"ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება" - პრემიერის განცხადებები ევროპის საბჭოს სამიტზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი. კარგად მოგეხსენებათ, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ამით დადასტურდა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში. ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ამ მიზნით და მიმართულებით მივდივართ და ყველა, თორმეტივე რეკომენდაციას ვახორციელებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენი საერთო ისტორია და საერთაშორისო წესრიგი ცხადყოფს, რომ ალტერნატივა არ გააჩნია კეთილდღეობას და მშვიდობას მსოფლიოში, საქართველო ამ ფასეულობებს და ღირებულებებს იცავს და ელის თანამშრომლობას ევროსაბჭოში, თქვენთან ერთად, დიდი მადლობა,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვამაყობ, რომ ვიღებ მონაწილეობას ევროსაბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტში. მინდა მადლობა გადავუხადო მასპინძელ ქვეყანას, ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის ფუძემდებლური უფლებების. დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რომელიც გულისხმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას, რომელიც არღვევს გაეროს, ჰელსინკის და სხვა დეკლარაციებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ჩვენ კარგად გვახსოვს, ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთთან გვქონდა 2008 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლისი გვქონდა სიცოცხლის და ტერიტორიების 20%-ის კუთხით. ჩვენ კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას. მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და რამდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ რა შედეგი მოაქვს ომს და ამიტომ, მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენი მთავრობა, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში. დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება, და ამ სირთულეებიდან გამოსავალს მარტო ვერცერთი ქვეყანა ვერ იპოვის. ამიტომ, გვჭირდება ერთობლიობა და ერთად ყოფნა. ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას. მეგობრებო, ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცე და მედეგია და ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისა და ძირეული ფასეულობებისადმი, რომელიც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ეს ჩვენი მრავალმიზნობრივი და მრავალასპექტიანი მიდგომა გულისხმობს სასამართლოს სისტემის, საარჩევნო სისტემის, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას, მდგრადობას და პტროგნოზირებადობას“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელს რეგიონში.

„ჩვენ გავაუმჯობესეთ, როგორც სასამართლო სისტემა, ასევე საარჩევნო სისტემა. ეს არის ჩვენი განვითარების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. სასამართლო სისტემაში და ასევე, საარჩევნო სისტემაში მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა.
რაც შეეხება მედიის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ჩვენს დღის წესრიგში. გამჭვირვალობა და გახსნილობა არის ჩვენი ხელწერა. საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამ ასპექტების მიხედვით.
საერთო ჯამში, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელს რეგიონში და დადებითი შეფასება გვაქვს მიღებული საერთაშორისო დონეზე ამ ასპექტების მიხედვით“, - განაცხადა პრემიერმა.