„ვწუხვარ, რომ გიგა ამ დონეზე დაეცა და ტყუილებს კადრულობს“ - გიორგი ვაშაძის პირველი კომენტარი ბოკერიას ბრალდებებზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ბრიუსელში პარტიის ვიზიტით იმყოფება და აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პარტნიორებთან შეხვედრა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება. ბოკერიას თქმით, მთავრობის პროპაგანდის პარალელურად არსებობს ოპოზიციის ნაწილის პროპაგანდაც, რომ საქართველოში კრიზისი დასრულდა.

"სამწუხაროდ, მთავრობის პროპაგანდა ხომ არსებობს და არსებობს ოპოზიციის ნაწილის პროპაგანდაც, რომ რაღაც ისტორიული გარღვევა მოხდა საქართველოში, რომ კრიზისი გადალახულია. მაგალითად, ვციტირებ გიორგი ვაშაძეს, რომელიც ოპოზიციაშია და ამის გამო მისი ეს ნათქვამი დამაჯერებლად გამოიყურება...

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამ კონტექსტის კარგად ახსნა [პარტნიორებისთვის] და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მოკავშირეებმა კარგად გაიგეს".

გიორგი ვაშაძე გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერშიც მწვავედ გააკრიტიკა:

„ „ოცნებამ“ ჩათვალა, რომ თავისი გაიტანა და ეს არის სახიფათო ჩვენი დემოკრატიისთვის, სადაც წარმატებას ადგილი არ აქვს, იქ იმის თქმა, რომ ისტორიული ფაქტი და გარღვევა მოხდა, რასაც ბატონი ვაშაძე, ელისაშვილი და სხვები ამბობენ, რომ კრიზისი განხმუტულია, როცა ეს ასე არ არის, იწვევს უნდობლობას, იმედგაცრუებას მოქალაქეებში, ყურადღებას აკლებს ჩვენს ქვეყანას გარეთ და საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას ურტყამს. ავტორიტარული რეჟიმები ყვავის ასეთ ვითარებაში, სადაც საერთაშორისო ყურადღება ნაკლებია, ჩათვლილია, რომ იქ კრიზისი აღარ არის. ერთი შეხვედრა მქონდა ძალიან კარგ ევროპელ ადამიანთან, რომლის გვარს არ დავასახელებ, მან საჯაროდ თქვა ცოტა ხნის წინ, კარგია, რომ კრიზისი  განიმუხტა საქართველოშიო. რომ ვკითხეთ, რას ეყრდნობა, როცა სასამართლოზე ის მინიმალისტურიც კი „ფეხებზე დაიკიდეს“, რაც შეთანხმებაში ეწერა; როცა პოლიტიკურ საქმეებს აგრძელებენ; როცა საარჩევნო კოდექსში ისეთი რაღაცები მიიღეს, რაც არ იყო შეთანხმებაში, გვიპასუხა - ამას მთავრობაც გვეუბნება და ოპოზიციაცო. რომ ვიკითხეთ, ვისი ციტატა იყო - ბატონი ვაშაძის, რომელმაც თქვა, რომ კრიზისი განმუხტულია და ყველაფერი, საერთო ჯამში, არის უკეთ. მე ასე არ მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილსაც ასე არ ჰგონია და ჩვენმა მეგობრებმა ეს უნდა იცოდნენ. რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევა გვაქვს, უამრავი რამ ხდება მსოფლიოში და ამ ნიაღვარში ყურადღების მიპყრობა არის სერიოზული, მითუმეტეს, როცა მთავრობა არ გყავს ისეთი, რომელიც მუშაობს შენი ქვეყნის მიმართ ყურადღებაზე. ამ რთულ ვითარებაში ხელი კი არ უნდა შევუწყოთ იმას, რომ ჩათვალონ, საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველაფერი კარგად მიდის, არც გვაწუხებენ ინტეგრაციის მოთხოვნით ნატო-ში, ევროკავშირშიო...

ჩვენ შეხვდით ყველა საკვანძო წარმომადგენელს ევროპის სახალხო პარტიისა, ვინც ჩვენს რეგიონს უყურებს. ჩვენი ამოცანაა არა იმის თქმა, რომ ვაიმე, რა ცუდად მოიქცა ვაშაძე და ელისაშვილი, ეს ვის რაში აინტერესებს?!  ჩვენი ამოცანაა, რომ საკუთარი თავის მოტყუებით არ მოვადუნოთ ყურადღება იმაზე, რაც რეალური პრობლემაა“.

ჟურნალისტის კითხვაზე - იმაში, რომ ყურადღება იყოს მოდუნებული, ვაშაძემ თავის როლი შეიტანა იმის მტკიცებით, რომ კრიზისი მოგვარებულია? - გიგა ბოკერია ასე პასუხობს:

„ყველამ, ვინც ეს ტყუილი უთხრა ჩვენს მოქალაქეებს და პარტნიორებს, რომ გარღვევა მოხდა. ვნახე მისი არაერთი ციტატა და საერთოდ, ნატო-ს წევრი ვხდებით, თითქოს, ხვალ და ვიღაც ამის წინააღმდეგია. მესმის, რომ პოლიტიკოსები ხშირად განსჯიან თავის კონკურენტებს და სხვა პოლიტიკოსებს თავისი სტანდარტით, მაგრამ მოდი, შევხედოთ ვითარებას - დღევანდელი „ოცნება“ სხვანაირად ექცევა ჩვენს მოქალაქეებს, და პარტიებს?!...“

ამ საკითხზე „ვერსია“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძე ესაუბრა:

_ ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონეზე დაეცა გიგა, ამ დონის ტყუილებს კადრულობს. თუ ვინმე იბრძვის იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი აღსრულდეს, ვართ ჩვენ - „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ყველა ჩემს კონტაქტს ვიყენებ ისევე, როგორც ვაიძულეთ „ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, საარჩევნო რეფორმის გატარებაზე, თამარ ჟვანიას გადადგომაზე, ასევე ვაიძულოთ მართლმსაჯულების რეფორმის გატარებაც და კლანი დავამთავროთ ამ ქვეყანაში! ვაიძულოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რეფერენდუმში დამარცხების შემდეგ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც.

_ ბატონო გიორგი, ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლება არ მოქმედებს მიშელის დოკუმენტის ადეკვატურად და არ შეიძლება, ყველაფერი ეს მიღწევად ჩაითვალოს...

_ ძალიან ვწუხვარ, რომ გიგა აღმოჩნდა არასწორ მხარეს. ეს თვითონაც იცის, მისმა თანაპარტიელებმაც, ჩვენმა მოქალაქეებმაც და დასავლეთმაც ძალიან კარგად იციან. ფაქტობრივად, მოიჭრა გზა კონტაქტის იმ დიდ რესურსზე, რაც ჰქონდა დასავლეთთან და როგორც ჩანს, ნერვიულობს ამასთან დაკავშირებით.

_ როცა ამბობთ, რომ ბოკერია არასწორ მხარეს აღმოჩნდა, რას გულისხმობთ? მას რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ასეთი განცხადების გაკეთების დროს თუნდაც თქვენთან მიმართებაში?

_ არ ვიცი. ყველა ადამიანი უშვებს პოლიტიკაში შეცდომებს, ზოგი - დიდ შეცდომებს. ეს დიდი შეცდომა მოუვიდა მას და მის თანაგუნდელებს, ჩემი აზრით.