უდრის თუ არა კორუფცია ღალატს? - რას ნიშნავს ზელენსკის ახალი ინიციატივა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას, რომელიც ომის დროს კორუფციული დანაშაულის სამშობლოს ღალატთან გათანაბრებას ითვალისწინებს.

„საკანონმდებლო ორგანოს და უკრაინის კანონმდებლებს დავუსახე ამოცანა, მათ მიეწოდება ჩემი წინადადება, რომ კორუფცია ომის პერიოდში სამშობლოს ღალატს უნდა გაუთანაბრდეს. მესმის, რომ ასეთი ინსტრუმენტი მუდმივად ვერ იმოქმედებს, მაგრამ საომარ დროს, ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 აგვისტოს საერთო-ეროვნული ტელემარათონის დროს გადაცემულ ინტერვიუში.

ჟურნალისტებისა და პოლიტოლოგების ერთი ნაწილისთვის ეს პოპულისტური ნაბიჯია, რომლითაც ზელენსკი ცდილობს მისი რეიტინგისათვის საზიანო ნეგატიური საინფორმაციო ფონის განეიტრალებას. ინიციატივის მომხრეები კი მიუთითებენ იმ ადამიანებზე, რომლებიც შეშფოთებული არიან სხვადასხვა უწყებაში, განსაკუთრებით სამობილიზაციო-გამწვევ პუნქტებში გავრცელებული კორუფციით, რაც მოქალაქეს ომის თავიდან არიდების შესაძლებლობას აძლევს.

ზელენსკის განცხადება ღალატზე დაემთხვა თავდაცვის სამინისტროს გარშემო აგორებულ მორიგ სკანდალს, რომლის თანახმად, უკრაინის სამხედრო უწყებამ გაბერილი ფასებით შეისყიდა ზამთრის ქურთუკები, რომლებიც სინამდვილეში ზაფხულისა აღმოჩნდა.

„ეს არც სტალინიზმია და არც დახვრეტა“

რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების წინაშე ორი ძირითადი ამოცანა დგას - ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია და შიდა კორუფციის დამარცხება, რაც პირდაპირ უკავშირდება აგრესორთან ომში წარმატებას და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

მხოლოდ 2023 წელს უკრაინაში კორუფციასთან კავშირის გამო თანამდებობა ექვს მინისტრის მოადგილეს და საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხუთ ხელმძღვანელს დაატოვებინეს.

ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვიაჩესლავ შაპოვალოვის გათავისუფლება, რომელიც პასუხს აგებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფასა და მომარაგებაზე.

სკანდალი კი მოჰყვა გამოცემა Zn.ua-ს მიერ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარისკაცებისთვის კვებისა და სხვა სახის პროდუქციის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გამოქვეყნებას, რომლის თანახმად, უწყება პროდუქციას საბითუმო ფასებთან შედარებით საგრძნობლად მომატებულ ფასად ყიდულობდა.

„ბოლო ხანს თავდაცვის სამინისტროს არყევენ საკმაოდ ხმაურიანი, კორუფციული სკანდალები. ყველაფერი დაიწყო სამხედროებისთვის კვების პროდუქტების შესყიდვის დოკუმენტების გაჟონვით. გაირკვა, რომ თითო კვერცხი 17 გრივნად ყოფილა ნაყიდი. ანუ სამჯერ ძვირად, ვიდრე კვერცხი სუპერმარკეტში ღირს“, - ამბობს „უკრაინსკა პრავდას“ მიმომხილველი, იური პანჩენკო.

აგვისტოში ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ თანამდებობებიდან დაითხოვა უკრაინის რეგიონული სამხედრო გაწვევის ცენტრების ყველა ხელმძღვანელი, კორუფციის შესახებ შეშფოთების ფონზე. არსებობს ინფორმაცია, რომ მათ ბედს სამხედრო გაწვევის ცენტრების რაიონული ხელმძღვანელებიც გაიზიარებენ, რითაც, როგორც პოლიტოლოგი ევჰენ მაგდა მიიჩნევს, ზელენსკის სურს მისი ავტორიტეტისათვის საზიანო ნეგატიური საინფორმაციო ფონის განეიტრალება.

„შესაბამისად, იქცევა ისე, როგორც საერთოდ მოქმედებს ზელენსკი: მკვეთრი, მაგრამ ნაკლებშედეგიანი ქმედებით ცდილობს მოსახლეობის გულის მონადირებას. პირველი, რაც მან გააკეთა, დადო პირობა, რომ მოხსნის ყველა საოლქო სამხედრო კომისარს. ცხადია რატომაც, რომ ისინი კორუმპირებულები არიან, ფულის სანაცვლოდ გასცემენ სამხედრო სამსახურიდან გადავადების ცნობებს. ახლა ამბობენ, რომ საოლქო სამხედრო კომისრების შემდეგ რაიონული კომისრების ჯერიც დადგება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კორუფცია, ეს პირველ ყოვლისა, ხელისუფლებას ეხება. ამიტომაა თავად ეს ინიციატივა საეჭვო, რადგან არსებობს მკაფიო განსაზღვრება, თუ რას ნიშნავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო ღალატი. მაგრამ, თუ კონკრეტულად რა სახის კორუფცია გაუთანაბრდება სახელმწიფო ღალატს, - ამ შეკითხვაზე პასუხი დღეს არ არსებობს“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარლამენტარებს მიმართავს თხოვნით, გაამკაცრონ სასჯელი იმ პირებისთვის, რომლებსაც ომის პერიოდში დაუმტკიცდებათ კორუფციული დანაშაული.

„ეს არ არის არც დახვრეტა და არც სტალინიზმი. მაგრამ თუ არსებობს მტკიცებულება, ადამიანი გისოსებს მიღმა უნდა იჯდეს. მე არ მყვანან ჩემიანები და არა ჩემიანები. თუ არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანი ხელმრუდია, ასეთ ადამიანებს მე ვათავისუფლებ. ამაში დღეს ვერ ვხედავ ჩემთვის პრობლემას. ჩემთვის ასეთი შინაგანი კითხვა არ დგას. მე სხვა რამეებზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის ყველაზე მთავარია სისტემური გადაწყვეტილების მიღება. მაშინ ჩემთვის იოლია ამა თუ იმ პოლიტიკის დანერგვა. ჩემთვის მე ეს [საკითხი] უკვე გადავწყვიტე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ვერხოვნა რადა“, სადაც პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახური“ მანდატების უმრავლესობას ფლობს, მხარს უმტკივნეულოდ დაუჭერს ზელენსკის იდეას კორუფციის ღალატთან გათანაბრების შესახებ. მით უფრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც უკრაინელი სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი განმარტავს, სწორედ საზოგადოების განწყობებს ეხმიანება.

„ზელენსკის ინიციატივა, რომ კორუფცია გაუთანაბრდეს სახელმწიფო ღალატს ომის დროს, ეს არის პასუხი საზოგადოების მოთხოვნაზე, უკრაინელების მოთხოვნაზე, რომლებიც ძალიან არიან შეშფოთებულნი კორუფციის ზრდით მოქალაქეთა სამობილიზაციო აღრიცხვის სფეროში. ბოლო ხანს გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დაკომპლექტების ტერიტორიული ცენტრების ხელმძღვანელები (ყოფილი სამხედრო კომისარიატები), სარგებლობდნენ რა თავიანთი მდგომარეობით, კორუფციული სქემებით, გარკვეულ საფასურად ქმნიდნენ ისეთ ვითარებას, როდესაც ადამიანებს შეეძლოთ თავი აერიდებინათ მობილიზაციისთვის, ხოლო ზოგჯერ მიდიან საზღვარგარეთ, რაც საზოგადოებაში, უკრაინელებში აღშფოთებას იწვევს. ისინი უსამართლოდ მიიჩნევენ იმას, რომ როდესაც ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ყველა უნდა იბრძოდეს, ვიღაცა ახერხებს შეიძინოს უფლება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ომში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხაილო სამუსმა.

გადაიყოლებს თუ არა ახალი სკანდალი უკრაინის თავდაცვის მინისტრს?

კორუფციული სკანდალების ეპიცენტრში კვლავ რჩება საომარ მდგომარეობაში მყოფი საკვანძო უწყება, თავდაცვის სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელის ოლექსი რეზნიკოვის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი უკრაინის პოლიტიკის დღის წესრიგში ჯერ კიდევ თებერვალში დადგა.

ინფორმაცია, რომ რეზნიკოვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, პირველად იანვრის ბოლოს გავრცელდა, რასაც წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება სამხედროთა კვებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემის შესახებ.


იმხანად უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი უკრაინის ექსთავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვიაჩესლავ შაპოვალოვს და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ბოჰდან ხმელნიცკის, რომლებმაც თანამდებობები საკადრო წმენდის პირველი დიდი ტალღის დროს, მიმდინარე წლის 22-24 იანვარს დატოვეს.

რეზნიკოვმა მაშინ პოსტი შეინარჩუნა, მაგრამ უკრაინის სამხედრო უწყებაში ახლა მორიგი სკანდალი მწიფდება - „ზამთრის ქურთუკების საქმე“, რამაც შეიძლება უკვე ნამდვილად გადაიყოლოს თავდაცვის მინისტრის კარიერა.

„ზამთრის ქურთუკები საზაფხულო აღმოჩნდა, თანაც შესყიდული იქნა ზამთრის ქურთუკების ფასად. მინისტრი ახლა თავს იმართლებს, მაგრამ სხვა ჯურის სკანდალებიც არის შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც არმიისთვის არ მიუწოდებიათ. გასაგებია, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სკანდალები ძალიან ურტყამს ზელენსკის რეიტინგს და თუ ასეთი სკანდალები გაგრძელდება, ეს ზელენსკის ძალიან ძვირად დაუჯდება. მას ეს ესმის, ამიტომ ახლა წყდება მომავალი თავდაცვის მინისტრის საკითხი. არის აზრი, რომ მას მოხსნიან. რეზნიკოვის მოხსნა თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არავის სურს იყოს ახალი თავდაცვის მინისტრი“, - ამბობს ჟურნალისტი იური პანჩენკო.

10 აგვისტოს გამოცემა „ზერკალომ“ გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმად 2022 წელს ერთ-ერთმა თურქულმა კომპანიამ Vector avia-მ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ზამთრის ქურთუკების ნაცვლად, ზაფხულის ქურთუკები მიჰყიდა, თანაც გაზრდილი ფასით.

კერძოდ, ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომლის თანახმად, ერთი ქურთუკი უკრაინულ მხარეს დაუჯდა 86 დოლარი (3177 გრივნა), მაშინ როცა ადგილზე ამავე ქურთუკის ღირებულებაში მითითებულია 29 დოლარი (1072 გრივნა).

გამომძიებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ თურქული კომპანია Vector avia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსანდრ კასაი, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატისა და ვერხოვნა რადის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხთა კომიტეტის წევრის, გენადი კასაის ნათესავი აღმოჩნდა.

ამ სკანდალის გახმაურების შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ჟურნალისტებს მოუწოდა, დაელოდონ შეიარაღებული ძალებისათვის ქურთუკების შესყიდვის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამოძიებას. ამასთან, მას კომენტარი არ გაუკეთებია ამ საქმესთან სახალხო დეპუტატის ნათესავის კავშირზე და თქვა, რომ „არ იცის“, თუ რატომ იყო ამ ქურთუკების ფასი თურქეთში დაბალი.

„მე ვთხოვ ყველა ჟურნალისტს, ვინც გაავრცელა ინფორმაცია ზამთრის ნაცვლად საზაფხულო ქურთუკების შეძენის შესახებ, წაშალონ გადაუმოწმებელი მასალები, გამოაქვეყნონ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია ამ შესყიდვაზე და დაელოდონ სიტუაციის ანალიზს. როგორც ვიცი, ამით უკვე არიან დაკავებული დამოუკიდებელ საჯარო ორგანოში“, - მოჰყავს რეზნიკოვის სიტყვები გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“, რომელიც აზუსტებს, რომ ასეთი „საჯარო ორგანო“ თავად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო ანტიკორუფციული საბჭო აღმოჩნდა.

28 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შესთავაზა თუ არა უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ამ მორიგი სკანდალის შემდეგ, ზელენკიმ თანამდებობიდან გადადგომა, რაზეც რეზნიკოვმა უპასუხა, ეს თანამდებობა მისთვის „დროებითი ისტორიაა“ და გადადგომა თავისი ნებითაც შეუძლია, „რადგან ეს თანამდებობა, ვისაც არ უნდა ეკავოს იგი, - არის გოლგოთა“, - თქვა რეზნიკოვმა.

უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის სავარაუდო გათავისუფლებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ საკადრო გადაწყვეტილებაზე კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც შესაბამის განკარგულებას მოაწერს ხელს.

  • ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა და მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი უკრაინის ძალების გასაძლიერებლად დასავლური იარაღის მოპოვებაში. თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე ოლექსი რეზნიკოვს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.
  • მან 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა ანდრი ტარანი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტოს ოფისი და მისი პარტია „ხალხის მსახური“ საყვედურობდნენ იმას, რომ ჩააგდო ქვეყნის თავდაცვის რეფორმების პროგრამა და შემდეგ კონფლიქტში შევიდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან.
  • პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ 6 თებერვალს რეზნიკოვის სავარაუდო შემცვლელად ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გენერალი კირილო ბუდანოვი დაასახელა.

 

წყარო:კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლება