რა გეგმები აქვს საარჩევნოდ და აპირებს თუ არა ვინმესთან გაერთიანებას ანა დოლიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოლიტიკურ გეგმებსა და მიმდინარე აქტუალურ თემებზე „ვერსია“ პარტია ხალხისთვის ლიდერ ანა დოლიძეს ესაუბრა:

- ქალბატონო ანა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებით?

- რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ ხალხთან და ნომერ პირველ ამოცანად მიგვაჩნია პარტიის გაცნობა ხალხისთვის. ჩვენ არ გვქონდა დიდი ფინანსური რესურსი, როგორც სხსა პარტიებს. ცალკე ტელევიზია არ გვაქვს და ამ პირობების შესაბამისად, პარტიის შესახებ ამბავი მოსახლეობასთან ახლოს უნდა მივიტანოთ და ვაჩვენოთ, რას ვთავაზობთ...

- და რას სთავაზობთ ხალხს?

- სისტემურ სიახლეს, რეფორმებსა და სისტემურ განახლებას. ამომრჩეველს არ სჭირდება იმის ნახვა, რასაც უკვე ბევრი წელია, უყურებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად და ჩართულნი ვართ აქტიურ კამპანიაში, რათა დავანახოთ ხალხს, თუ ვინ ვართ. აქტიურად ვიზრდებით, ბევრი ხალხი გვიერთდება, ყოველდღე ახალი შემადგენლობა მოდის...

- თქვენი ხედვით, რა მნიშვნელობა ექნება მომავალ, 2024 წლის არჩევნებს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისთვის?

- ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს იქნება მაღალი მნიშვნელობის არჩევნები, ხალხი ამბობს ამას. სხვა შემთხვევაში, ასეთი აქტიური მოწადინება ხალხის მხრიდან, რომ შეუერთდნენ პარტიას, არ იქნებოდა. ჩემი აზრით, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის მომავალი და ხალხმა ეს კარგად იცის.

უახლოეს მომავალში, წარვადგენთ პარტიის განახლებულ დიდ გუნდს, უკვე წარვადგინეთ კლიპი, სადაც გუნდი ნაჩვენებია, რადგან ხალხს აინტერესებს, პარტიაში ვინ არის... უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ სუფთა და კომპეტენტური ძალა, რომელიც იქნება ნამდვილად ახალი.

- გეგმავთ თუ არა სხვა პარტიებთან გაერთიანებას?

- გაერთიანებას არ ვგეგმავთ. ძალიან კარგი საქმიანი ურთიერთობები გვაქვს ოპოზიციურ სპექტრთან და გვაქვს საკითხობრივი ურთიერთობა სხვადასხვა თემაზე. ჩვენთვის წითელი ხაზები ურთიერთობისას არის „ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა. ამ მიმართულებით, პირველი პარტია ვიყავით, რომელიც რაღაცას ამბობდა.

2020-ში, როცა პარტია დავაარსეთ, პირველებმა ვთქვით, რომ უნდა შეიქმნას ახალი ფრონტი ნაციონალური მოძრაობისა და „ოცნების“ ორპოლუსიანობის საპირწონედ. ამ მუშაობას ვაგრძელებთ, დარწმუნებული ვარ, დაკვეთა დიდია და შესაბამისად, მოსახლეობა ასეთ დამოუკიდებელ ძალას ხმას მოგვცემს.

- ესე იგი, მიიჩნევთ, რომ გაერთიანების გარეშე, დამოუკიდებლად, 5%-იან ბარიერს გადალახავთ?

- რაც შეეხება ბარიერს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გადავლახავთ იმიტომ, რომ წინა არჩევნებზე უმწირესი რესურსით და ერთთვიანი კამპანიით, მერის არჩევნებზე დავდეთ შედეგი. პარტია იყო ოთხი თვის შექმნილი, მაშინ ბარიერი გადავლახეთ, მე ავიღე იმ ძალიან მწვავე არჩევნების პერიოდში 5%. იმის შემდეგ, ამომრჩეველმა უფრო კარგად დაინახა, რომ ჩვენ არ გვახასიათებს კომპრომისები,  ვართ თანმიმდევრულები, არ ვუერთდებით ვიღაცას იმიტომ, რომ გვაწყობს და მერე არ ვიშლებით, არ ვლანძღავთ...

გვაქვს მკვეთრი ხედვა და რეფორმების ჩამონათვალი და რაც მთავარია, ვართ ყველაზე სუფთა ძალა არსებულ სპექტრში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, როგორც კი შევალთ აქტიურ ფაზაში, ამომრჩეველი ამას დაინახავს. მით უმეტეს, ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ორიენტირებულია პროგრესულ რეფორმებზე და იმაზე, რომ კეთილდღეობაში იყოს გათვალისწინებული ყველა ჩვენი მოქალაქე და არა ერთი პატარა კასტა ხელისუფლებასთან დაახლოებული ხალხისა.

- რა განწყობით და პროგნოზით ელოდებით ევროკავშირისგან საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხს და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ასპექტი მომავალი არჩევნების ბედს გადაწყვეტს?

- სტატუსის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა რეალისტურები რომ ვიყოთ, დეკემბრიდან არჩევნებამდე შორია. ეს იქნება ერთ-ერთი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორი, რადგან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ყოველთვე იმდენი რამ ხდება, იქამდეც, ალბათ, ბევრი რამ მოხდება, თუმცა ამ სეზონისთვის მნიშვნელოვანია შედეგი.

რა თქმა უნდა, ძალიან გვჭირდება სტატუსი და შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ „ოცნებამ“ არ უნდა ისარგებლოს ამით. მთელი ქვეყანა თუ ვიქნებით უკეთეს ვითარებაში, ეს არჩევნებზეც იმოქმედებს და ზოგად გარემოზეც, დემოკრატიის მხრივ.

სამწუხაროდ, სტატუსი ფასდება არა მხოლოდ მოსახლეობის მიმართ კეთილგანწყობით, არამედ, კონკრეტული, აქტიური რეფორმებით. უკვე არაერთხელ გავიგეთ დასავლეთიდან შეფასება, რომ ეს რეფორმები სრულყოფილად წარდგენილი არ ყოფილა, რჩება კითხვის ნიშნები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გარკვეული დათქმები ამ გადაწყვეტილებაში იქნება.

რაც უნდა გვინდოდეს, რომ მოგვიტანოს შედეგი იმან, რომ ევროკავშირის მომხრე ვართ მოსახლეობა, სტატუსის გადაწყვეტილება ფასდება იმ დავალების მიხედვით, რაც მიღებული აქვს სახელმწიფოს და დავალება შესრულებული არაა. ფონიც ცუდია ამ მხრივ, შესაბამისდ, ვფიქრობ, რომ ევროპული პერსპექტივა დარჩება ჩვენთვის, თუმცა გადაწყვეტილებაში, გარკვეული დათქმები რეფორმებთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს.

 

ავტორი: თათია გოჩაძე