აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების მომხრეა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელი რუსლან ხაშიგი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის მომხრეა. ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელმა ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე გამოთქვა.

„მე შეშფოთებული ვარ ჩვენი პოზიციით [2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის] აღიარების შემდეგ. არის განცდა, რომ საქართველო საერთოდ არ არსებობს. იმავდროულად, ჩვენ გვაქვს მასთან მოლაპარაკების მდიდარი გამოცდილება.

ჟენევის დისკუსიებზე აფხაზეთი მხოლოდ დამკვირვებელია. ეს ფორმატი, რომელიც მიღწეულია მედვედევისა და სარკოზის შეთანხმებების ფარგლებში, უფრო მეტად რუსეთის პოზიციას ასახავს.

მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი პოზიცია, განსაკუთრებით კავკასიაში, სადაც ახლა შეიძლება გაჩნდეს ახალი პირობები და ურთიერთობის ახალი ფორმატები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო“, – მიიჩნევს რუსლან ხაშიგი.

სამხრეთ კავკასიაში ამ ტიპის თანამშრომლობის ერთ-ერთ პერსპექტიულ ვარიანტად იგი რეგიონში დიდი სატრანსპორტო დერეფნის მოწყობის იდეას მიიჩნევს. მისი თქმით, ახლა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კონტექსტში, ეს სავსებით შესაძლებელი ჩანს.

„ამაზე უნდა ვისაუბროთ და საბოლოოდ განვსაზღვროთ აფხაზეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ.

ხაშიგი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმება და ქართველი ოფიციალური პირების ბოლო განცხადებებს უპასუხოს. კერძოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებას, რომ საქართველო არ აპირებს „მეორე ფრონტის“ გახსნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.

ხაშიგის აზრით, აუცილებელია საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონება და საქონლის ოფიციალური გაფორმება საბაჟო სამსახურის მეშვეობით. მისი აზრით, პოზიცია, თითქოს ეს პრობლემა არ არსებობს, დიდ ზიანს აყენებს აფხაზეთის ეკონომიკას.

ხაშიგმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა აფხაზეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურასთან.

„აფხაზეთს აქვს მრავალ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. მათ მიერ შემოთავაზებული ყველა პროექტი ყოველთვის განიხილებოდა, კერძოდ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის დონეზეც.

ქვეყანამ არ უნდა მოიკლოს გაეროს დონის პროექტები. შეუძლებელია ჰუმანიტარულ სფეროებში შესაძლო პარტნიორების გაწყვეტა: ენის, მედიცინის, სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის საკითხებზე. რატომ გვეშინია და ჩავიკეტეთ?

აფხაზური საზოგადოების ღიაობა ყოველთვის იყო მსოფლიოსთან ურთიერთობაზე ჩვენი გავლენის ყველაზე ძლიერი ფაქტორი. 1990-იან წლებში ჩვენ ქართველი ჟურნალისტები მოვიწვიეთ, რათა ბევრი რამ ადგილზე გარვეულიყო. აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა ხშირად აძლევდა ინტერვიუს ქართველ ჟურნალისტებს. ამით ჩვენ ქართულ საზოგადოებამდე მივიტანეთ ჩვენი უდანაშაულობა“, – განაცხადა აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელმა.

მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომლითაც აფხაზეთი მსოფლიოსთვის საინტერესო გახდება.

„ამისთვის აუცილებელია ქვეყნის შიგნით მსხვილი საერთაშორისო პროექტების განხორციელება კულტურაში, ეკოლოგიაში, ეთნოგრაფიასა და სპორტში”, – განაცხადა რუსლან ხაშიგმა.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

წყარო-jem-news.net