26 მაისი - ყველაფერი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ უნდა იცოდეთ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისიპირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღეაღინიშნება.

ისტორია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი - 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი - თბილისი. სახელმწიფო ენა - ქართული.

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.

ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა ამიერკავკასიის კომისარიატის სახით, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი.

1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა მოვლენათა შემდგომი განვითარება: 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნ. ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის ა. ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას აღწერდა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. მიიღეს გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიიღეს "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", რომელშიც ნათქვამი იყო:

"ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო; დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის".

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (ეროვნული საბჭო), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო: მთავრობის თავმჯდომარე - ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი, შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი, სამხედრო საქმეთა მინისტრი - გრ. გიორგაძე, ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი - გ. ჟურული, იუსტიციის მინისტრი - შ. ალექსი-მესხიშვილი, სახალხო განათლების მინისტრი - გ. ლასხიშვილი, მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ნ. ხომერიკი, მიმოსვლის გზების მინისტრი - ი. ლორთქიფანიძე.1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 3 წელიწადს, 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება.

26 მაისის აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიებები თბილისის გარდა, კიდევ 16 ქალაქში გაიმართება.

თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სოფელი მატანი, ხევსურეთი, დმანისი, ფოთი და შემოქმედი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველა ლოკაციაზე ერთდროულად ასობით წვევამდელი სამხედრო ფიცს დადებს. მომავალი სამხედროებისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი მომენტი თავს თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე მოიყრის. რეკრუტებთან ერთად დედაქალაქის მთავარ მოედანზე მსვლელობით ჩაივლიან საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა დანაყოფები, ასევე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების არმიის წარმომადგენლები.

თავისუფლების მოედნის გარდა, სამხედრო კომპონენტი იქნება წარმოდგენილი დედაქალაქის მთავარ გამზირზეც, ტანკები, საარტილერიო საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ყველაფერი რაც ქართული ჯარის არსენალშია.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სლოგანით "ევროპისკენ" პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული გალა კონცერტით დასრულდება. მომღერლები და მოცეკვავეები ბოლო რეპეტიციას ახლაც გადიან.

ავტორი-სალომე ნოზაძე