რას ერჩის აშშ ქართულ სასამართლოს?

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვაშინგტონმა ქართველ მოსამართლეებს სანქციები ისტორიაში პირველად დაუწესა. იქამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 30 წელი იმეორებდა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არც დამოუკიდებელია, და არც სამართლიანი.

ამ სტატიაში მოგიყვებით, კონკრეტულად რას უწუნებდნენ ქართულ სასამართლოს.

დავიწყოთ გამონაკლისით. “იმის ცხადი მაგალითი, რომ სასამართლო სისტემას აქვს საშუალება, იყოს დამოუკიდებელი” - ასე შეაფასა აშშ-ს საელჩომ 2017 წლის 7 იანვრის პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ის დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლებით დასრულდა.

ასეთი ქათინაურები ქართულ მართლმსაჯულებას იშვიათად მიუღია. როგორც წესი, (და განსაკუთრებით ბოლო წლებში) აშშ-ის საელჩოს განცხადებები გამოხატავდა იმედგაცრუებას, ანდაც შეშფოთებას. თუმცა საელჩო არასდროს აკრიტიკებდა საკუთრივ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ის უბრალოდ იმეორებდა, რომ არსებობს კრიტიკული კითხვები და აუცილებელია ეფექტური რეფორმა.

მაგალითად, 2022 წლის მაისში, როდესაც “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას 3,5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ძალიან თუ გავამარტივებთ, იმის გამო, რომ “მთავარი არხისთვის” ნაყიდ ავტომობილს თავად იყენებდა.

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მაშინ თქვა, რომ სასამართლო ხელისუფლებამ "უნდა გააქროს ყველა კრიტიკული კითხვა", რომელიც განაჩენთან დაკავშირებით არსებობს.

საზოგადოება “უნდა დარწმუნდეს, რომ გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და მიღებული იყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი პროცესის შედეგად. ეს არის კრიტიკულად აუცილებელი მთლიანად სასამართლო სისტემაში," - თქვა ელჩმა.

კრიტიკულ კითხვებს სასამართლო ხელისუფლებას არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აკლებდა. 1996 წლიდან ის აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. უკლებლივ ყველა ანგარიშში შეხვდებით წინადადებას: “სასამართლოს დამოუკიდებულობა გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონით, მაგრამ…”.

გადაუჭრელი პრობლემა

ამ “მაგრამს” წლიდან წლამდე სხვადასხვაგვარი გაგრძელება კი აქვს, თუმცა არსი უცვლელია - მოსამართლეებზე წნეხი გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას, სახელმწიფო დეპარტამენტი წერდა, რომ პროკურატურა მეტისმეტად ძლიერია და რომ სახეზეა სასამართლოზე ზეგავლენა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

კიდევ, რომ სასამართლო განაჩენების 99% გამამტყუნებელი იყო. მოსამართლეები კი არ ითვალისწინებდნენ იმ პატიმრების ჩვენებებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აწამებდნენ.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სასამართლო სისტემაზე ანგარიშებში ბევრი დადებითი ჩანაწერი გხვდება. 2013 წელს გადაირჩიეს სასამართლოს ზედამხედველი ორგანოს, იუსტიციის საბჭოს წევრები. აშშ-მა არჩევნები შეაფასა “თავისუფლად და სამართლიანად”.

იქვე შეხვდებით ოპტიმიზმსაც. ნავარაუდებია, რომ საბჭოს წევრებისა და მოსამართლეთა დანიშვნის ახალი წესები გაზრდის სასამართლოს დამოუკიდებლობას. მეტიც, 2014 წლის ანგარიშში უკვე ნათქვამია, რომ სასამართლო ხელისუფლება უფრო მკაცრად აკონტროლებს აღმასრულებელს.

“განსაკუთრებით იმ საქმეებში, რომელიც ეხება სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ ჩინოსნებს,” - წერია ანგარიშში.

კლანი

თუმცა 2015 წლის ორი მოვლენა კვლავ აჩენს კრიტიკულ კითხვებს ქართულ სასამართლოებთან. პირველი - ლევან მურუსიძის დანიშვნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, მეორე - ოპოზიციურ "რუსთავი ორში" დროებითი მმართველების დანიშვნა, რამაც "სერიოზული კითხვები გააჩინა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე".

ლევან მურუსიძე 2007 წელს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი იყო. მან მხარი დაუჭირა იმას, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელი შემცირებოდათ.

იქიდან მოყოლებული, მწვავე შეფასებები სულ უფრო მატულობს. ანგარიშის ავტორები სულ უფრო მკაფიოდ წერენ, რომ ცვლილებები კოსმეტიკურია, და არ ცვლის ყველაზე მთავარს - ცალკეული მოსამართლეები კვლავაც არ არიან დაცულები ზეგავლენისგან.

ოღონდ, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისგან განსხვავებით, ეს ზეგავლენა ნაკლებად მოდის გარედან. 2018 წლის ანგარიშში პირველადაა ნახსენები ე.წ. “კლანი”, ანუ პოლიტიკურად ანგაჟირებული გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი. ისინი თან სასამართლოების თავმჯდომარეები, თან სასამართლოების ზედამხველი ორგანოს, იუსტიციის საბჭოს წევრები არიან.

სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს ქართული და საერთაშორისო ორგანზიაციების პოზიციას, რომ ორმაგი თანამდებობები მათ მეტისმეტ ძალაუფლებას აძლევს.

2021 წელს იუსტიციის საბჭომ მიიღო უფლება, სხვა სასამართლოში გადაიყვანოს ნებისმიერი მოსამართლე. თანაც მათი ნების საწინააღმდეგოდ. 2022 წლის ანგარიშში წერია, რომ ეს შეიძლება კრიტიკული მოსამართლეების “გასაკონტროლებლად და დასადუმებლად” გამოიყენონ.

ბოლო 6 წელია, სახელმწიფო დეპარტამენტი ფორმულირებას აღარ ცვლის: “ხდებოდა ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში. მოსამართლეები იყვნენ მოწყვლადები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ. იგი მოდიოდა როგორც სასამართლო სისტემის შიგნიდან, ისე გარედანაც”.

"სანდო ინფორმაცია"

5 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, მის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას, და მის წინამორბედს, ვალერიან ცერცვაძეს. ასევე იუსტიციის საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს.

აშშ-ის ელჩმა განმარტა, რომ ვაშინგტონს ჰქონდა “სანდო ინფორმაცია” და ისინი კორუმპირებულები არიან.

თუმცა ახლა მოსამართლეებიცა და “ქართული ოცნებაც” ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თავად აკეთებს იმას, რაშიც მათ ადანაშაულებს: ზეწოლას ახდენს მოსამართლეებზე და ცდილობს, მთლიანად დაიქვემდებაროს საქართველოს სასამართლო ხელისუფლება.