როგორ აპირებს პედოფილიასთან ბრძოლას და რატომ არ დაუჭირა საარჩევნო ცვლილებებს მხარი - ინტერვიუ „ლელოს“ დეპუტატთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

სათქმელი არ მაქვს! მოქმედების დროა! ჩემი მანდატის ყველა შესაძლებლობას, ყველა ტრიბუნას, ყველა მიკროფონს, ყველა ბერკეტს გამოვიყენებ, რომ ამ ქვეყანაში ბავშვები იყვნენ დაცულ - წინ უზარმაზარი სამუშაოა! ვიცი, არ ვარ მარტო, - აცხადებს დეპუტატი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი სამეგრელოში მომხდარ პედოფილიის საზარელ ფაქტზე საუბრისას. ნაცვლიშვილის ეს განცხადება დამაიმედებელია, მით უმეტეს მაშინ, როცა მომხდარზე განცხადება პარლამენტის ბავშვთა უფლებების დაცვის საბჭოს ერთ წევრსაც არ გაუკეთებია. „ვერსია“ ანა ნაცვლიშვილს ესაუბრა:

 - სახელმწიფოს სჭირდება მკაფიო სამოქმედო გეგმა და ხედვა, თუ როგორ ებრძვის ბავშვთა მიმართ ძალადობას, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში და სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჟონავს ამის შესახებ. არსებობს კითხვა - მოიმატა ამ ტიპის დანაშაულმა თუ, უბრალოდ, გამომჟღავნდა? დარწმუნებული ვარ, რომ გამომჟღავნდა. ყოველთვის იყო ასეთი მძიმე დანაშაულები, მაგრამ ახლა იმიტომ, რომ ამაზე დაიწყეს მუშაობა სხვადასხვა ჯგუფმა, მსხვერპლები და საზოგადოება მიხვდა, რომ კი არ უნდა დავმალოთ, არამედ, ამას უნდა ვებრძოლოთ. სახელმწიფოს სჭირდება კონკრეტული ხედვა და ვცდილობ, ამ საკითხში ფუნდამენტურად გავერკვე. ჩემი მიზანია, დავინახო პრობლემის ანატომია, სახელმწიფოს სისტემა სადაც არაა მზად, რომ შეეჭიდოს ამ პრობლემას, სწორედ იმ საკითხზე დავიწყო მუშაობა სხვებთან ერთად. აუცილებელია, საზოგადოებრივი ჯგუფების, ექსპერტების, ფსიქოლოგების ინტერდისციპლინური ჩართვა. ჩემი მიზანია, ამ თემას, კარგი გაგებით, მივცეთ პოლიტიკური შინაარსი, რადგან ნინოწმინდის პანსიონის ამბავზეც მიჩნდება განცდა, რომ ხშირად პოლიტიკოსები სრულიად უსაგნო, უშინაარსო საკითხებზე კამათში კარგავენ დროს და სადღაც აქვე, ჩვენს გვერდით არის უზარმაზარი პრობლემები, რომელთა აქტუალიზებაც არ ხდება და პოლიტიკური სივრცე არის ყრუ, ბრმა და დახშული ამ ტიპის საკითხების მიმართ. ნინოწმინდის საქმესაც ასე ვუდგები, ვსწავლობ სისტემურად, სად არ იმუშავა სახელმწიფომ იმიტომ კი არა, რომ ვინმე ციხეში გავუშვათ, არამედ იმიტომ, რომ სხვა დროს ასეთი რამ აღარ დაგვემართოს. კანონში ისეთი ლაფსუსებია, რომ ოდესმე, ვინმეს ეს კანონი რომ გაეხსნა პოლიტიკურ სივრცეში, შეიძლება, ასეთ მძიმე სიტუაციამდე არ მოვსულიყავით. ასე რომ, ახლა უნდა დავსვათ სახელმწიფო სისტემის დიაგნოზი, მაგრამ პარალელურად, ვიმუშავოთ ამ თემის აქტუალიზებაზე, რომ ბავშვებსა და მშობლებამდე მივიტანოთ მესიჯი - დამალვა ყოველთვის ხელს აძლევს მოძალადეს და რაც შეიძლება, აქტიურად ვისაუბროთ ამ პრობლემაზე. არის რჩევები და ცოდნა, რომელიც მშობლებსაც გვჭირდება. ყოველთვის ვცდილობ, ჩემს შვილებს ამაზე ფაქიზად და ასაკის შესაბამისად ვესაუბრო, რადგან ძალიან მეშინია და მინდა, ისინი მომზადებულები იყვნენ. ცხადია, ვეცნობი ფსიქოლოგების რეკომენდაციებს, მაგრამ ყველა მშობელს არც ამდენი დრო აქვს და არც - წვდომა ინტერნეტზე. ამიტომ მათ დახმარება სჭირდებათ, მით უმეტეს, რეგიონებშია ამის საჭიროება. საქართველოში მშობლების უდიდესი ნაწილი დილიდან საღამომდე მუშაობს, რომ შვილი მშიერი არ მოუკვდეს და ამიტომ მშობლების მარტო დატოვება ამ პრობლემასთან არაა სამართლიანი. უნდა ვიცოდეთ ამ რთულ და მტკივნეულ თემაზე, მათი ასაკის შესაბამისად, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ არც ტრავმა მიიღონ, მაგრამ იყვნენ მომზადებულები ამ ვერაგი დანაშაულის, მინიმუმ, ამოსაცნობად, რომ დროულად მიხვდნენ და თქვან, შველა გვჭირდებაო.

- ქალბატონო ანა, ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად რამდენად ეფექტურია ბავშვთა კოდექსი, რომელიც პარლამენტმა მიიღო?

- კარგი კითხვაა... ბავშვთა კოდექსი, რომელიც მივიღეთ, მართლაც კარგია, თუმცა პარლამენტს აქვს ასეთი მოვალეობა - გააკონტროლოს, როგორ სრულდება პრაქტიკაში მის მიერ მიღებული კანონი. ჩემი ინფორმაციით, ეს კონტროლი ბავშვთა კოდექსზე არ ჩატარებულა. ჯერ ცოტა დროა გასული, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს. პარლამენტში, ასევე, არსებობს „ბავშვთა დაცვის უფლებათა საბჭო“, რომელიც ინსტიტუციონალური რგოლია. ნინოწმინდის საკითხსა და ამ ძალადობის ამბებზე, საჭოს მიერ გაკეთებული ერთი განცხადებაც არ გაგახსენდებათ. ეს ხომ არაა პარტიებს შორის დაპირისპირების თემა? დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ნორმალური ადამიანი წარმოუდგენლად მიიჩნევს ასეთ ძალადობას, მარამ არაფერს აკეთებს. აი, ესაა პრობლემა. უნდა დავინახოთ ის თემები, რომლებზეც დაგვიანება არ შეიძლება. ასე რომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბავშვების თემა გახდეს პოლიტიკური დღის წესრიგის საგანი, რადგან არ მჯერა, რომ სახელმწიფო იქნება სოცოცხლისუნარიანი და მომავალზე ორიენტირებული.

- რა ამის პასუხია და, 28 ივნისს, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რასაც „ლელომ“ მხარი არ დაუჭირა. რატომ?

- ამ საარჩევნო ცვლილებების მიღება განაპირობა 19 აპრილის შეთანხმებამ, სადაც ჩაიდო კონკრეტული მიმართულებები, რა მხრივაც უნდა შეცვლილიყო კოდექსი. მოქალაქეები და მთელი საპარლამენტო პოლიტიკური სპექტრი ჩართული ვიყავით სამუშაო ფორმატში. პირველი მოსმენის შემდეგ, მხარი დავუჭირეთ ამ ცვლილებებს იმ პირობით, რომ რამდენიმე პრობლემური საკითხი მეორე მოსმენამდე გამოსწორდებოდა, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ზოგადად, ვენეციის კომისიისის მიმართ უცნაური დამოკიდებულება გვაქვს, თვითონ მიმართავენ, დაგვეხმარეო და შემდეგ აღარ იზიარებენ რეკომენდაციებს. რადგან არ გაითვალისწინეს რეკომენდაციები და რამდენიმე მწვავე საკითხი დარჩა დღის წესრიგში, სამწუხაროდ, დაიჩრდილა ის მიღწეული პროგრესი ამ კოდექსში. ასე რომ, ვინაიდან ვაფასებთ იმ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რომელთა თანამონაწილენიც ვიყავით, წითელ ღილაკს არ დავაჭირეთ ხელი, მაგრამ რადგანაც ხელისუფლება დარჩა ხისტი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, გამოვიყენეთ თვშეკავების უფლებამოსილება და მხარი არ დავუჭირეთ ამ კოდექსს.

- რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც არ ეთანხმებით?

- მიშელის შეთანხმებაში იყო რამდენიმე პუნქტი, რომელიც თითქოს კანონში გადმოტანილია, მაგრამ ფორმალურადაა და რეალური ძალა ამ სიახლეებს არ აქვთ. მაგალითაც, ცესკო-ს წევრების შერჩევის წესის საკითხში, ბოლომდე არ იქნა აღმოფხვრილი შესაძლებლობა, რომ პროფესიული წევრების კვოტით გავიდნენ არა ნამდვილად პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეული ადამიანები, არამედ, პოლიტიკურად ლოალურები, რაც ამ რეფორმის არსს ეწინააღმდეგება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ცესკო როგორ დაკომპლექტდება იმიტომ, რომ ცესკო დააკომპლექტებს ოლქს, ოლქი კი - უბანს. ჩვენ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ატარებს არჩევნებს. ეს დარჩა პრობლემურ საკითხად, რადგან ბოლომდე არ ამოიქოლა ის მანიპულაციის სივრცე, რომელიც პოლიტიკურად ლოიალურ კადრებს დაარქმევს პროფესიულ წევრებს. ცხადია, პრაქტიკაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ასე არ მოხდეს, მაგრამ კანონმა ეს კარი ბოლომდე არ ჩაკეტა.

ასევე, პრობლემური საკითხი იყო ცესკო-ში წევრის წარდგენის უფლების მიბმა დაფინანსებაზე, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ვამბობდით, რომ დაფინანსებას თავი დავანებოთ და მივაბათ იმას, თუ ვინ რამდენი მანდატი მიიღო ანუ ხალხი ვისაც რამდენ ხმას აძლევს, ეს აისახება მანდატებში და არა დაფინანსებაში იმიტომ, რომ დაფინანსებაში სხვა ფორმულა მუშაობს. ესეც არ იქნა გათვალისწინებული. ამ საკითხსა და ცესკო-ს წევრების დანიშვნაზეც „ვენეციის კომისიაც“ ზუსტად იმავეს ამბობდა, რასაც „ლელო“.

რა თქმა უნდა, იყო პრობლემა კონკრეტული პოლიტიკური ძალის დასჯა იმისთვის, რომ დღემდე ბოიკოტის რეჟიმშია და მათ წევრი არ მიეცათ ცესკო-ში. ზოგადად, საკანონმდებლო უფლებამოსილების გამოყენება ვიღაცის დასასჯელად არის აბსოლუტურად შეუსაბამო სამართლებივ პრინციპთან. შემდეგ იყო 40%-იანი ბარიერისა და მეორე ტურის საკითხი. აქ უნდა დავაკონკრეტო, რომ სამწუხაროდ, გადაწყვეტილი სახით, ეს საკითხი მაგიდაზე ისეთ დროს დადეს, როცა მის ირგვლივ კონსენსუსის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. „ლელოს“ ძირითადი წუხილი ამ საკითხზე იყო ის, რომ ფართო ოპოზიციური მხარდაჭერა არ არსებობდა ამ საკითხის ირგვლივ. არადა, მთელი არსი არის ის, რომ საარჩევნო რეფორმამ მოიპოვოს ნდობა ფართო სპექტრში.

ასევე, ჩემთვის და ჩემი თანაპარტიელებისთვის პრობლემური იყო ქალთა კვოტირების თემა, რომელიც სრულიად მალულად „ჩაჩეხეს“. „ოცნებას“ მათემატიკამდე დაჰყავს ეს საკითხი და ითვლის, მაინც ამდენი ქალი იქნებოდაო, რაც არასწორია იმიტომ, რომ იცვლება სისტემა პროპორციულისკენ და ამის სიკეთეები ქალმა და კაცმა კანდიდატებმა თანაბრად უნდა მიიღონ. ამასთან, თვითონ პრინციპია მნიშვნელოვანი - რა გზავნილი აქვს სახელმწიფოს ქალთა კვოტირების შესახებ. თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ამ მოწვევის პარლამენტში, ქალი დეპუტატები, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ვაყენებთ იმ საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებს რეალურად აწუხებთ. ქალთა კვოტირების არსი ისაა, რომ პარტიებმა დაიწყონ მუშაობა ქალი კანდიდატების მოსაძებნად და რომ დაინახავენ, რთულია ქალების დათანხმება პოლიტიკაში წამოსვლაზე, აღმოაჩენენ იმ ბარიერებს, თუ რატომ არ მიდიან ქალები პოლიტიკაში. შემდეგ კი პარტიები ამ ბარიერებზე მუშაობას დაიწყებენ. თუ არ დააწვებათ მათ წნეხი, რომ ქალი კანდიდატები იპოვონ, არასდროს დაიწყებენ ამ საკითხზე მუშაობას. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იმისა, რატომაც ვერ წავა ქალი პოლიტიკაში, განსაკუთრებით რეგიონში, ისაა, რომ არ არის საკმარისი რაოდენობის საბავშვო ბაღები, არაა ინფრასტრუქტურა გამართული და გამოდის, რომ ქალმა ხუთმაგად უნდა იმუშაოს, რომელიც თან დედაა, თან გარემო ხელს არ უწყობს და თან პოლიტიკაში უნდა იყოს! სწორედ ეს ვუთხარი უმრავლესობას, როცა არ გიმუშავიათ ეს სამი წელი და მეუბნებით, რომ ვერ იპოვეთ ქალები, ეს არგუმენტი არ მიიღება!

ეს თემები რომ დაგროვდა, სამწუხაროდ, დაჩრდილა ის პროგრესი, რომელსაც ერთად ვაშენებდით, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა ამ კანონპროექტმა ვერ მიიღო. ეს კანონი უკვე ძალაში შედის და იწყება მეორე მნიშვნელოვანი ფაზა, სადაც ოპოზიციასაც და მედიასაც გვმართებს ძალიან აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ პოზიტიური ცვლილებები სწორად დაინერგოს და პრობლემები, რომლებიც დარჩა, რაც შეიძლება, ნაკლებად პრობლემური აღმოჩნდეს პრაქტიკაში, რადგან არჩევნების არის პრაქტიკა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ჩაივლის საარჩევნო კამპანია, რამდენად დაექვემდებარებიან პარტიები კანონს, რომ მოსყიდვა, ძალადობა და ზეწოლა არ მოხდეს.