჩამოთვლილ თითეულ ინსტიტუტზე, გამოკითხულ ინტერვიუერთა პასუხები ამგვარად ნაწილდება: საქართველოს ჯარი პირველ ადგილზეა და მას დადებითად აფასებს 77% , უარყოფითად – 16%; საქართველოს საპატრიარქო – დადებითად 71%, უარყოფითად 21%; პოლიცია – დადებითად 67%, უარყოფითად 28%; ადგილობრივი ხელისუფლება – დადებითად 61%, უარყოფითად 34%; განათლების სისტემა – დადებითად 59%, უარყოფითად 36%; ქართული მედია – დადებითად 58%, უარყოფითად 35%; პრემიერ-მინისტრის ოფისი – დადებითად 49%, უარყოფითად 41%; ცენტრალური საარჩევნო კომისია – დადებითად 41%, უარყოფითად 44%; პრეზიდენტის ოფისი – დადებითად 41%, უარყოფითად 47%; პროკურორის ოფისი – დადებითად 40%, უარყოფითად – 35%; სასამართლოები – დადებითად 40%, უარყოფითად 44%, ეროვნული ბანკი – დადებითად 39%, უარყოფითად 43%; საქართველოს პარლამენტი – დადებითად 38%, უარყოფითად 56%; პოლიტიკური პარტიები – დადებითად 37%, უარყოფითად 52%; სავაჭრო კავშირები – დადებითად 31%, უარყოფითად 27%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მარტის კვლევასთან შედარებით, გაზრდილია მოსახლეობის მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორი მიმართულებით, გამოკითხულთა პასუხები ასე ნაწილდება – წინა კვლევასთან შედარებით, 30%-დან 39%-მდეა გაზრდილი იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის თანახმად, შემცირებულია უარყოფითი პასუხის მაჩვენებელიც. თუ მარტში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 62% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ახლა ეს მაჩვენებელი 54%-მდეა შემცირებული.

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელ გაწყობას, ოპტიმისტურად პასუხობს გამოკითხულთა 54%, ნეიტრალურად – 32%, პესიმისტურად – 14%.


შეკითხვა, აპირებთ თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას, დაისვა 18-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.

გამოკითხულთა 63% პასუხობს, რომ მტკიცედ აპირებს არჩევნებზე ხმის მიცემას, 15% – ნაწილობრივ აპირებს, 4% – მტკიცედ არ აპირებს ხმის მიცემას, 12% – ნაწილობრივ არ აპირებს ხმის მიცემას, 5%-მა უარი განაცხადა პასუხზე.

ამასთან, კითხვაზე – „თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა უფრო მეტი ახალგაზრდა ქართულ პოლიტიკაში?“ – გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს მეტი ახალგაზრდის მონაწილეობას პოლიტიკაში.


გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობაა. მხოლოდ 2%-ა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლება, შესაძლოა, მთავრობა იყოს.

კითხვაზე, რა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყოს პროევროკავშირული და პროდასავლური. 33% ფიქრობს, რომ უნდა იყოს პროდასავლური, მაგრამ შეინარჩუნოს ურთიერთობა რუსეთთან. 8% ფიქრობს, რომ ქვეყანა უნდა იყოს პრორუსული, მაგრამ ჰქონდეს ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთირთობები. 3% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყოს პრორუსული, 18% ამბობს, რომ არ იცის ან პასუხზე უარს აცხადებს.

კვლევის თანახმად, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწვრიანებას, გამოკითხულთა 73% სრულად უჭრს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

კვევაში აღნიშნულია, რომ ამ 73%-ს IRI-მ ჰკითხა, კლვავაც დაუჭრენ თუ არა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტას ნიშნავს – 55%-ისთვის ეს მხარდაჭერა უცვლელია, 19% არ იცვლის პოზციას, თუმცა უფრო ნაკლებად დაუჭერს მხარს ევროინტეგრაციას, 8%-ისთვის გარკვეულწილად მიუღებელი იქნება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწვყეტის ხარჯზე ევროინტეგრაცია, ხოლო 6%-ისთვის – კატეგორიულად მიუღებელი.

ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერ 73%-ს IRI-მ კიდევ ერთი შეკითხვით მიმართა – რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ევროკავშირის წევრობა. გამოკითხულთა 45% ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, უსაფრთხოებას პასუხობს 14%, ქვეყნის განვითარება – 14%, უკეთესი მომავალი – 8%.

ამასთან, შეკითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, პოლიტიკურ არასტაბილურობას საქართველოში ასახელებს გამოკითხულთა 27%, შიდა პოზიციონირება საქართველოში -17%, საქართველო არ არულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს – 13%, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციონირებას ამბობს გამოკითხულთა 11%, რუსეთი – 6%, დაკარგული ტერიტორიები – 2%, მთავრობა – 2%.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, 65% სრულად უჭერს მხარს, ნაწილობრივ უჭერს -14%. ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ჯამურად, 16%-ს.

ამასთან, კითხვაზე, ნატო-ს წევრობის შემთხევაში, რა იქნება მთავარი სარგებელი, გამოკითხულთა 47% პასუხობს უსაფრთხოებას, 17% პასუხობს თავდაცვას, 13% მიიჩნევს, რომ სარგებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას ქვეყნის განვითარებას უკავშირებს 6%. 5%-ისთვის ნატო არის სტაბილურობა/მშვიდობის გარანტი, 4% პასუხობს, რომ სარგებელი იქნება უკეთესი მომავალი. მხოლოდ 2%-ისთვის არის ნატო-ს წევრობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული.

კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება ნატო-ს წევრობის გზაზე, 27% რუსეთის პოზიციებს ასახელებს, ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი – 20%, პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში – 14%, შიდა პოზიციები საქართველოში – 11%, ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიციები – 7%, მთავრობა – 2%.