რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია - მილერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო და შეწყვიტოს ქვეყნის ოკუპაცია.

"ვფიქრობ, ნათლად გამოვხატეთ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ის, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაცხადებთ, რომ რუსეთი უნდა გავიდეს და შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ამ პოლიტიკის მხარდაჭერას“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მიმართულია მისი ძალის შესამცირებლად და ეს რუსეთისთვის არის თავისი ქმედებებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ნაწილი.

7 აგვისტოს 15 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან. ამ დრომდე დევნილის სტატუსით ცხოვრობს ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 30 000-მდე ადამიანი. ომის შემდეგ საქართველომ კონტროლი დაკარგა ასზე მეტ ქართულ სოფელზე, რომელთა უმრავლესობა დღეს მიწასთან არის გასწორებული.

2008 წლის ომის შედეგად დაიღუპა 850 ადამიანი.

დაღუპულების ნახევარი - 412 - საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის - 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი.
დაშავდა 1 747 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი ითვლება 10 სამხედრო და 14 პოლიციელი.
რუსეთის ფედერაციის ინფორმაციით, დაიღუპა 162 და დაიჭრა 255 ეთნიკურად ოსი. ასევე დაიღუპა 48 რუსი სამხედრო და 162 დაშავდა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მონაცემებით, მათი მხრიდან დაღუპული სამოქალაქო და სამხედრო პირების რიცხვმა 365 შეადგინა.
კონფლიქტის მსვლელობის დროს დაიღუპა სამი და დაიჭრა 12 ჟურნალისტი.

საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.