რას მოიცავს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტრანსპორტი და ლოგისტიკა პრემიერის ყოველწლიურ ანგარიშში

საქართველოს მთავრობამ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია უკვე დაამტკიცა. დოკუმენტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე 14 აგვისტოს განიხილეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებელი, 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაა. სტრატეგია მოიცავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშესაწყობად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისს, საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარებასაც შეეხო. მეტიც, პრემიერის ანგარიშში ერთი თავი, სწორედ ამ თემას ეძღვნება. ვნახოთ, რას მოიცავს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და როგორაა ეს საკითხი განხილული პრემიერის ყოველწლიურ ანგარიშში.

 

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია

14 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცებულ დოკუმენტში, რომელიც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიაა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოგისტიკური სექტორის გაძლიერებასა და ლოგისტიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის სფეროების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამავდროულად, სტრატეგია მიზნად ისახავს შრომის ბაზრის მოთხოვნების, საჭიროებების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.

რაც მთავარია, სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობასთან ერთად, პრიორიტეტული საკითხია სამგზავრო გადაყვანების განვითარება. დოკუმენტის განხილვისას, მთავრობის სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება, სატრანსპორტო მომსახურებისა და უსაფრთხოების დონის ამაღლება, უაღრესად მნიშვნელოვანია მობილობის საჭიროებების დაკმაყოფილებისა, თუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაძლიერებლად.

სტრატეგია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა. ამასთან, გაიმართა საჯარო კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი, რომელთა საფუძველზეც მიღებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სტრატეგიით და შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. იმავდროულად, უზრუნველჰყოფს ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას.

საკითხის განხილვისას ისიც აღნიშნეს, რომ გლობალიზაცია და ევროკავშირთან მზარდი ეკონომიკური კავშირები საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში სრულად ინტეგრაციის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. ამდენად, ამ პროცესში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. აქვე აღინიშნა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციას, რაც გულისხმობს ევროპული სტანდარტების დანერგვასა და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას.

 

ტრანსპორტი და ლოგისტიკა პრემიერის ანგარიშში

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის 1 ივლისს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში, ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოციალური, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ანგარიშში ერთი თავი ტრანპორტისა და ლოგისტიკის სფეროს განვითარებას ეძღვნება. თვალი გადავავლოთ პრემიერის ანგარიშს და ვნახოთ, რა წერია დოკუმენტში.

დავიწყოთ იმით, რომ საქართველო წარმატებით უბრუნდება პანდემიამდე არსებულ საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკას. 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, სახეზე იყო ფრენების აღდგენის 88%-იანი, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის - 85%-იანი მაჩვენებლები. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, შესრულებული ფრენების მიხედვით, ავიარეისები აღდგენილია 116%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი - 103%-ით. მთავრობისა და შესაბამისი უწყებების აქტიური ძალისხმევით, 2022 წელს, საქართველოს მიმართულებით, რეგულარული ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა: „კონდორი“, „ფლაივან არმენი“, „ვარეშ ეარლაინზი“, „ფლაიედილი“, „არმენია ეარვეისი“, „პარს ეარი“, „საუთვინდ ეარლაინზი“, „ეარ მოლდოვა“, „ტაი ეარ აზია იქსი“ და „ფლაიარნა“. 2023 წელს, საქართველოს ბაზარზე შემოვა „სანექსპრესი“. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოდან, დაბალბიუჯეტიანმა კომპანია „ვიზ ეარმა“ მოახდინა მეორე ხომალდის ბაზირება, ხოლო 2023 წლის ივნისიდან და დეკემბრიდან, დაანონსდა ავიაკომპანიის მესამე და მეოთხე ხომალდების ბაზირებები.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, კვირაში, საშუალოდ, 350 რეგულარული რეისი სრულდება. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ფრენები შესრულდება 40-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ, 30-ზე მეტ ქვეყანაში, კვირაში, დაახლოებით, 555 სიხშირით, რაც დადებით გავლენას იქონიებს მგზავრთა გადაადგილებასა და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენაზე ქვეყანაში. 2022 წლის აგვისტოში, განხორციელდა „ვიზ ეარის“ მასშტაბური პროექტი „Let’s Get Lost Wizz“, რომლის ფარგლებშიც, ერთი ჩარტერით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, პირველად ჩამოფრიდა 200-მდე ბლოგერი და ინფლუენსერი“, - ვკითხულობთ პრემიერის ანგარიშში.

2022 წელს, განხოცილდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია, მთლიანად შეიცვალა საფარი, რის შედეგადაც გახანგრძლივდა არსებული ასაფრენი ზოლის ექსპლუატაციის პერიოდი და, შესაბამისად, დაიგეგმება ახლის მშენებლობა. ამასთან, 2023 წლის აპრილში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟდა მოქმედი რეგულაციების შესაბამისი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ბარგის შემოწმების თანამედროვე ტექნიკური დანადგარები. ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, თანმიმდევრულად გრძელდება საავიაციო უსაფრთხოებასთან, საავიაციო უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან, საჰაერო მოძრაობის მართვასა და სამოქალაქო ავიაციის სხვა მიმართულებებთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვა.

„ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებაში ჩართული სპეციალისტების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს, ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, დაინერგა საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების სერტიფიცირებისა და საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების ევროპული სტანდარტები. საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, ასევე დამტკიცდა საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესი.  ამასთან, გრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის დანერგვა საქართველოს საავიაციო სფეროში“.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2022 წლის 4 ივლისს, დამტკიცდა საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა (2022-2023). ასევე, აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან, ხორციელდება ევროკავშირის „ტვინინგის“ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებისა და საგზაო უსაფრთხოების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობას. გარდა ამისა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა რეგიონალური მნიშვნელობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის შექმნაზე, რაც საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ქვეყნის ანალიტიკურ შესაძლებლობებს გააუმჯობესებს. მიმდინარეობს მუშაობა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.

„გრძელდება მუშაობა საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვაზე. ელექტრონული სისტემის შესამუშავებლად, 2023 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ - Hamburg Port Consulting - HPC. ამასთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, საზღვაო ერთი ფანჯრის იმპლემენტაციისათვის მომზადდა საკანონმდებლო ბაზა. სამომავლო პერსპექტივაში SAFESEANET სისტემის დახმარებით შესაძლებელია, საქართველოს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა ინტეგრირდეს ერთიან ევროპულ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემასთან“.

ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ნავსადგურის გაერთიანების სისტემის (PCS) დანერგვის მიმართულებით. საიმპლემენტაციო თანხის 50% მობილიზებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, დარჩენილი თანხის მოსაპოვებლად, EBRD აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ დონორებთან. პროექტის სრული ღირებულება 1 600 000 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ევროკავშირის მიერ გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი პროექტისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს შესამუშავებლად. მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, 2022 წელს, ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა ნიდერლანდების სამეფოსა და კატარის სახელმწიფოსთან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მეზღვაურთა სერთიფიკატების აღიარების მემორანდუმების გაფორმებაზე მუშაობა გრძელდება შემდეგ ქვეყნებთან: შვედეთი, ნორვეგია და ჩინეთი. ჯამში, ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს აღიარებს 73 მოწინავე საზღვაო სახელმწიფო, მათ შორის, 20 ევროკავშირის წევრია, აღნიშნული ქვეყნების დროშის ქვეშ ცურავს მსოფლიო სავაჭრო ფლოტის 85%. შექმნილია სპეციალური პორტალი, სადაც რეგისტრირდებიან მეზღვაურები და დამსაქმებლები და შესაძლებლობა აქვთ, შუამავალი რგოლის გარეშე, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 18 000 მოქმედი მეზღვაურია.

„მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მეზღვაურთა განათლების სისტემის გაუმჯობესება და დასაქმების ხელშეწყობა. 2022 წელს, ბათუმის საზღვაო აკადემიის სამანქანე განყოფილებაში, დამატებით სამი საინჟინრო ლაბორატორია მოეწყო. ამასთან, 2022 წლის სექტემბრიდან, ფოთის სასწავლებელმა უმაღლესი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე - „ტრანსპორტის ეკონომიკა და საფინანსო საქმე“ და „დაზღვევა ტრანსპორტზე“ დაიწყო სტუდენტების მიღება. სასწავლებელი გათვლილია 1 000 სტუდენტზე და ემსახურება ქვეყნის ლოგისტიკურ ინტერესებს. MLC კონვენციასთან მიერთების საკითხი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ინიციირებულ იქნა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბოლოს. დღეის მდგომარეობით, წარდგენილი პაკეტი საქართველოს პარლამენტის მიერ განხილულია მესამე მოსმენით. „საზღვაო შრომის შესახებ“ 2006 წლის საერთაშორისო კონვენცია (MLC 2006) მსოფლიოს 1 500 000-ზე მეტ მეზღვაურს უზრუნველჰყოფს ფართო უფლებებითა და სამუშაო ადგილზე დაცვის გარანტიებით. უმნიშვნელოვანესია კონვენციით გათვალისწინებული დებულებების ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში. აღნიშნული ხელს შეუწყობს მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვასა და საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტის გაზრდას საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში გრძელდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომელთა დიდი ნაწილი შესრულებულია, შესასრულებელია მხოლოდ სამი. აქვე აღსანიშნავია, რომ დასამტკიცებლად მომზადდა საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიული განვითარების კონცეფცია, რომლის საფუძველზე შემუშავდება შემდგომი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“.

2023 წლის თებერვლიდან, დაიწყო სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის პირველი ფაზის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, პირველ ეტაპზე, მოხდება სარკინიგზო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს ჩამოყალიბება, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოება სარკინიგზო უსაფრთხოების, სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისა და მატარებლების მემანქანეთა სერტიფიცირების კუთხით. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და მიმდინარეობს განხილვები.

როგორც პრემიერმა განაცხადა, „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში“ - პროექტის ფარგლებში, გრძელდება მუშაობა შემდეგ დირექტივებთან: 2012/34/EС (რომლის მეშვეობითაც ჩამოყალიბდა ერთიანი ევროპული სარკინიგზო ზონა), 2004/49/EС (გაერთიანების რკინიგზების უსაფრთხოების შესახებ), 2008/57/EC (გაერთიანების ფარგლებში სარკინიგზო სისტემის ურთიერთთავსებადობის შესახებ) დაახლოების მიზნით. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამივე დირექტივის შესაბამისად, მომზადდა საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტები და კანონქვემდებარე აქტების პროექტები.

 

 

მაკა რუხაძე