რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ვითარებაა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ, ოკუპაციის თვალსაზრისით და რა გამოწვევების წინაშეა საქართველო? -  „ვერსია“ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალი“ მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა:

 

- უკრაინის ომის შემდეგ, ყველამ დაინახა, რომ 15 წლის წინაც რუსეთი იყო აგრესორი, ოღონდ, მაშინ საქართველოს წინააღმდეგ თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით, უბრალოდ, მაშინ მსოფლიომ „გადაყლაპა“ ის, რაც რუსეთმა მეზობელი, დამოუკიდებელი ქვეყნის - საქართველოს წინააღმდეგ გააკეთა ღია სამხედრო აგრესიის სახით. ეს შემდეგ გაიმეორა „მწვანე კაცუნების“ სახით, ყირიმში, 2014 წელს, შემდეგ იყო დონბასის აჯანყება და ბოლოს, 2022 წელს დაწყებული უზარმაზარი ომი, რაც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.

ამ 15 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩვენთვის სასიკეთოდ ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან ოკუპაცია გრძელდება, როგორც ცხინვალის რეგიონის, ასევე - აფხაზეთის. ამას ემატება ბორდერიზაცია, როდესაც რუსი ოკუპანტები, ადგილობრივ სეპარატისტებთან ერთად, დროდადრო ავლებენ საოკუპაციო ხაზის ე.წ. ღობეებს.   

 საერთაშორისო თვალსაზრისით, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. ამას მიიჩნევს გაერო-ცა და ნატო-ც, თუმცა ამას რუსეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც აგრძელებს ოკუპაციას და ვხედავთ, რაც ხდება უკრაინაში. ყველა ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა, რადგან მაშინ ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი, ნატო უნდა ჩაერთოს პირდაპირ ომში რუსეთის ფედერაციასთან, რაც არავის სურს, გასაგები მიზეზების გამო და არც ჩვენს ინტერესში უნდა იყოს უფრო დიდი ომის დაწყება.

- ცოტა ხნის წინ, პუტინმა განაცხადა, ჩვენ არ ვაპირებთ, მაგრამ თუ ნატო ჩვენთან ომს დაიწყებს, ამისთვის მზად ვართო. რას მოასწავებს ეს რიტორიკა?

- თავად პუტინი უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, აგრძელებს დასავლეთის დაშინების პოლიტიკას ბირთვული და მსგავსი ტიპის მუქარებით, თუმცა ეს მხოლოდ ლიტონ სიტყვებად არ რჩება, რადგანაც რამდენჯერმე შეასრულა დაქადნება. პირველ რიგში, 2008 წელს - 2007 წლის ბოლოს დაიქადნა, რომ თუ დასავლეთი აღიარებდა კოსოვოს დამოუკიდებლობას, ის მიიღებდა იმავე დონის პასუხს, რაც გამოისახა ცხინვალსა და აფხაზეთში შემოჭრითა და ოკუპაციით. ასევე, როდესაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრებიო, მაშინაც დაიქადნა პუტინმა, რომ აღმოსავლეთით გაფართოვება ნატო-ს ძვირად დაუჯდება და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რაც მოხდა საქართველოში და რაც ახლა ხდება უკრაინაში. ამიტომაც გასაგებია, რომ დასავლეთი უფრთხის პუტინის მორიგ დაქადნებას ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებით, თუმცა წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, წელიწადნახევარია, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს და იმის თქმა, რომ რუსეთი შეძლებს ნატო-სთან გამკლავებას ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით, გამიჭირდება იმიტომ, რომ რუსეთმა მთელი თავისი რესურსი ამ ომში ჩადო და ვეღარ შეძლებს, ნატო-სთან ომს გაუმკლავდეს. აქ არის მეორე, ბირთვული ფაქტორი, როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ თუ ძალიან გაუჭირდა, გამოიყენებს ამ იარაღს...

- განაცხადეთ, რომ მსოფლიომ ადვილად შეარჩინა რუსეთს აგვისტოს ომის ამბავი... თუმცა, არაერთი საერთაშორისო დონის რეზოლუცია გამოქვეყნდა, ჰააგის სასამართლომაც საქართველოს მხარე გაამართლა და დაამტკიცა, რომ აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო... ასევე, ოს და რუს მაღალჩინოსნებს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ... რას იტყვით, ამ სამართლებრივ საკითხებზე?

- წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, რომ საერთაშორისო სასამართლომ აღიარა, ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი რუსეთიაო, მაგრამ რეალურად, ამ ეტაპზე, ეს შედეგს ვერ დადებს, რადგან სამხედრო პირების, რომლებიც დამნაშავედ დაასახელეს, დაკავებაც კი არაა შესაძლებელი. მხოლოდ რამდენიმე ადამიანზეც დაბრალება არასერიოზულია, რადგან იქ იმდენი სამხედრო დანაშაული იქნა ჩადენილი და იმდენ ადამიანზე შეიძლებოდა, დასკვნა გაკეთებულიყო...

მოკლედ, კი, გულის მოლბობა გამოდის, მაგრამ რეალურ შედეგს ეს არ იძლევა, რადგან ყველაფერ ამის უკან, რუსეთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი პუტინი დგანან და სანამ არ მოხდება სერიოზული ძვრები, ომში რუსეთის უკრაინასთან დამარცხების ნიშნები, იმის თქმა, რომ შევძლებთ, სამართლებრივი თვალსაზრისით, პასუხი ვაგებინოთ რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე, ძალიან რთულია.

- ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რამდენად იმოქმედებს ოკუპაციის კონტექსტზე?

- ნებისმიერი სახის დაახლოება ევროპასა და ნატო-სთან საქართველოს მომავლისთვის, რა თქმა უნდა, გადამწყვეტად კარგია, თუმცა ევროკავშირმა რომც მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არ ნიშნავს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას და ამას, შეიძლება, წლები დასჭირდეს.

ვიცით, ნატო-სთან დაკავშირებით რა პრობლემაცაა, იმის თქმა, რომ საქართველო არ არის მზად პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, რომ გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა, აბსურდია, რადგან ყველამ დაინახა, ჩვენზე სუსტი ქვეყანა, სადაც ბევრად ნაკლები დემოკრატიაა და მათი შეიარაღებული ძალები ბევრად ნაკლებადაა მიახლოებული ნატო-ს სტანდარტებთან, მიიღეს თავის წევრად. გასაგებია, რომ საქართველო-უკრაინის მთავარი პრობლემაა რუსეთი, პუტინი და მიღება ნიშნავს ომის დაწყებას, ფაქტობრივად, რუსეთთან. ეს არ უნდა დასავლეთს და ეს არის, მეტი არაფერი...

ევროკავშირთან დაკავშირებით კი რუსეთს „ვენები არ გადაუჭრია“, საქართველო რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. მით უმეტეს, შეიძლება, ნაკლებად მტკივნეულად გაკეთდეს, რადგან ეკონომიკას ეხება და გაიხსნება ბაზრის გარკვეული მიმართულებები, ევროპასთან დაახლოების გზა გამოიკვეთება.

- რას ფიქრობთ, ნატო-ს ბოლო სამიტზე, საქართველო-უკრაინა ერთ კონტექსტში რატომ აღარ განიხილეს?

- ბუნებრივია, რადგან დასავლეთის მთელი ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული. სიმართლე რომ ვთქვათ, არც საქართველოს სჭირდებოდა თავის წამოწევა ამ დროს, რადგან არაა სახუმარო სიტუაცია და ქართველები გულზე მჯიღის დარტყმამ ტრაგიკულ სიტუაციებში გაგვხვია... ვნახეთ, რომ ბოლო სამიტზე, ნატო-მ უკრაინას ბევრი ვერაფერი მისცა და ვერც მისცემს, თორემ მოუწევს, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, მეხუთე პუნქტის ამოქმედება და რუსეთთან ომის დაწყება, რაზეც არ მიდის ნატო და გასაგებია, რატომაც.

- გულზე მჯიღის ცემა ახსენეთ... როგორ უნდა იმოქმედოს ახლა საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკურად ისე, რომ არსებულ სიტუაციაში, ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს ქვეყანა? რა არის სწორი სტრატეგია?

- იმის თქმა, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, რათა რამე არ ქნას, ასე არაა, რადგან რუსეთს ნებისმიერი საბაბის, მიზეზის გარეშე შეუძლია, გააგრძელოს სამხედრო აგრესია საქართველოში, თუ დასჭირდა...

არის კი საქართველო, ან იყო კი 2008 წლის აგვისტოს ომამდე იმისთვის მზად, რომ სამხედრო გზით აღედგინა ტერიტორიული მთლიანობა? მოდით, საზოგადოებას ვკითხოთ - არის კი საზოგადოება იმისთვის მზად, რომ როგორც 2020 წელს, აზერბაიჯანმა ყარაბაღისთვის, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძოლა და ომი მოიგეს, ამისთვის მსხვერპლი გავიღოთ? - ამის გარეშე კი არაფერი გამოვა, ომით დაკარგულს ომით იბრუნებენ, საერთოდ... მარტო იმის თქმა, ჯარში რა მინდა და თუ დამჭირდა, ავტომატს მერე ავიღებო, ასე არ ხდება. ბრძოლა დიდი მეცნიერებაა, რომელსაც სწავლა უნდა და ისიც ბოლომდე ან გიშველის, ან - არა, ფრონტის ხაზზე.

ავტორი: თათია გოჩაძე