ლევან ვასაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება?

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლევან ვასაძემ ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა და ცოტა ხანში პარტიის პრეზენტაციასაც გამართავს. კულუარებში დიდი მითქმა-მოთქმაა ვასაძესთან გარკვეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალების გაერთიანებასთან დაკავშირებით და თუ ვინ აპირებს პოლიტიკაში ახლადშემოსულ "რაინდთან" გაერთიანებას, ამას ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ. ამჯერად, "ვერსია" დაინტერესდა, რა შანსი ექნება ლევან ვასაძეს, თუ ის თბილისის მერობისთვის იბრძოლებს? - ამ კითხვით პოლიტიკურ ექსპერტს, ვახტანგ ძაბირაძეს მივმართეთ:

"ვასაძის პოლიტიკური აქტივობა მოულოდნელი არ ყოფილა. რაც შეეხება მის მერობის კანდიდატობას, ალბათ, იბრძოლებს ამისთვის, მაგრამ არ მგონია, მნიშვნელოვანი შანსი ჰქონდეს. გააჩნია, კონკურენტად ვინ ეყოლება, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთესი ვარიანტი, მაქსიმუმი მისთვის მესამე ადგილია. მისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება ეს, მეორე ტურშიც ვერ მოვიაზრებ მას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მისი კონკურენტი კანდიდატები."

კითხვაზე - გაიზრდება თუ არა ვასაძის შანსი იმ შემთხვევაში, თუ მის გარშემო ე.წ. კონსერვატიული ძალები გაერთიანდება? - ძაბირაძე გვპასუხობს, რომ არც ამ შემთხვევაში ექნება ვასაძეს მნიშვნელოვანი წარმატება:

"თუ ქართული მარში და ამ კატეგორიის ძალები იგულისხმება კონსერვატიულ ფრთაში, ისინი 1%-იან ბარიერსაც ვერ გადაცდნენ საპარლამენტო არჩევნებში. არც თბილისის მერობის არჩევნებში ჰქონდათ წარმატება. ეს ძალა გაცილებით ხმაურიანია, ვიდრე მხარდაჭერილი. ასე რომ, არ მიმაჩნია, კონსერვატიულს დამატებული პრორუსული ძალებით... ისე, თვითონ კი ამტკიცებს, რომ პრორუსი არაა, მაგრამ აქაც უნდა ჩამოვყალიბდეთ, რას ნიშნავს ეს. თუ მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგია აუცილებელი და გადამწყვეტი იმისთვის, რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ და ა.შ. აბა, სხვა პრორუსულობა საქართველოში კიდევ რა უნდა იყოს?... მოკლედ, ლევან ვასაძის მაქსიმუმი თბილისის მერობის არჩევნებში მესამე ადგილი იქნება."