ზვიად კუპრავა: „აირ-დაირია ყველაფერი!“ - რა ხდება ენმ-ში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და მისმა მხარდამჭერებმა თბილისში პოლიტიკური ოფისი გახსნეს, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებით გამოეხმაურა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მმართველობითი ორგანოები ჰყავს.

ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, დამოუკიდებლად თუ სხვა პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში. მათ შეუძლიათ, ჩამოაყალიბონ ახალი პარტია და შესაბამისად, განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკა, თუმცა ღარიბაშვილის, კობახიძის, ტვ „იმედის“, „პოსტივისა“ და „ქართული ოცნების“ რიტორიკით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, ჩვენ პარტიაზე განხორციელებული თავდასხმები სრულიად აუხსნელი მოვლენაა. მათ მიერ გაჟღერებული გზავნილები, პირდაპირ, ხელს აძლევს რუსული ოცნების მტრული პროპაგანდის განმტკიცებას.

გაუგონარია, თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას...

სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ყველა, ვინც საკუთარ თავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრად მივიჩნევთ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა ვიმუშაოთ. „ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელი რიტორიკით, გაუგებრობისა და ბუნდოვანების შემოტანა არ ემსახურება არც პარტიისა და არც სახელმწიფოს ინტერესებს“.

აღნიშნულ განცხადებას, თავის მხრივ, ნიკა მელიაც გამოეხმაურა:

გაკვირვებული ვარ, ამ დღეებში, ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო. ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ (რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე, ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით), არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო. სწორედ ამყრილობისშემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე, ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა - ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო“, - წერს მელია და დედაქალაქში ნაციონალური მოძრაობის პოზიციებზე აკეთებს აქცენტს, - ბოლო პერიოდში, პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში. სწორედ, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს. ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!“

რა ხდება  ყოფილ მმართველ გუნდში? - „ვერსია“ ენმ-ის წარმომადგენელ ზვიად კუპრავას ესაუბრა.

- ზვიად, ახალი ოფისის გახსნა რატომ გადაწყვიტეთ?

- ოფისები რაც მეტი იქნება, მით უკეთესია და მათი რაოდენობა კიდევ უნდა გაიზარდოს. როცა საარჩევნო პერიოდი გვქონდა, ყველა რაიონში, უბნებშიც კი ვხსნიდით ოფისებს. მაგალითად, თბილისში 24 ოფისი გვქონდა. რაც მეტია შეკრების ადგილი, მით უკეთესია. ლევანის დაპირება იყო, რომ გაიხსნებოდა ბევრი ოფისი და რამდენს გახსნიან, არ ვიცი, მაგრამ რაც მეტი იქნება, უკეთესია - ამაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ.

- ახლა ოფისის გახსნაზე პირდაპირი მნიშვნელობით კი არაა საუბარი, არამედ, კონტექსტზე, თუ რა ვითარებაში იხსნება. თავად მელიამ თქვა, რომ ახალი ოფისის გახსნის საჭიროება დადგა პარტიის ყრილობის შემდეგ, როცა პარტიის ბევრი წარმომადგენელი დარჩა კარს მიღმა...

- ყრილობისა და პოლიტსაბჭოს საკითხი დღის წესრიგშია, რომელიც უნდა გადაწყდეს სწორად. თუ პოლიტსაბჭოს სტატუს-კვო არ აღდგება, ამ შემთხვევაში იქნება პრობლემა. პოლიტსაბჭო უნდა აღდგეს იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო და შემდეგ შევიდეთ არჩევნებში ანუ როცა პოლიტსაბჭოს 1/3 დანიშნულია, ეს ვერ იქნება არჩევნები, რომლის ათვლაც იწყება 0/0-დან. როცა 1/3 დანიშნულია, აბსოლუტური უპირატესობაა, ამიტომ თანასწორ არჩევნებზე თუ ვლაპარაკობთ, უნდა დავიწყოთ 0/0-დან და არა 1/3-დან, თორემ ეს არჩევნები ლეგიტიმაციის მიღმაა...

- ამ საკითხზე, ჩემთან, წინა ინტერვიუშიც ისაუბრეთ და რას აკეთებთ იმისთვის, რომ ყრილობისა და პოლიტსაბჭოს არჩევნები, როგორც ამბობთ, ლეგიტიმურ ჩარჩოებში გაიმართოს?

- არის კონსულტაციები და მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით. საჯარო სივრცეში რომ არ მიდის ამ საკითხის განხილვა, ეს არ ნიშნავს, რომ კონსულტაციები არ არის. იმედი მაქვს, რომ შეჯერდება და პარტია ამ პროცესებიდან გამოვა გაძლიერებული. გაძლიერებას კი დაყოფა-დაქსაქსვა არ იწვევს, არამედ - გაერთიანება. გაერთიანების ერთადერთი რეცეპტი კი ამ ეტაპზე იმ სტატუს-კვოს აღდგენა, რაც იყო ანუ 0/0-დან დავიწყოთ პოლიტსაბჭოს არჩევნები და პოლიტსაბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრი იყოს არჩევნებით არჩეული. ეს იქნება სწორი გზა, რომელიც გაერთიანებისკენ უბიძგებს პარტიას.

- გასაგებია, მაგრამ პარტიის მმართველების განცხადება ახალი ოფისის გახსნის შემდეგ იყო უკიდურესად ხისტი... სეპარატიზმის მცდელობებშიც კი დაგადანაშაულეს...

- გაექცათ სიტყვა ნამდვილად, ვერც სეპარატიზმსა და ირაკლი ნადირაძის პოზიციას გავიზიარებ, რომელმაც ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით... მსგავსი ტერმინებით საუბარი არ უწყობს ხელს გაჯანსაღებას, ამიტომ არ მინდა, მწვავედ შევაფასო და ცეცხლზე ნავთი დავასხა, მაგრამ შეუფასებლობაც არ გამოვა. შესაბამისად, შემოვიფარგლები ამით - ალბათ, უფრო მოზომილები უნდა იყვნენ განცხადებებში და ასეთ მნიშვნელოვან დროს, ყოველ სიტყვას უნდა დაფიქრება, ეს იქნება ჩემი რჩევა. მსგავსი ტიპის განცხადებები - სუს-ის აგენტები  და „სეპარატიზმის მცდელობები„ ნამდვილად არ უწყობს ხელს პროცესის გაჯანსაღებას.

- რომ არ გიცნობდეთ, არ გკითხავდით, მაგრამ დიდი ხანია, გაკვირდებით, როგორც პოლიტიკოსს და საკმაოდ ხისტი ხართ, ხოლმე, ყველა შეფასებაში, მაგრამ ესაა ერთადერთი საკითხი, როცა თავს მაქსიმალურად იკავებთ. რა არის ამის მიზეზი?

- ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ვსაუბრობ თანაპარტიელებზე. ხისტი ვარ ხელისუფლების მიმართ, ხოლო ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე, მის წევრებზე. შეიძლება, ახლა ერთ აზრზე არ ვიყოთ, მაგრამ ისინი ენმ-ის წევრები არიან და შესაბამისად, მხოლოდ ესაა მიზეზი, თუ რატომ არ ვარ მათ მიმართ ხისტი და ზოგადად, არც ვაპირებ თანაგუნდელების ან სხვა ოპოზიციონერების მიმართ ხისტ დამოკიდებულებას. ჩემს მეგობრებზე ასე ვერ ვისაუბრებ...

- გასაგებია, მაგრამ ეს მეგობრები, თუ როგორც ამბობთ, სუს-ის აგენტს გიწოდებენ, ან სეპარატიზმის მცდელობაში გადანაშაულებენ?

- ჰოდა, ამიტომ ვამბობ, რომ უნდა დაუკვირდე ყველა სიტყვას და ისე უნდა ისაუბრო. ადამიანები, რომლებიც დიპლომატიით იყვნენ ცნობილნი, დღეს საუბრობენ ხისტი ტერმინოლოგიით და მე, რომელიც ცნობილი ვარ ხისტი შეფასებებით, პირიქით ვიქცევი ანუ აირ-დაირია ყველაფერი, როლებია გაცვლილი (იცინის)... ჩემგანაა ეს მოლოდინი და მე არ ვაკეთებ ამას და ხალხი, რომელთაგანაც სულ სხვა მოლოდინი იყო, აკეთებენ საპირისპიროს. უნდა გავასწოროთ ეს წრედი ანუ ხისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ უნდა ვიყოთ „ ქართული ოცნების“ და არა - ერთმანეთის მიმართ.

- ზვიად, გამოითქვა მოსაზრება, რომ ახალი ოფისის გახსნა დაემთხვა ე.წ. ქოლცენტრებზე გამოქვეყნებულ BBC-ის ფილმს... ეს მართალია?

- ეს, უბრალოდ, დამთხვევაა. ოფისის ძებნის პროცესი იყო მთელი ერთთვიანი და როცა მოიძებნა ოფისი, მაშინ გაირკვა.

- ე.ი. ცალკე პარტიის შექმნა არც განიხილება ნიკა მელიას მიერ?

- არა, ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ტიპის დიალოგის მოწმე არ ვყოფილვარ.

ავტორი: თათია გოჩაძე