„აფხაზეთს უნდა შევთავაზოთ სხვა, ერთიანი სახელმწიფო და არა ის, რომ ოდესღაც კარგად ვცხოვრობდით“ - პაატა ზაქარეიშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვალ იყო ომი...

რა ვითარებაა აფხაზეთში, ომიდან 31 წლის შემდეგ

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება 13 თვეს გაგრძელდა... ომის დროს დაიღუპა და დაიკარგა ასობით, ხოლო დევნილად იქცა 300 000-ზე მეტი ადამიანი.  რა ვითარებაა აფხაზეთში, ომიდან 31 წლის შემდეგ? - „ვერსია“ პოლიტოლოგს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო ყოფილ მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა:

 

- საქართველოს მოქალაქეებმა - პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და დაინტერესებულმა ადამიანებმაც უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ დრო გაყინული არაა და ყველაფერი იცვლება, შესაბამისად, აფხაზეთი 30 წლის წინ, სულ სხვა იყო და დღეს სულ სხვაა. მეტად გაუცხოებულია და ამას ემატება მითოლოგიზირებული ომი, გამძაფრებული, ლეგენდებით დახუნძლული. როგორც ჩვენთან ითხზვება ანტიაფხაზური ლეგენდები, ისევეა მათთანაც - ანტიქართული.

ეს მომენტი, იცით, დაახლოებით, რას ჰგავს? - მადლობა ღმერთს, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, დაიშალა, ჩამოინგრა, ჩვენ წამოვედით და უკან დასაბრუნებელიც არ გვაქვს, საბედნიეროდ, მაგრამ სად მივდივართ, არც ეს ვიცით ანუ არავინ ლაპარაკობს, თუ რა უნდა შევთავაზოთ აფხაზებს... როცა მინისტრი ვიყავი, საკმაოდ თამამი, არაპოპულარული, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვთქვი, რის გამოც მთელმა საქართველომ გადამიარა...

- ფედერალიზმის საკითხს გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა, ფედერალიზმს, მაგრამ უფრო მკაფიოდ ვთქვი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ და აფხაზებს ერთ სახელმწიფოში ერთად არ გვიცხოვრია. თუ გვიცხოვრია, იყო საბჭოთა კავშირი, მანამდე კი - რუსეთის იმპერია. მთელი 200 წელი, ერთ, ქართულ-აფხაზურ სახელმწიფოში არ გვიცხოვრია, ვცხოვრიბდით სხვა სახელმწიფოში. მანამდე ფეოდალიზმი იყო, სამთავროებად დაყოფილი საქართველო... ამიტომ, უნდა ვისაუბროთ არა წარსულიდან დღემდე, არამედ, დღეიდან მომავალზე. აფხაზეთს  უნდა შევთავაზოთ რაღაც ახალი, სხვა, ერთიანი სახელმწიფო და არა ის, რომ ოდესღაც კარგად ვცხოვრობდით. ისინი გვეუბნებიან, რომ შეიძლება, მართლა ვცხოვრობდით კარგად, მაგრამ ეს საბჭოთა კავშირი და რუსეთის იმპერია იყო. გვინდა იქ წასვლა? - არც მათ უნდათ და საშინელ სიზმარშიც კი არ წარმოუდგენიათ რუსეთში ცხოვრება, ჩვენ ხომ არა და არ გვიხარია. შესაბამისად, საქართველოში დღემდე არ ხორციელდება გენერაცია მომავალზე ორიენტირებული აფხაზეთისა და ამიტომ, კითხვაზე რომ გიპასუხოთ - რა ხდება დღეს აფხაზეთში? - სრულიად გაუცხოებულნი არიან. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ნამდვილი დამოუკიდებლობა რუსეთისგან არ ექნებათ და ყველაფერი ეს ბლეფია.

ახლა კიდევ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი აჩვენებს, რომ არა მარტო დამოუკიდებლობაზე აღარაა ლაპარაკი, არამედ, სრულ ანექსიაზეა და დარწმუნებულები არიან, რომ როგორც კი რუსეთი, მათი აზრით, თავისას მიაღწევს (მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება), მერე მისდგება აფხაზეთს... რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, განსხვავებით ოსებისგან... ოსებს ნებისმიერი ვარიანტი აწყობთ რუსეთთან მიერთების, აფხაზებს კი არც რუსეთის გამარჯვება აწყობთ, არც - დამარცხება, რადგან თუ რუსეთი გაიმარჯვებს, უფრო იოლად მიითვისებს აფხაზეთს, ხოლო თუ დამარცხდება, უფრო სასტიკი ფორმებით მოინდომებს, რომ აფხაზეთი არ დაკარგოს. ისინი გამოუვალ მდგომარეობაში არიან, ჩვენ კი არაფერს ვთავაზობთ, დადუმებულნი ვართ. როცა საქართველო ხმას არ იღებს, მათი ერთადერთი არჩევანი რუსეთშია. თვითონვე ალაგებენ რუსეთთან ურთიერთობებს, რაღაცებს თმობენ, რაღაცებს - არა. მაგალითად, არ თმობენ მიწას, საკუთრების გასხვისებას ანუ რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, აფხაზები ებრძვიან რუსეთის ანექსიას, მაგრამ ამას ისე აკეთებენ, რომ საქართველოს იმედი არ აქვთ.

- დიახ, ვნახეთ სოხუმის აეროპორტის გასხვისების საკითხზეც დიდი პროტესტი აფხაზეთში...

- ნაწილობრივ დაგეთანხმებით, რადგან რაც ჩამოვთვალე, იმ საკითხებს უფრო მძიმედ აპროტესტებენ. აეროპორტი მიუგდეს, ჯანდაბასო... ოღონდ, უძრავ ქონებას ნუ წამართმევ და აეროპორტზე თავში ქვა გიხლიაო... მოკლედ, უფრო იოლად დათმეს. მიწები, უძრავი ქონება, ბიჭვინთა არ მიუციათ ჯერ, ჭიდაობა მიდის.

- როგორც ამბობთ, აფხაზები განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიან საკუთარ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამას წინათ, „რადიო თავისუფლების“ სტატიაში შემხვდა აფხაზების ფრაზა - „ ჩვენ გვემუქრება უბიხების ბედი“... როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს გარდამტეხი, რაც აფხაზებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეს მკაფიოდ დაანახებს და საქართველოსკენ შემოატრიალებს? რა უნდა შესთავაზოს საქართველომ?

- დიდი მადლობა ამ კითხვისთვის... ასეთ კითხვებს, როგორც წესი, არც ჟურნალისტები და არც ექსპერტები ვსვამთ - რა უნდა გავაკეთოთ? - ამ 30-მა წელმა გვაჩვენა, საით მიდის რუსეთი აფხაზეთის მიმართულებით და რა არ უნდა აფხაზეთს. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაწეროს რაღაც კონცეფცია ფედერაციული მოწყობის. რაც უნდა ვლანძღოთ შევარდნაძე და მე პირველი ვლანძღავდი, მაგრამ თუ ვინმე წერდა კონცეფციას ფედერაციაზე, შევარდნაძის დროს იყო. მაშინ სასაცილოდ არ მყოფნიდა, ახლა კი სანატრელი მაქვს, გულახდილად რომ გითხრათ. მართლა სასაცილო რაღაცები ეწერა, მაგრამ იმდროინდელი მთავრობა რაღაცას მაინც ჩხირკედელაობდა, დღეს კი ესეც არ კეთდება ანუ რა უნდა კეთდებოდეს - მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რა აწუხებს აფხაზებს და ეს გაიწეროს ფედერაციულ მოწყობაში, მაგალითად, უნდა ჩავწეროთ, რომ ვინც იცხოვრებს ფედერაციულ მოწყობაში, აფხაზეთის ტერიტორიაზე, მიწაზე საკუთრება იქნება სახელმწიფოსი, გარდამავალ პერიოდამდე და მათ მიწას ვერავინ შეეხება ანუ ის უნდა შევთავაზოთ, რის გამოც ეშინიათ რუსეთის. მეორე საკითხი ეხება უძრავ ქონებას, ამიტომ უნდა ვუთხრათ - არაა სწორი, რომ უძრავი ქონება არ იყიდება, მაგრამ რაკი თქვენი პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უძრავი ქონება იყოს მკაცრად გაკონტროლებული, ჩვენ დავეთანხმებით ანუ ყველაფერი ის, რისიც ეშინიათ რუსეთისგან, ჩვენ უნდა შევთავაზოთ. უნდა შემოვიღოთ არა ორმაგი, არამედ, ორჯერადი მოქალაქეობა.

- ეს რას ნიშნავს?

- აფხაზეთში მცხოვრები ყველა მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე და მიიღებს იმ სიკეთეებს, რასაც საქართველოს სახელმწიფო შესთავაზებს, მაგრამ საქართველოს ყველა მოქალაქე ვერ მიიღებს ყველა იმ სიკეთეს, რაც იქნება უშუალოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე, გარდა დევნილებისა, იმ ადამიანებისა, ვინც იქ ცხოვრობდა. დევნილების დაბრუნება უნდა იყოს ცალკე პროცედურა, ნებაყოფლობითი, მშვიდობიანი, უსაფრთხო. დანარჩენზე აფხაზეთის მცხოვრებლებმა უნდა შეიმუშაონ თბილისთან ერთად ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველჰყოფს მათ უსაფრთხოებას; აუცილებლად უნდა იყოს შეთავაზებული ისეთი იურიდული, კონსტიტუციური სისტემა, რომელიც უზრუნველჰყოფს მათი იდენტობის - ენის, კულტურის გადარჩენას; უნდა იყოს შეთავაზება, რომ აფხაზეთში არჩეული დეპუტატები ავტომატურად გახდებიან საქართველოს პარლამენტის წევრები; საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებული უნდა იყოს, რომ აფხაზეთის დეპუტაციას საქართველოს პარლამენტში ექნება უფლება, დაბლოკოს ნებისმიერი კაბონპროექტი, რომელიც აფხაზეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ოღონდ ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, არგუმენტირებული; აფხაზეთი უნდა იყოს ფედერაციის ერთ-ერთი უმნიშვნელივანესი სუბიექტი.

მას შემდეგ, რაც რუსეთი ვერ მიაღწევს თავის მიზანს უკრაინაში, ამ ფონზე, საქართველო მზად უნდა იყოს და აფხაზებსა და ოსებს შესთავაზოს კონცეფციები, ახალი რეალობიდან გამომდინარე.

- ალბათ, ქართველები  და აფხაზები დიდი ხნის წინ შევძლებდით საუბარს, რომ არა რუსეთი... ერთხელ თქვით, რუსეთს უნდა დავუპირისპიროთ ძალა, რომელიც მას არ გააჩნია და ეს არის მშვიდობა და დემოკრატიაო... ჯერჯერობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მხოლოდ მშვიდობას ვთავაზობთ...

- არ ვთავაზობთ მშვიდობას, ვთავაზობთ ომის საფრთხეს, არიქა, ომი შეიძლება იყოსო. „ქართული ოცნება“ იტყუება, რადგან საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ამით აშინებს აფხაზებს, რომ თურმე, ომის პრობლემა გვაქვს. დღეს, „ქართული ოცნება“ გადავიდა ომის შანტაჟზე, რომ ომს თავიდან ვიცილებთ; რომ არიან ბოროტი ძალები - ევროპა და აშშ და ჩვენ გვაიძულებენ, ომი დავიწყოთ - აფხაზებს ეს რომც არ სჯეროდეთ, ამის მოსმენა აწყობთ ანუ მე, როგორც აფხაზი, გიპასუხებდით - კარგი, რა, ძვირფასო, რა დროს მშვიდობაზეა ლაპარაკი, ომიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულხართ-მეთქი...

- ბოლოს, ბატონო პაატა, რას ფიქრობთ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ?

- ეს არათუ მე, ჯერ ევროპაშიც არ იციან. იქ ორი ძირითადი პოზიციაა - ერთი ამბობს, ქართველ ხალხს უნდა მივცეთ კანდიდატის სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცუდად იქცევა, რადგან ქართველმა ხალხმა დაიმსახურა ესო. ხოლო მეორე მხარე ამბობს, რომ ხალხი კი იმსახურებს, მაგრამ ნახეთ, ბელარუსში რა ხდება, მთელი მოსახლეობა წინააღმდეგია ლუკაშენკოსი და ამის მიუხედავად, ბელარუსი ემუქრება პოლონეთს, ყველას და ბირთვული იარაღი განალაგა თავის ტერიტორიაზე ანუ ხელისუფლება მაინც ფაქტორია. ჩვენ კი გვინდა, ქართველ ხალხს მივცეთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ხელისუფლება როგორ გამოიყენებს ამასო? - გამოიყენებს რუსეთის გასაძლიერებლად, ევროკავშირის წინააღმდეგ ანუ ახალი „ტროას ცხენი“ ხომ არ იქნება, როგორც უნგრეთი?... მოკლედ, ვინც ეწინააღმდეგება, მათ სერიოზული არგუმენტი აქვთ. ქართველ ხალხს გაუმარჯოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ რამდენად არ იქნება ლუკაშენკო, თუ ურბანიო... არგუმენტები კანდიდატობის მიღების მხარეს არის ის, რომ თუ საქართველოს დღეს ეტყვიან უარს, „დიდი რუსული ღამე“ დადგება არა მარტო საქართველოში, არამედ, კავკასიაში. საქართველოს უყურებს აზერბაიჯანში სამოქალაქო სექტორი და დემოკრატიული მოძრაობები, სომხეთი და ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული სამოქალაქო სექტორი და დემოკრატიული ძალები ანუ თუ საქართველომ ვერ „გაქაჩა“, მთელ კავკასიაში ისადგურებს „რუსული ზამთარი“, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია და მგონია, რომ ეს გადაწონის კანდიდატობის მოცემის საკითხს.

ავტორი: თათია გოჩაძე