„გარიაჩი კუკურუზ“ ანუ რატომ ვეგებით ფიანდაზად რუს ტურისტებს აჭარაში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ნინო დოლიძე

 

ამ დღეებში აჭარაში ვიყავი. ბათუმი, ხელვაჩაური, გონიო და კვარიათი შემოვიარე. ის, რომ აჭარა ტურისტული რეგიონია და წელიწადის ამ დროს, იქ თავს ბევრი უცხოტომელი იყრის, გასაკვირი არ არის, მაგრამ იცით, რამ გამაოცა? - ფეხის ყველა ნაბიჯზე, რუსულ სანომრენიშნიან ავტოს შეხვდებით. ეს კიდევ არაფერი, რუსები აჭარას კალიებივით არიან შესეულები და ადგილობრივები ისე მოწიწებით ექცევიან, გეგონება, „ღუბერნატორები“ იყვნენ. სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ იგივე ბათუმში, ირანელები და თურქებიც მრავლად არიან, მაგრამ ჯერ ერთი, აღმოსავლელი სტუმრები ცდილობენ, მაღაზიასა თუ სხვა მომსახურების ადგილას, დამტვრეული ქართულით მაინც ისაუბრონ და მეორეც, თურქები თუ ირანელები ისე არ თავხედობენ, როგორც რუსები. მოკლედ, რუსები „ნაგლობენ“ და ისე იქცევიან, თითქოს ბატონები იყვნენ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვალდებულნი ვართ, მათ მოვემსახუროთ!

ერთი სიტყვით, აჭარა რუსებს მიაქვთ და ეს მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში, არცთუ დიდი ხნის წინ, ევროკავშირის, ასე ვთქვათ, მხარადსაჭერი აქციები ჩატარდა. ისე, ახალი წლისა არ იყოს, ევროპის მხარდასაჭერი მიტინგიც ორი, უფრო სწორად, სამი გვქონდა ქართველებს ანუ ჯერ იყო და 16 ივნისს, რიყეზე, ევროპის მოედანზე, მსურველები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებით შეიკრიბნენ, ორი დღის შემდეგ, 18-ში, ევროპისკენ სწრაფვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა იაგო ხვიჩიას „გირჩის“ მოწოდებით გამოხატეს.

აი, 20 ივნისს კი ხალხი ქუჩაში „სირცხვილიას“ ინიციატივით გამოვიდა. ისე, კარგი იქნებოდა, ერს ერთიანობა ამ საკითხში მაინც გამოეჩინა და ევროპისკენ სწრაფვა ერთობით გამოეხატა, მაგრამ ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომელიც ერთმანეთს ისეთ უმნიშვნელო რამეზეც კი ჭამს, როგორიცაა, მაგალითად, ფრაზა - „ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ერთმანეთს ტალახს „აღდგა“ - „აღსდგას“ გამოც ვესვრით და დიდი ამბავი, თუ ევროპის სიყვარულშიც ერთმანეთს ცალკ-ცალკე შევეჯიბრეთ, თუმცა რომელ ევროპის სიყვარულზე ვსაუბრობთ, როცა ამ ქვეყანაში თითო-ოროლას მაინც სჯერა, რომ ევროპა ქართველობას „გვართმევს“.

დავუშვათ, ასეა, მაგრამ ქართველობა, რა, ხინკალია, რომ წაგვართვან?!

ძმებო და დებო, ქართველობას ევროპა კი არა, თვით ოკუპანტი რუსეთიც ვერ წაგვართმევს. ამასთან, დროა, იმასაც ჩავწვდეთ, რომ დასავლეთი არც ქრისტიანობას ებრძვის ანუ ადრეც დავწერე და ახლა ვიტყვი, რაც ფალავანდიშვილებსა და მათთან გათანაბრებულებს არ მოეწონებათ, მაგრამ ქრისტიანობა ქართველების ეროვნული რელიგია არ არის. უფრო მეტიც, ქრისტე სამშობლოზე კი არა, კაცთმოყვარეობაზე, შემწყნარებლობაზე ქადაგებდა და მისთვის ნებისმიერი ადამიანი რასის, კანის ფერისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, მისაღები იყო. ამიტომაც, იმის თქმა, აი, დასავლეთი ქართველობასა და სარწმუნოებას გვართმევსო, ჩვეულებრივი რუსული დემაგოგიაა და მეტი არაფერი!

ზოგადად, დემაგოგია და პროპაგანდა ხალხზე უკეთესად მუშაობს, ვიდრე - სიმართლე. აი, მაგალითად, დამდგარან ვიღაცები და აუჩემებიათ, აბა, ომი გინდათო?

რა შუაშია, ომი ევროკავშირის წევრობასთან? - ეს რომ ვინმემ ჰკითხოს ამ ფრაზის ავტორ-გამმეორებლებს, რასაკვირველია, პირს დააღებენ და რაღაცებს მიედ-მოედებიან, რადგან ევროპელობა „აბა, ომი გინდათ“-ს არ ნიშნავს.

პირიქით, ევროპა მშვიდობის, ადამიანური ცხოვრების მყარი გარანტიაა!

ევროპა იმის გარანტიაც არის, რომ „ქართულ-ჯიგრულად“ ჯიბეს ვერავინ გაისქელებს და თუ მე, თქვენ, ან ნებისმიერ რიგით ადამიანს ვინმე დაჩაგვრას დაუპირებს, ის მოძალადე საკადრისად დაისჯება.

იცით, კიდევ რა არის ევროპა? - რა და, ადამიანი შიმშილით არ მოკვდება და სამსახურს აუცილებლდ ნახავს.

გარდა ამისა, ევროპაში ნიჭიერები არ იჩაგრებიან და მათ გავლენიანი „ბიძია“ არ სჭირდებათ, რომ თავიანთი სიტყვა თქვან!

დიახ, ევროპაში უპირველესი ადამიანია!

ჩვენთან ანუ პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელიც ვითომ დემოკრატიის ევროპულ გზას ადგას, ყველაფერი ზუსტად ისევ ისეა, როგორც სსრკ-ში იყო ანუ „ნაციონალების“ დროსაც, აქა-იქ, პროტექცია მუშაობდა, მაგრამ ახლა ამ პროტექციამ და „ქართულ-ჯიგრულმა“ ჩაწყობებმა რომ კოლოსალური სახე მიიღეს, ამაზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს.

ამ ფონზე, თავისთავად გასაგებია, რომ „მამიკოს შვილებსა“ და კორუფციონერ „საქმოსნებს“ ევროპა კი არა, „ერთმორწმუნე“ რუსეთი უნდათ, მაგრამ საბედნიეროდ, კოლექტიური ფალავანდიშვილები საქართველოში ცოტანი არიან.

ასე რომ, რუსული დემაგოგია - აბა, ომი გინდათ, აღარ მუშაობს და რაც მთავარია, აღარ მუშაობს ახალგაზრდებში!

ისე, ამხანაგო პუტინისტებო, ომი კი არა, კარგი ცხოვრება გვინდა. ეს კარგი ცხოვრება კი, თქვენი გულის გასახეთქად, დასავლეთშია!

ჰოდა, სანამ წინ (შინ), ევროპისკენ წავალთ, იქნებ, იმაზე დავფიქრდეთ, რომ იგივე აჭარაში, ტურისტებად ჩასულ რუსებს ფიანდაზად კი არ გავეგოთ, არამედ, ისე ღირსეულად მოვიქცეთ, რომ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის პატივისცემა ვაიძულოთ! ისე, სხვისი არ ვიცი და, პირადად ჩემთვის ისიც დამამცირებელია, პლაჟზე ქართველები მთელი ძალით რომ გაჰყვირიან - „გარიაჩი კუკურუზ!“ შე მამაცხონებულო, ადექი და მშობლიურ ენაზე თქვი - „ცხელი სიმინდი“ და ის რუსი თუ ვერ გაიგებს, რას ამბობ, თვალები ხომ აქვს და დაინახავს, სიმინდს რომ ჰყიდი და თუ მოეგუნებება, ადგება და იყიდის!

მოკლედ, საკუთარ თავს პატივს ჩვენ თვითონ თუ არ ვცემთ, არც სხვა დაგვაფასებს, მით უმეტეს, თუ ეს სხვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელია!