გადაიზრდება თუ არა პროცედურული ომი ქუჩის აქციებში - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხმა მაისამდე გადაიწია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტში მოსამართლეების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" პრინციპულ პოზიციას არ ცვლის. მმართველ პარტიაში დღეს განაცხადეს, რომ ოპოზიციის ინიციატივა მხოლოდ სასამართლოს დისკრედიტაციას და ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესისთვის ხელის შეშლას ემსახურება.

ოპოზიციაში კი ყველა სხდომაზე ისევ მობილიზებას გეგმავენ. ამას გარდა, "სტრატეგია აღმაშენებელი" აქციების აუცილებლობაზეც საუბრობს და  ფიქრობენ, რომ პროცედურულ დაპირისპირებაში აუცილებელია ქუჩის პროტესტით ბრძოლაც, თუმცა გიორგი ვაშაძეს ჯერ კოლეგებთან კონსულტაციები არ დაუწყია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ხედვას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს და მეტიც, ისინი გიორგი ვაშაძეს შეუთანხმებელ გეგმებზე საუბრის გამო აკრიტიკებენ კიდეც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბრძოლის მთავარი ველი მათთვის საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს. კონკრეტულად რას აპირებენ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, უცნობია - ამაზე ჯერ ოპოზიციას კონსულტაციები არ ჰქონია. მმართველი გუნდისთვის აქციების დაანონსება კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიციას ქვეყანაში მოვლენების ქუჩაში გადატანა და არეულობა სურს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის 3 მცდელობა ჰქონდა. სამივე შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომაზე, რეგისტრაციაში მონაწილეობა არ მიიღო. კვორუმი არ შედგა, შესაბამისად, არც კენჭისყრები ჩატარებულა. პარლამენტში მომდევნო კვირა საკომიტეტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მაისის თვეში გადაიწევს.