როგორ შეხვდნენ ოკუპირებულ სოხუმსა და აფხაზეთში რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და  საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღადგინა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისს შევიდა. ცნობისთვის: საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

რუსეთის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება მიესალმება, რადგან მიიჩნევ, რომ ეს საკითხი მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილში განიხილება და სხვა საფრთხე არ არსებობს. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით კი, „ოკუპანტის ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია... საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირისა და აშშ- წარმომადგენლების განცხადებების მიხედვით, რუსეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია.

ვერსიაპუტინის გადაწყვეტილებაზე პარტია ევროპელი დემოკრატების ლიდერ პაატა დავითაიას ესაუბრა:

- ზოგი ცდილობს, პოზიტივად მონათლოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ დააკვირდით, როგორი სიტუაციაა - რუსეთს ერთი ვალდებულებაც არ შეუსრულებია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ყველა ხელშეკრულება, სამშვიდობო შეთანხმებები, აფხაზეთში სამშვიდობო ძალების საოკუპაციო ძალებად გადაქცევა, 2008 წლის შეთანხმება ჯარის გაყვანის შესახებ... არაფერი შეასრულა, ბორდერიზაციასა და ათას უბედურებას აკეთებს, ამ ფონზე, ვითომ გაეხსნა „სიყვარულის ბუშტი“ საქართველოს მიმართ და მოხსნა სავიზო რეჟიმი. რა თქმა უნდა, ცალმხრივად მოხსნა და მისი პრეროგატივაა, მაგრამ ეს რეალურად იმის გამო ხდება, რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში, სერიოზულად დავშორდით რუსეთს და პრაქტიკულად, მივუკაკუნეთ ევროკავშირის კარს. დღე-დღეზე, კანდიდატის სტატუსიც უნდა მივიღოთ, რაც  უნდა დაპირისპირებაში ვიყოთ, მაინც ახლოს ვართ...

ერთ ფაქტს გაგახსენებთ - 2006 წელს, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტების გამოყენება და ორი გეგმა ჰქონდათ: ეკონომიკური და სამხედრო. მაშინ სამხედრო გეგმამ გაიმარჯვა და 2008 წელს, ამას მოჰყვა ომი. ახლა, როგორც ჩანს, ამუშავდა ეკონომიკური დოქტრინა, რაც ნიშნავს, თითქოს ვიზის გაუქმებას, დაახლოებას, მით უმეტეს, უკრაინის ომის ფონზე... ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ქვეყანა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, უცებ ძალიან კარგად არის რუსეთთან - ეს შეაფერხებს სვლას ევროინტეგრაციისკენ.

- ესე იგი, ფიქრობთ, რომ რასა ომით ვერ მიაღწია რუსეთმა საქართველოში, ახლარბილი ძალისგამოყენებით ცდლობს?

- კი, მაგრამ ჩვენ ამაში არაფერს მივიღებთ. მეცინება, ადამიანები რომ ამბობენ, ახლა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებსო... ვინც ამას ამბობს, რუსეთის გავლენის აგენტია! რადგან არავის არაფერს დაუბრუნებს, პირიქით, სერიოზული ინტეგრაცია მიმდინარეობს, გუშინ გავიდა პირველი სწრაფმავალი მატარებელი სოჭი-გაგრას მიმართულებით. ამიტომ, რა დაბრუნებაზეა საუბარი?!

- დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური საფრთხე დაინახა. უკრაინის ომის ფონზე კი ეს საკითხი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია... როგორი უნდა იყოს ასეთ დროს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია?

- ხელისუფლების განცხადებები მისასალმებელი შინაარსის არ უნდა იყოს. ვიმეორებ, კარგად მესმის, რომ ცალმხრივად მიიღო რუსეთმა ეს გადაწყვეტილება და საქართველოს ბერკეტი არ აქვს, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოსთვის ხომ დამაზიანებელია? ღიად ითქვა, რომ საქართველოდან გაფრენილი ავიაკომპანია დასანქცირდება და რუსული კომპანიები თუ შემოვლენ, შესაძლოა, საქართველო დასანქცირდეს, რადგან რუსული კომპანიების თვითმფრინავები ტექნიკურ მომსახურეობას არ გადიან...

- დიახ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრთხის შემცველიც კია რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები, რადგან უკრაინის ომის გამო დასანქცირების შემდეგ, რუსეთს აღარ მიეწოდება ავიარესურსი...

- დიახ. იმ მაგალითის მოყვანა, რომ რუსული თვითმფირნავები თურქეთში დაფრინავენ, არასწორია. თურქეთი არ არის ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყანა, თურქეთი ასოცირებული წევრია და კანდიდატის სტატუსის მქონე არცერთ ქვეყანაში რუსული თვითმფირნავები არ დაფრინავენ. თუ ევროპულ ოჯახში მიდიხარ, მათი თამაშის წესები უნდა მიიღო.

- თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ღიად განაცხადა, სანქცირებულ კომპანიებთან საქართველოს ურთირთობა არ ექნებაო...

- ვნახოთ, გვაჩვენებს სიტუაცია. ამასთან, როგორ გგონიათ, ქართველები იფრენენ? ქართველები იქნებიან მხოლოდ 10%, რუსები იფრენენ და ახალი ტალღის ქვეშ აღმოვჩნდებით! ყველაფერი ფული ხომ არ ღირს? ქვეყნის უსაფრთხოება ფული ხომ არ ღირს?!

ანუ მიგაჩნიათ, რომ ამ საკითხის სავაჭრო დონეზე დაყვანა არასწორია?

- თუ ასეა, მაშინ გავაუქმოთ სუვერენიტეტი, მივუერთდეთ ნებისმიერ ქვეყანას და ვთქვათ, ვაიმე, რა კარგად ვიცხოვრებთ-თქო... მაშინ, რაში გვჭირდებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლა, მემორიალთან მისვლა და გვირგვინების დადება, ეროვნული გმირები - შარტავა და ანწუხელიძე?! ...

- ბატონო პაატა, მიმდინარე მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონის გამკაცრება?

- კანონს არავინ გაამკაცრებს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების მოქმედება უნდა ყოფილიყო ასეთი - კარგია, სავიზო რეჟიმი რომ მოიხსნა, მაგრამ პირდაპირი ფრენები არ იქნება.

- რამდენად მართებულია პარალელის გავლება 2012 წელთან, როცა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა? სხვათა შორის, აგვისტოს ომი ახალი დასრულებული იყო...

- მაშინ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, ეს იყო სწორი პიარნაბიჯი, რადგან რუსეთის შედარება საქართველოსთან არ შეიძლება იმიტომ, რომ რუსეთი აგრესიულია, საქართველო კი - არა. ჩვენ არ ვედავებით არავის ტერიტორიებს, რუსეთი გვედავება ჩვენ... ასე რომ, ამ პარალელის გავლება არ მიმაჩნია სწორად...

გავრილოვზეც უნდა გკითხოთ, ეს ფიგურა მნიშვნელოვანი გახდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში 2019 წლის მოვლენების შემდეგ და ვნახეთ, როგორ აღაფრთოვანა რუსეთის გადაწყვეტილებამ სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით... თქვა, რომ ისევ აპირებს ჩამოსვლას საქართველოში. როგორ ფიქრობთ, მართლა შეექმნათ ილუზია კოლექტიურ გავრილოვებს, რომ სიტუაცია შეიცვალა და საქართველოში მათ ახლა კეთილგანწყობით ელოდებიან?

- გავრილოვის ეს განცხადება პროვოკაციაა. არც მიკვირს რუსებისგან ასეთი პროვოკაცია, რადგან ძალიან „ნაგლები“ არიან ამ თემიდან გამომდინარე. ფაქტი ერთია, რუსული გავლენები აქ ძლიერდება და როცა ევროკავშირში შეხვედრები მქონდა, იმიტომ ვეუბნებოდი, თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემთ, ავტომატურად გაძლიერდება რუსული გავლენები-მეთქი. ეს იგივეა, მაშინ ვარშავის სამიტზე მაპი რომ არ მოგვცეს და ამას რომ მოჰყვა ომი...

- თუ ასეა, შესაძლოა, პირიქით, დააჩქაროს რუსეთის ამ გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება?

- სერიოზულად ვმუშაობ ამ საკითხზე. მივწერე წერილები ევროკავშირშიც, რომ ქართველ ხალხს ეკუთვნის ეს სტატუსი.

- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ჩემზე კარგად არავინ იცნობთ პუტინს, ამ გადაწყვეტილებით, ქართველების გულის მოგებას კი არ ცდილობს, ჯარების შემოყვანისთვის ემზადებაო. ამ საშიშროებას ხედავთ?

- რუსეთიდან ჯარის შემოსვლის საშიშროება ყოველთვის იქნება. რუსეთს არ უნდა, არსებობდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო - საქართველო. რუსეთს უნდა, ჰქონდეს გუბერნია - საქართველო. ამიტომ, საფრთხე ყოველთვის იქნება, სანამ არ აღმოვჩნდებით ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა, იქამდე ეს საფრთხე იქნება ყოველთვის და ნებისმიერ საბაბს გამოიყენებს, მნიშვნელობა არ აქვს, პუტინი იქნება, პუტინი 2 თუ პუტინი 3 - ყველა შეეცდება ამას. ამიტომ მივდივართ ევროკავშირსა და ნატოში, რათა უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდეს საქართველოს. თუ ჩვენ იქ არ შევალთ, უსაფრთხოდ არასდროს ვიქნებით.

- აფხაზეთსა და .. სამხრეთ ოსეთში რა განწყობით შეხვდნენ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმზე?

- იქ თავის პრობლემები აქვთ, ეწინააღმდეგებიან ბიჭვინთის გადაცემას, აქციები იწყება.  ჩუმად არიან ვიზის თემაზე... პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს უვიზო რეჟიმი რუსეთის ექსპანსიისთვის და ვიღაცების აქედან ჩათრევისთვისაა, რომ რუსული განწყობები გაიზარდოს. აფხაზები ამაში საფრთხეს კი არ ხედავენ, პირიქით, ამაში გარანტიას ხედავენ,  რომ საქართველო ვერაფერს გაბედავს აფხაზეთის წინააღმდეგ იმიტომ, რომ რუსეთთან იქნება მიბმული - ასე წარმოუდგენიათ.

- ესე იგი, საფრთხეს ვერც იმ გავრცელებულ ხმაში ხედავენ, რაზეც წეღან თქვენც ისაუბრეთ, თითქოს შემდეგი ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება იქნება?

- არანაირად. ყველას კარგად ესმის, რომ ასე არაა და ეს განცხადებები აქ მხოლოდ იმ ხალხისთვის ვრცელდება, ვინც საქართველოზე მხოლოდ ღვინის ჭიქასთან ფიქრობს და ჭორაობს. რუსეთის ეს გადაწყვეტილება აგრესიული ნაბიჯია საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის არმისაღებად!

 

ავტორი: თათია გოჩაძე