"დეზინფორმაციის გავრცელება ჩვენი ოპონენტების მთავარი რესურსი გახდა" - გია ვოლსკი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ლობისტურ კომპანიებზე გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტები უკვე მეორე დღეა საქართველოში პოლიტიკური შეფასებების მიზეზია. საუბარია ამჯერად ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ერთ-ერთი ლობისტური კომპანიის სამი თვის საქმიანობაზე.

საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკულია ოპოზიციის ნაწილი - მსგავსი ქმედება კეზერაშვილის იმიჯის აღდგენის მცდელობად ფასდება, რომელიც უშედეგოდ დასრულდება.

"ქართული არმიის მძარცველი და შემდეგ უკვე მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული, მსოფლიო პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი თავისი ბინძური მიზნებისთვის იფარებს ტელეკომპანია "ფორმულას" და ამით ძალიან მძიმე დღეში აგდებს "ფორმულას" თანამშრომლებს. კიდევე ერთხელ ვამბობ - ამით კეზერაშვილის დაზიანებულ იმიჯს არაფერი ეშველება, ტელეკომპანია "ფორმულას" კი დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს, სამწუხაროდ,"- აცხადებს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ლობისტების დაქირავება ლეგიტიმურია, თუმცა ამ შემთხვევაში მას საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ იყენებენ.

"მობილიზაცია მიმდინარეობს იმისათვის, რომ საქართველოს სახელი გაუტეხონ და, რეალურად, ეს მილიონები დაიხარჯოს იმისათვის, რომ რაღაც პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღოს აქედან დივიდენდი. შემოტევა არ ხდება ან ხელისუფლებაზე ან ხელისუფლების შტოზე, შეტევა მიმდინარეობს მთლიანად საქართველოზე და დეზინფორმაციის გავრცელება გახდა მთავარი რესურსი, რომელიც ახასიათებს ჩვენს ოპონენტებს,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი.