თავდაცვის სამინისტრომ სააკაშვილის ავიატრანსპორტით მგზავრობის დოკუმენტების განსაიდუმლოება დაიწყო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად.

მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს "ჯორჯიან ეარვეისს" შორის დადებულ ხელშეკრულებებს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს "ჯორჯიან ეარვეისთან" გაფორმებული ორი ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი," - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს - მიხეილ სააკაშვილის პრეზინდეტობის დროინდელ მილიონობით საბიუჯეტო თანხის სავარაუდო მიტაცებაზე შეფასებას აკეთებს პარლამენტის თავმდჯომარე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები საყურადღებოა და საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა ქონდეს.

"ძალიან კი უნდოდათ რაღაც "პიჯაკებად" შეფუთვა ამ ყველაფრის, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს ხალხის მიერ გადახდილი ფული "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი ჯიბის ფულად მიაჩნდა და საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდნენ. ეს ყველაფერი ქვითრებითა და სხვადასხვა დოკუმენტებით არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ ასეთი საკითხები გასაჯაროვდეს და თუ არის დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა ასეთი საკითხები უნდა იქნას გამოძიებული," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.