"ვულოცავთ გიორგი სოსიაშვილს - პარლამენტის წევრად, ხოლო გიორგი მაჭავარიანს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩევას" - კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გუშინ გაიმართა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში და მუნიციპალიტეტის მერის შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში. რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ გიორგი სოსიაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო გიორგი მაჭავარიანს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„შეზღუდული კონკურენციის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა 40 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. გურჯაანში უკონკურენტო არჩევნების მიუხედავად, 2021 წლის არჩევნებზე მეტი ხმა აიღო ჩვენმა კანდიდატმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. მადლობას ვუხდით პარტიის საარჩევნო შტაბების თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის, ასევე, მადლობას ვუხდით საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების გამართულად ჩატარებისთვის. ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ წარმატებით გამოიცადა ელექტრონული ხმის მიცემის აპარატურა, რომლის საშუალებითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის 90 პროცენტზე მეტი მისცემს ხმას. ვულოცავთ გიორგი სოსიაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო გიორგი მაჭავარიანს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებთ მათ სამომავლო საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, პირველ ოქტომბერს გორსა და კასპში – პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. 103 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა.