საკონსტიტუციო სასამართლო დღეს გადაწყვეტს, დაარღვია თუ არა კანონი პრეზიდენტმა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა გადაწყვეტილებს მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე, , დღეს გახდება ცნობილი. 9 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას - დაარღვია თუ არა კონსტიტუციის 52-ე მუხლი სალომე ზურაბიშვილმა?

ოპოზიციაში, მიმდინარე პროცესს პრეზიდენტის დასჯის მცდელობად აფასებენ და განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის კანდიდატის სტატუსზე.

რეგლამენტის მიხედვით, სხდომას უნდა დაესწრონ როგორც კონსტიტუციის წარდგინების ავტორები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი, ან მათი წარმომადგენლები. თუმცა, სხდომას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არ დაესწრება.

ზურაბიშვილის ნაცვლად, სხდომას მისი ნდობით აღჭურვილი წარმომადგენლები, თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაესწრებიან.

"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

სხდომას, ასევე, ირაკლი კობახიძე და იმპიჩმენტის ინიციატორი დეპუტატები ესწრებიან.

სერიოზულად ვერც განიხილავ ე.წ. არგუმენტებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა წარმოადგინა, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მაია კოპალეიშვილის პოზიცია აბსოლუტურად არასერიოზულია.

"გამაცნეს მასალები, რომელიც უკავშირდება ამ პროცესს. მათ შორის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიცია. აბსოლუტურად უსუსურია იქ წარმოდგენილი მსჯელობა. სერიოზულად ვერც განიხილავ ე.წ. არგუმენტებს, რომელიც იქ არის წარმოდგენილი. იმედია, დღეს ცოტა მეტს მოვისმენთ, მათ შორის მისგან. კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება, თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის პოზიცია მაჩვენეს და აბსოლუტურად არასერიოზულია, რაზეც იქ არის საუბარი“, – განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა თავად აღიარა, რომ მისი ვიზიტები არაკონსტიტუციური იყო.

"ამაზე მეტყველებს მისი განცხადებები. მაგალითად, მან მისცა ინტერვიუ საზღვარგარეთ ერთ-ერთ ტელევიზიას, სადაც ამბობდა, რომ მას ოფიციალურად არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო ამ სახელმწიფოში. ეს არის ჩვეულებრივი აღიარება. მას განზრახ და ძალიან უხეშად აქვს დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია და არაკონსტიტუციურ ქმედებებს აგრძელებს, რაც ბუნებრივია, შემაშფოთებელია. თუ რამეს შეიძლება, დაერქვას ევროპული პერსპექტივის, ქვეყნის საბოტაჟი, ეს არის სწორედ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ა.შ. სწორედ პრეზიდენტის ქმედებებში იკითხება საბოტაჟის აშკარა და უხეში ნიშნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.