ერთი მიზანი და ოპოზიციის ორი პოზიცია - როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა დეკემბრამდე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ავტორი: თათია გოჩაძე

 ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, საქართველოსთვის გადმოცემული 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხელისუფლებას „დედლაინი“ დეკემბრამდე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ხუთი თვეღა რჩება. პირველ პუნქტში ჩადებული მოთხოვნის მიუხედავად, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზების აღმოფხვრას გულისხმობს, მმართველი ძალა და ოპოზიცია აღნიშნული გეგმის შესასრულებლად, ერთ მაგიდასთან ვერ ახერხებს დაჯდომას. ხელისუფლებამ საპარლამენტო სივრცეში ოპოზიციას შესთავაზა გეგმის შესასრულებელ სამუშაოში ჩართვა, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პაპუაშვილს არ შეხვდა და ცალკე, დამოუკიდებელი პლატფორმა შექმნა, სადაც არასამთავრობო სექტორთან ერთად განიხილავს საკითხებს, რისი გაკეთებაც ევროკავშირის მიერ გადმოცემული გეგმის შესასრულებლადაა საჭირო. მოკლედ, საქართველოს პარლამენტში, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, ორი სივრცე შეიქმნა - ერთში უმრავლესობა და ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ, გირჩი, მოქალაქეები, საქართველოსთვის მონაწილეობს და მეორე ფლანგზე ყველა დანარჩენი პროდასავლური ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო სექტორთან ერთად, გეგმის მისაღწევ გზებზე მსჯელობს. „ვერსია“ ესაუბრა საპარლამენტო ოპოზიციის ორივე მხარეს, რათა გაერკვია, რატომ ხედავენ ან ვერ ხედავენ ოპოზიციონერები ხელისუფლებასთან ერთად დიალოგის რესურსს იმ დიადი მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში სწრაფვა ჰქვია...  

 პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელი, ანა ბუჩუკური ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც შალვა პაპუაშვილს შეხვდა. ის აცხადებს, რომ განსაკუთრებული მოლოდინი ამ შეხვედრიდან არ ჰქონდა და განმარტავს, რომ პირველი შეხვედრა ზოგადი ხასიათის იყო:

 „ეს შეხვედრა უკავშირდებოდა დეპოლარიზაციის საკითხს, რომლის წყაროც ჩვენი გუნდი ნამდვილად არაა. პოლარიზაციის ძირითადი მხარეები „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა არიან, თუმცა პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, „ქართულ ოცნებაზე“ უფრო დიდია იმიტომ, რომ ხელისუფლებაშია. შეხვედრაზე ვკითხე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, კონკრეტული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმისთვის იყვნენ თუ არა მზად, რაზეც პასუხი ვერ მივიღე და პირიქით, ზოგის განაცხადმა კითხვები გააჩინა. მაგალითად, ითქვა, რომ პოლარიზაციის ერთგვარი მექანიზმი შეიქმნება იმის გასარკვევად, თუ რომელი პოლიტიკოსი იყენებს „სიძულვილის ენას“ და ზრდის პოლარიზებულ გარემოს, რაზეც მათთანაც გამეღიმა იმიტომ, რომ პოლარიზაციის დიდი წყარო თავად „ქართული ოცნებაა“.

ბუჩუკურის თქმით, გიორგი გახარიას პარტია მონაწილეობს ყველა ფორმატში, სადაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მსჯელობენ:

„ჩვენმა გუნდმა თავიდანვე განვაცხადეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას, სადაც კი არსებობს ოდნავი შანსი მაინც, რომ მივიდეთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან მიზნამდე, რასაც კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჰქვია, დეკემბრამდე მხოლოდ ამას უნდა ვემსახურებოდეთ. პარლამენტში იმართება საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან და ასევე, მონაწილეობას ვიღებთ ამ ფორმატშიც. ზოგადად, ეს პროცესი საკმაოდ რთულია, ნდობის ხარისხი „ქართული ოცნების“ მიმართ რამდენად დაბალია, მგონი, აქ ორი აზრი არ არსებობს, რასაც მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს, მაგრამ ვიმეორებ - ეს საპარლამენტო ოპოზიციას არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მაქსიმუმი არ გავაკეთოთ და ყველა ფორმატი, ყველა კანონიერი გზა არ გამოვიყენოთ იმისთვის, რათა ის მცირედი შანსი, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მისაღებად, არ გამოვიყენოთ“.

ანა ბუჩუკური არსებულ პოლარიზებულ სივრცეში კომპრომისების აუცილებლობაზეც საუბრობს:

„ევროკავშირისგან მივიღეთ ბევრი საშინაო დავალება რეფორმების კუთხით და მათ შორის, მივიღეთ დოკუმენტაცია, რომ პოლარიზება უნდა დასრულდეს და მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპელი პოლიტიკოსები იქცევიან. ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ვართ ევროპელები და გადავსებული რუსთაველიც ვნახეთ 20 ივნისს, რაც იყო გზავნილი, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნებაა ევროპული არჩევანი და ახლა ჯერი ჩვენზეა. პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით, საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ყველასთან დავსხდეთ მაგიდასთან სასაუბროდ და შეგვიძლია კომპრომისი, რადგან ევროპული პოლიტიკა, პირველ რიგში, ნიშნავს კომპრომისების ხელოვნებას. ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები კი არაა, არამედ, კონკრეტულ ქცევას გულისხმობს. როდესაც საუბარია კონკრეტული რეფორმის განხორციელებაზე, მოგვწონს ეს თუ არა, რეფორმები ხელისუფლების გარეშე, ხომ ვერ გატარდება? - როგორიც უნდა იყოს, ხელისუფლება ფლობს საპარლამენტო უმრავლესობას და არსებობს ბერკეტები, რასაც პარლამენტში კანონის მიღება ჰქვია. აქ ჩვენი ფუნქცია ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ უფლება, ილუზორული რეფორმები გაატაროს და მეორე მხრივ, ჩვენ, საპარლამენტო პარტიებმა, მაქსიმუმი გავაკეთოთ ნებისმიერ ფორმატში, რათა ამ დიად მიზანს მივაღწიოთ. კომპრომისის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს არა პირადი ინტერესი, არამედ, კანდიდატის სტატუსის მიღება“.

ბუჩუკური საარჩევნო ბარიერის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ არა - პრიორიტეტული:

„ჩემმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა იციან ჩვენი გუნდის განსხვავებული პოზიცია და ეს მე „ქართულ ოცნებასთანაც“ დავაფიქსირე შეხვედრაზე, რომ ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია, როცა ნებისმიერ მხარეს მთელი ეს პროცესი დაჰყავს ბარიერის დაწევის საკითხამდე. იმას არ ვამბობთ, რომ ბარიერის დაწევის თემა მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა ივაჭრონ იმაზე, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში ერთი-ორი კაცი შეიყვანონ. არ შეიძლება, ეს საკითხი იყოს პრიორიტეტული და არ შეიძლება, მის სანაცვლოდ, დანარჩენი უმნიშვნელოვანესი საკითხები - დამოუკიდებელი სასამართლო, საპარლამენტო ზედამხედველობა, ხელისუფლების დანაწილება - გადავიდეს მეორე ხარისხოვან დისკუსიაში“.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, შემდეგ გატარდება საკონსტიტუციო ცვლილებები ბარიერის დასაწევად, ბუჩუკური მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეს საკითხი ვაჭრობის თემად აქცია:

 „ეს საკითხი, განა, უმნიშვნელოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწროპარტიული ინტერესი, რომ პარლამენტში მოხვდეს, გაცვალო იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, რაზეც უკვე ვისაუბრე.

როგორც კი ევროკომისიის ხელმძღვანელმა 17 ივნისს ბრიფინგი გამართა, რაც უმძიმესი მოსასმენი იყო თითოეული ქართველისთვის, იმავე დღეს, ჩვენმა გუნდმა წარვადგინეთ ჩვენეული ხედვა, კონკრეტული გეგმა, თუ რა გვაქვს შესასრულებელი. იმის ამბიცია არ გვქონდა, რომ მაინცდამაინც ჩვენი გუნდის გეგმაა იდეალური, უბრალოდ, ჩვენი გზა დავსახეთ. ბრიფინგის გარდა, კომუნიკაცია გვქონდა თითოეულ პოლიტიკურ პარტიასთან, გავუზიარეთ ხედვა და ვთხოვეთ ერთად დასხდომა, დროებით პარტიული თემების გადადება და მუშაობა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნებისგან“ უკუკავშირი არ მიგვიღია, შემდეგ ვნახეთ, რომ ზოგი ჩვენი კოლეგა შეუერთდა „ტექნიკური მთავრობის“ მოთხოვნას, რასაც არ ვიზიარებთ, თუმცა ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა... ჩვენეული ხედვა პირველებმა წარვადგინეთ, რაც პუნქტობრივად იმის პასუხია, რა დავალებაც ევროკავშირისგან მივიღეთ“.

„ვერსია“ სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ ლიდერ სერგო ჩიხლაძესაც ესაუბრა, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრებში მონაწილეობს:

„ვმართავთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, მათ შეიმუშავეს ხედვა რეკომენდაციის შესრულებისა და გვინდა, გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენეული დამოკიდებულებები. ჩვენი, საპარლამენტო ოპოზიციის, მოთხოვნა იქნება რიგგარეშე საპარლამენტო სესია, რომელზეც გასასვლელი საკითხებიდან, ერთია საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც თითქმის მიღებულია და ორი დღე სჭირდება ამის გაკეთებას. ასევე, სხვა საკითხებზე ვმსჯელობთ, რაც უნდა გავიდეს რიგგარეშე სესიებზე.

საპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, გადაუდებელია, რომ რიგგარეშე სესიაზე მოხდეს მოკლე ვადაში გარკვეული საკითხების განხილვა და მიღება. მნიშვნელოვანია 12-ვე მიმართულება, უბრალოდ, არის რაღაც, რისი განხილვაც რიგგარეშე სესიებზე სწარაფად შეიძლება მოხდეს და არის საკითხები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო. პრობლემა ისაა, რომ მმართველი გუნდის თქმით, რიგგარეშე სესიების საჭიროება არ არის, არადა ხუთი თვეა დარჩენილი და პრაქტიკულად, იმას ამბობენ, რომ ორი თვე უნდა დავისვენოთო. რაც შეეხება კობახიძის ბრიფინგს, მან ევროკავშირი დააშანტაჟა, თუ სტატუსს მივიღებთ, შემდეგ გავატარებთ საკონსტიტუციო ცვლილებებსო. არა! ეს პირიქით უნდა მოხდეს, რომ სტატუსი მივიღოთ“.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას, ჩიხლაძის თქმით, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის აზრს და რესურსს მის პარტიაში ვერ ხედავენ:

 „ეს შეხვედრა დეპოლარიზაციას უნდა შეხებოდა, რაზეც არ გამოცხადდა ჩვენი პარტია, რადგან ნდობა არ არსებობს, არანაირი პოლიტიკური ნება არ უჩვენებია ხელისუფლებას და დეპოლარიზაციაზე მსჯელობა პაპუაშვილთან არის ფასადური ქმედება, რადგან ბატონი პაპუაშვილი არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი. რაზე უნდა ველაპარაკოთ პაპუაშვილს, რომელიც მდივანს ვერ გაესაუბრება კობახიძის ნებართვის გარეშე? - ეს ხომ ყველამ ვიცით და ამ ცრუქმედებებში შესვლა მიგვაჩნია დროის კარგვად. შედეგიც ვნახეთ, როცა თქვეს, რომ რაღაც კომისიას ქმნიან, რაც აბსურდული იდეაა. ამიტომ ვამბობთ, რომ გადავიდეთ საქმეზე, რაც არის რიგგარეშე სესიების დანიშვნა და სამუშაო პროცესის დაწყება. „სტრატეგია აღმაშენებელში“ ვფიქრობთ, რომ მართლა არ დატოვა სივრცე დიალოგისთვის „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური საპარლამენტო ძალა, მაინც ვცდით ყველანაირ ბერკეტს, რომ მცდელობა არ დავაკლოთ“.

სერგო ჩიხლაძემ საპარლამენტო ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა:

„ჩვენ, პოლიტიკური ძალები, შევქმნით დღის წესრიგს, რომელიც შეიძლება თანხვედრაში იყოს სამოქალაქო სექტორთან და რასაც უახლოეს კვირებში გავასაჯაროებთ. ვსაუბრობთ თითქმის ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან, გვაქვს კონსულტაციები და გვექნება საერთო თუ დამოუკიდებელი დღის წესირიგი, ამას უახლეს მომავალში გავასაჯაროებთ. საუბარი პოლიტიკურ დღის წესრიგზეა, რომელშიც საპროტესტო აქციაც ჩვეულებრივი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და აქციაც იქნება, სხვა ღონისძიებაც იქნება, საპარლამენტო საქმიანობაც, მედიასთან, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაც იქნება და ა.შ. ძალიან კომპლექსური და მრავალმხირივი გეგმა გვექნება“.