"გილოცავთ 9 მაისს, გისურვებთ გამარჯვებას და მშვიდობას, მინდა, დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პირველ რიგში მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განაცხადა, სადაც, მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურმა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო, პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა.
„მოგეხსენებათ, ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი წვლილი და დამსახურება ამ ომში გამარჯვების. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის და ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი დამსახურებაა ამ ომში გამარჯვებაში. მინდა, მოგილოცოთ 9 მაისი და ყველას გისურვოთ გამარჯვება და მშვიდობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად - 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.