ნონა მამულაშვილი: „სააკაშვილს არ აქვს პრობლემა, ჩამოვიდეს და სასამართლოს კითხვებზე პასუხი გასცეს!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა პოლიტიკური გეგმები აქვს ენმ-ს

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩევნების დღეს - 2 ოქტომბერს საქართველოში იქნება. ეს განცხადება, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, სააკაშვილს ასეთი რამ პირველად რომ ეთქვა, მაგრამ არის ერთი „მაგრამ“... მახსოვს, 2016 წელს, „ვერსიაში“ ჩემი პირველი სტატია, სწორედ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის დაანონსებას ეხებოდა. მაშინ ამ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ამ ხნის მანძილზე, არაერთი დაპირების მიუხედავად, სააკაშვილი ისევ კიევშია. რატომ უნდა დავუჯეროთ ექსპრეზიდენტს ახლა და რა პოლიტიკური გეგმები აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას? - „ვერსია“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ნონა მამულაშვილს ესაუბრა:

- ქალბატონო ნონა, არსებულ პოლიტიკურ სურათში რას შეცვლის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და რატომ უნდა დავუჯეროთ მას ახლა?

- საქართველომ გადაუხვია პროდასავლურ ვექტორს. ეს დავალებაა, რომ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი ჩამოინგრეს, გაღარიბდეს და სრულად გადავიდეს რუსეთის დაქვემდებარებაში. ვხედავთ, რომ ხელისუფლება უკვე ღიად დაუპირისპირდა დასავლეთს და ლავროვმაც მოიწონა ეს საქციელი. ახლა უნდა დადგეს ის ისტორიული მომენტი, როცა საქართველომ უნდა აირჩიოს, დასავლეთი უნდა თუ რუსეთი. მიხეილ სააკაშვილის როლი ყველაფერ ამაში ისაა, რომ ის თანამედროვე სახელმწიფოს ავტორია, მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა ყველა ის რეფორმა, რომელმაც მსოფლიოში საქართველოს პოპულარობა გაზარდა. უამრავი საერთაშორისო პარტნიორი შევიძინეთ. ქვეყანა, რომელიც ჩამონგრეული იყო, 2003 წლის შემდეგ, პირველი რეფორმატორი და მაგალითი გახდა სხვა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ავტორიტარული რეჟიმიდან გამოსვლა და განვითარება სურდათ, როგორც პროდასავლურ სახელმწიფოებს. ასეთი პოლიტიკური ნება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. დღეს კი რუსეთთან ჰიბრიდული ომი გვაქვს. საერთაშორისო პარტნიორებთან ყველანაირი ურთიერთობაა გაწყვეტილი, არადა, მხოლოდ მათ შეუძლიათ, შეაკავონ რუსეთის ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე. გვინდა თუ არა, რომ როგორც სახელმწიფო, გადავრჩეთ და შევინარჩუნოთ სახელმწიფოებრიობა? თუ გვინდა, ჩეჩნეთის სტილის სახელმწიფო გავხდეთ? - მიხეილ სააკშვილი გვპირდება, რომ საქართველო უნდა შედგეს, როგორც სახელმწიფო. აქ უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველო უნდა დაუბრუნდეს იმ ვექტორს, რასაც ჰქვია პროდასავლური გზა და ერთადერთი საშუალება დღევანდელ მდგომარეობის გარდატეხისთვის ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს აძლევს სტიმულს მოსახლეობას, რომ მოვიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა ოპოზიციას.

- იაგო ხვიჩიამ განაცხადა, დავენიძლავები ენმ-ს ნებისმიერ წევრს, რომ სააკაშვილი არ ჩამოვაო და რას იტყვით, დათანხმდებით ამ სანაძლეოს?

- იაგო ხვიჩია რას ეწევა, კაცმა არ იცის, ამიტომ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ძირითადად, საღი აზრი არასდროს ფიქსირდება მაგ ადამიანისგან.

- მაშინ, მე მიპასუხეთ, რატომ უნდა დავუჯეროთ სააკაშვილს?

- მან არაერთხელ დააანონსა ჩამოსვლა, მაგრამ პირობა ერთხელაც არ შეასრულა... - ახლა არის გადამწყვეტი მომენტი - ან ახლა, ან დადგება 1921 წელი, როცა საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და გახდა რუსეთის ნაწილი.

- სააკაშვილის საქართველოში ყოფნა რატომაა აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანებმა ენმ-ს დაუჯერონ? სხვა ლიდერები, მაგალითად, მელია ამისთვის საკმარისი არაა? სააკაშვილს ისეთი მასშტაბის მხარდაჭერა აქვს პარტიაში, როგორიც სხვას, არავის?

- მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის ფუძემდებელი და ის რეფორმატორი, რომელმაც საქართველოს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილია უკვე 9 წელია. მიუხედავად პიჯაკების უაზრო საქმისა და მორიგი „ტრიუკებისა“, ვერსად ვერაფერი დაუმტკიცეს, მოსყიდული სასამართლოს ფარგლებში.

- სხვათა შორის, სააკაშვილს ვალერი გელაშვილის საქმეზეც აქვს მისჯილი და ცოტა ხნის წინ, გელაშვილმა „ვერსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სააკაშვილს პირადად მე დავხვდები ტრაპზე, ხელბორკილებითო...

- სააკაშვილს არ აქვს პრობლემა, ჩამოვიდეს და რეალურ, არაპოლიტიზირებულ სასამართლოში დაჯდეს და გასცეს პასუხი კითხვებს, რაც მის მიმართ არსებობს. ამ ეტაპზე, რასაც გააკეთებს სასამართლო, ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯი და პოლიტიკური დევნის გაგრძელება, ამიტომ ამ სასამართლოსა და ხელისუფლებას ნდობა აქვს ნული! რაც უნდა ილაპარაკონ მიხეილ სააკაშვილზე, ეს არის ტყუილი, სანამ არ შედგება დამოუკიდებელი სასამართლო.

- თუ მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლისას დააკავებენ, საინტერესოა, მოვლენების როგორ განვითარებას პროგნოზირებს თქვენი პარტია?

- პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გვყავს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც აუცილებლად ჩაერთვებიან ყველაფერში და ანალოგიური სცენარი დადგება, როგორც ნიკა მელიას შემთხვევაში მოხდა.

- მაშინ პრემიერი გადადგა და როგორ ფიქრობთ, ახლაც იგივე მოხდება?

- ეს პრემიერი იქნება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი.

- ოპოზიციის პათოსის კვალობაზე, როგორ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ანიჭებთ ამ არჩევნებს, თქვენი აქტიურობა საკმარისად მაღალი არაა, რატომ?

- ერთი თვეა კიდევ არჩევნებამდე. 2 სექტემბრამდე დადგინდა სიების საკითხი და ახლა დაიწყება ძალიან აქტიური კამპანია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას და ვყვებით იმ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს.

- ხუთთვიანი უარის შემდეგ, მიშელის დოკუმენტზე თქვენმა პარტიამ ხელი მოაწერა, თუმცა მმართველი ძალა არ აპირებს, ამ შეთანხმებას მიუბრუნდეს და შესაბამისად, ძალაში აღარაა 43%-იანი ბარიერის საკითხიც. ამის გათვალისწინებით, რაზე დაყრდნობით იმედოვნებთ, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება?

- ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევთ, მიუხედავად იმ თამაშისა, რასაც ევროკავშირთან თამაშობენ. ძალიან კარგად იციან, რით შეიძლება დასრულდეს ასეთი თამაშები და ვნახეთ, რომ სანქციები წამოვიდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სანქციები მოსახლეობასაც შეეხო, მაგრამ სხვაგვარად დასავლეთმა ვერ გააგებინა, რომ რეალურად გატარდეს ის რეფორმები, რაზეც 8 წელია, საუბრობენ, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. ეს დოკუმენტი შექმნილია ევროკავშირის მედიაციით და შესაბამისად, მათ ხუშტურებზე არავინ ივლის, ამიტომ ეს შეთანხმება ცოცხალია. 43%-ის რომ ეშინოდათ, ზუსტად ამიტომ დაარღვიეს ეს შეთანხმება, მაგრამ ყველა იმ კვლევის გათვალისწინებით, რომლითაც ამის ნახევარსაც ვერ აიღებენ, მოუწევთ ვადამდელი არჩევების დანიშვნა. სხვა გამოსავალი დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს.