სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. პარლამენტმა (2 მომხრე, 12 წინააღმდეგი) საკითხს მხარი არ დაუჭირა.

სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხის დაყენების მიზეზი გახდა სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა.

დავით სერგეენკო იყო იმ დეპუტატთა შორის, რომლებმაც თავი შეიკავეს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერისგან. საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მარტში მიიღო - ამ დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტის გამო "ქართულ ოცნებას" კანონპროექტის ჩაგდება მოუწია.

ამ კანონპროექტის გაწვევიდან რამდენიმე დღეში, 18 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს, რომელსაც არ დასწრებიან პარლამენტის მაშინდელი დეპუტატები დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ნინო იობაშვილი. მათ ამ კანონპროექტისთვის ხმა არ მიუციათ. მედიასაშუალებები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ეს დეპუტატები აღარ იქნებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში. სერგეენკოს გარდა, ამ მოცემულობით, ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი პირი აღარ არის პარლამენტის წევრი.

დავით სერგეენკო "ნაციონალური მოძრაობის" "ქართული ოცნების" ხელისუფლებით შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრი იყო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს, იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.