შეუერთდებიან თუ არა „ლეიბორისტები“ 9 აპრილს, ენმ-სგან დაანონსებულ საპროტესტო აქციას

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიორგი გუგავა: „მთლიანად დამოკიდებულები ვართ შემოწირულობებზე, რათა ოფისის შენახვის მინიმალური ხარჯები დავფაროთ“

ქვეყანაში პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზება ერთ-ერთი პუნქტია იმ 12-დან, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს წლის ბოლომდე შესასრულებლად გადასცა. ჰოდა, ზოგი მიიჩნევს, რომ რადიკალურად პოლარიზებულ ვითარებაში, განსამუხტი როლი, ე.წ. შუაშისტმა პარტიებმა უნდა შეასრულონ.

ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც „შუაშისტად“ მოიაზრება, ლეიბორისტული პარტიაა, რომლის წარმომადგენლებიც, დიდი ხანია, პარტიის ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ... ლეიბორისტული პარტიის გეგმებზე „ვერსია“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გუგავას ესაუბრა:

 

- ბატონო გიორგი, ლეიბორისტული პარტია აღარ აქტიურობსო, გაგაკრიტიკეს... სად ხართ, რატომ აღარ ჩანხართ აქტიურ პოლიტიკაში?

- როგორ არ ვაქტიურობთ?! წინა დღეებშიც გასვლითი აქცია გვქონდა რესპუბლიკური საავადმყოფოს დასაცავად და მუდმივად ვეწევით პარტიულ და საჯარო საქმიანობას, რა შესაძლებლობაც გააჩნია პარტიას.

მოგეხსენებათ, ლამის, აკრძალეს ჩვენი პარტია, ჩამოგვართვეს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, უფასო სატელევიზიო რეკლამა, დაფინანსება... თუმცა, მიუხედავად ამისა, ვაგრძელებთ ბრძოლას, შრომას და მუდმივად წინა ფლანგზე ვართ.

მარტის აქციებშიც აქტიურად ვმონაწილეობდით.

- ფინანსურ პრობლემებზე, დიდი ხანია, საუბრობთ. დამფინანსებლის მოძიებასთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემა? როგორ აპირებთ ამ კრიზისის გადატანას?

- გამორიცხულია, საქართველოში, დამფინანსებელი ბიზნესი გამოჩნდეს. ეს ძველი ამბავია, სამწუხაროდ.

როცა ავტორიტარიზმი მძვინვარებს ქვეყანაში, იქ ბიზნესი არაა თავისუფალი და მთლიანად დამოკიდებულები ვართ ჩვენი თანამოქალაქეების შემოწირულობებზე, რათა ოფისის შენახვის მინიმალური ხარჯები დავფაროთ.

ბუნებრივია, ეს ძნელია, მაგრამ ამას ფიქრობდა ივანიშვილი, რომ თუ გადაჭრიდა დაფინანსების წყაროებს, ამით გააქრობდა პარტიას, მაგრამ ჩვენი პარტია აგრძელებს ბრძოლას, შრომას, ერთ წევრსაც არ დაუტოვებია პარტია და პირიქით, შემოგვემატნენ.

რა საშუალება და რესურსიც გაგვაჩნია, გავაგრძელებთ ბრძოლას, ესაა იდეით შეკრული პარტია და არა - ფინანსებით, ეს ყველამ უნდა გაიგოს!

ერთადერთი ჩვენი პარტიაა, რომელსაც ყველა გზა მოუჭრეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც გვექნება საზოგადოების მხრიდან.

- ერთხანობას, თქვენი პარტიის ახალგაზრდული ფრთა აქტიურობდა, მახსოვს, შალვა ნათელაშვილის ვაჟიც აქტიურ პოლიტიკაში, თუმცა ახლა ასე აღარაა... 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავთ?

- რა თქმა უნდა, არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას.

აქტიურადაა ახალგაზრდული ფრთაც, ვამზადებთ ახალ პროექტებს, რაც მალე გამოჩნდება და ვცდილობთ, ვიაქტიუროთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებით.

- პარტიის ახალგაზრდულ ფრთაზე, იცით, რატომ გკითხეთ? - როგორც ჩანს, მარტის აქციების დროს, პოლიტიკურ პარტიებში გააანალიზეს, რომ ახალგაზრდებს ტრიბუნა უნდა დაუთმონ, რადგან მათ დიდი ძალა აქვთ. ასე, მაგალითად, ვნახეთ ენმ-ში ახალგაზრდული მოძრაობის რეორგანიზაცია; „ლელოს“ გენერალურ მდივნად ახალგაზრდა პოლიტიკოსის ირაკლი კუპრაძის დანიშვნა...

- ამ მიმართულებით, დიდი ხანია, ვმუშაობთ. იმათ კი საჩვენებელი სვლები გააკეთეს...

ახალგაზრდული ჯგუფი ჩვენთან აქტიურად საქმიანობს, როგორც უკვე აღვნიშნე, მარტის აქციებშიც ვიყავით ჩართულები...

- 9 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდებით?

- 9 აპრილი არის საერთო ეროვნული დღე, რომელიც ერთი მხრივ, დაკავშირებულია 1989 წლის დატრიალებულ ტრაგედიასთან და იმავდროულად, 9 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა.

აქედან გამომდინარე, მისი „პრივატიზება“ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან, სულ მცირე, არაგონივრულია. ამიტომ, ასეთ აქციებზე შეერთებას არ ვაპირებთ, ჩვენი ღონისძიებები გვექნება, 9 აპრილი -  საქართველოს უახლესი ისტორიის საკრალური დღე, ეკუთვნის მთელ ერს და არა რომელიმე პარტიას!

ამ დღესთან ვიწროპარტიული ინტერესების დაკავშირება პოლიტიკურად არაეთიკური და არაკორექტულია.

 

 

თათია გოჩაძე