„მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დასაჯონ, ევროპაში შესვლა აეკრძალოთ ფალავანდიშვილს და ვასაძესაც..." - ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე "თბილისი პრაიდის" საწინააღდმეგო აქციაზე, 55 ადამიანი, მათ შორის 52 ჟურნალისტი დაშავდა. მოძალადეობრივი ჯგუფების საქციელის დასაგმობად გუშინ, 6 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "მდუმარე აქცია" იყო დაგეგმილი, თუმცა საბოლოოდ ადგილზე კვლავ ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია გაიმართა. პარლამენტის შენობის წინ „მდუმარე აქციას“ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მართავდნენ. ქაშვეთთან კი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი.  მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ქაშვეთის ეკლესიიდან პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს და ადგილზე აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც პოლიციამ ტერიტორიიდან ასამდე ადამიანი გაიყვანა და დააკავა. 

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალურ მდივანს, დიპლომატ მამუკა გამყრელიძეს ვესაუბრეთ.

_ბატონო მამუკა, რას ნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიმდინარე მოვლენები და რა რეაქციებს უნდა ველოდოთ მათგან?

_ალბათ, ძალიან მძაფრი და არასასიამოვნო რეაქცია მოყვება მიმდინარე მოვლენებს. რაც მოხდა, ევროპისთვის სრულიად მიუღებელია და მიმდინარე მოვლენები მათი ყურადღების ცენტრშია. უპირველეს ყოვლისა, საუბარია მედიისადმი თავდასხმაზე, ამჟამად უმცირესობების დაცვის საკითხი მეორე ხარისხოვანი გახდა. რეალურად, რეაქციული თავდასხმა მოხდა მედიაზე, რაც აბსოლუტურად შეუხებელია დასავლური მენტალიტეტისთვის. მედია არის თავისუფალი სიტყვის გამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, მასზე ასეთი ჯიქური და დაუნდბელი თავდასხმა დასავლეთისთვის სრულიად მიუღებელია.  დღეს პარლამენტის თავჯდომარე გამოვიდა და თავისი ხელით აღმართა ევროკავშირის დროშა, ამით საზოგადოებას აჩვენა, რომ პარლამენტის დამოკიდებულება ევროპული არჩევანის მიმართ არის ერთმნიშვნელოვანი და ისინი ამ არჩევანის ერთგულები არიან. თუმცა, ჩემში ეჭვს იწვევს მთავრობის პოლიტიკა, მან უკვე ორჯერ ვერ მოახერხა დროშის დაცვა. ევროპული არჩევანის სიმბოლოს დაწვა არის ნეგატიური სიმბოლური აქტი და მნიშვნელოვანი ნიშანი დასავლეთისთვის. ხელისუფლებას, როდესაც თავის დაცვა უნდა, ეს არ უჭირს, რადგან ამისთვის ჰყავს სპეციალური ჯგუფები. არ შეიძლებოდა იმის დაშვება, რომ ევროპის სიმბოლოსთვის ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინათ.

_თქვენი აზრით, ძალადობრივი ჯგუფები კონკრეტული პირების მიერ დაფინანსებული და მობილიზებულნი ხომ არ იყვნენ?

_რა თქმა უნდა, ადამიანები ასეთი გადარეულები მაშინ არიან, როდესაც მათ რაიმე გარანტია აქვთ და არ ეშინიათ, რომ დაისჯებიან. ისინი თავს ესხმოდნენ მედიას და არა ლგბტქ+ თემს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ შედარებით ბევრი პოლიციელი იყო მობილიზებული, მაინც ახერხებდნენ კორდონის გარღვევას. კარგია, რომ სისხლი არ დაიღვარა, რისი მცდელობაც აშკარად იყო.

_როგორ ფიქრობთ, რა არის შექმნილი ვითრებიდან გამოსავალი?

_მთავრობას შესწევს ძალა, მოახდინოს ამ ადამინების იდენტიფიკაცია. მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დასაჯონ, რადგან ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულში გადავიდა. აუცილებლად, შესაბამის ორგანოებს უნდა მიეწოდოს მათი სახელები და ევროპის ქვეყნებში შესვლა აეკრძალოთ. შეზღუდვები უნდა გავრცელდეს ორგანიზატორებისთვისაც, მათ შორის, იქნება ეს გურამ ფალავანდიშვილი თუ ლევან ვასაძე. უნდა იგრძნონ ეს დამოკიდებულება და სასჯელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს დაუსჯელობის სინდრომი აქვს, ის მრავალჯერ გაიმეორებს იგივეს. თუ ხელისუფლება ამ ღონისძიებებს არ განახორციელებს, ანალოგიურ საქციელს მივიღებთ მრავალგზის,  საბოლოოდ კი მივალთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც ჩვენ სახელმწიფოს დაანგრევს.

ავტორი - ია გრიგალაშვილი