„არა უშავს, მივიღებთ ამნისტიას, გამოვა მელია და შემოვა ნაცმოძრაობა პარლამენტში, აბა, სად წავა?!“ - ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„ოპოზიციამ ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები არ უნდა ჩატეხოს“  

27 აპრილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები, შეთანხმების თანახმად, პარლამენტში მივლენ, დეპუტატის რეგისტრაციას გაივლიან, რის შემდეგაც პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი რურუას შეიწყალებს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრირებენ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ნიკა მელიას გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს, თუმცა საგულისხმოა, რომ ამ შეთანხმებას ანუ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ხელს არ აწერენ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ისინი აკრიტიკებენ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც დასავლეთის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესს წერტილი დაუსვა და დოკუმენტს ხელი მოაწერა. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძეა, რომელიც „ვერსიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციამ ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები არ უნდა ჩატეხოს და კრიტიკა ლანძღვაში არავის უნდა აერიოს...

 

- ბატონო გიორგი, რას გულისხმობს ამნისტიის შესახებ დოკუმენტი და ელოდებით თუ არა, რომ ნიკა მელია გათავისუფლდება ანუ ხელისუფლება შეასრულებს საკუთარ პირობას?

- ვფიქრობ, განსაკუთრებით თალაკვაძის გადადგომის შემდეგ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ დამარცხებულად იგრძნო თავი ამ შეთანხმების გაფორმებისას, ალბათ, ყველამ უნდა დავუსვათ კითხვა იმ ორ პარტიას - ნაციონალური მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს - რატომ არ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს?

- ისე, ლეიბორისტულმა პარტიამაც არ მოაწერა ხელი...

- ეს პარტია ხომ გაეთიშა თავიდანვე ამ მოლაპარაკებებს... ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ოპოზიციის მხრიდან, 14 მომლაპარაკებლიდან ორმა არ მოაწერა ხელი და 12-მა მოაწერა. მერე გამოდის ის ორი და რაღაც ტყუილებს ჰყვება... ჰოდა, 12-ს უნდა დავუჯეროთ, თუ ორს? ხომ არის ამაში სხვაობა? მით უმეტეს, ხელმომწერებშია პარლამენტის ორი ყოფილი თავმჯდომარე, ბიზნესის მფლობელი, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები, სამართლის სპეციალისტები და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება შეთანხმებას, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ შეთანხმების რეალიზება „ქართული ოცნების“ პირობებში მარტივი იქნება, ძალიან ცდება და მე პირადად, ეს ილუზია არ მაქვს. მოლოდინი მაქვს, რომ ყველა კანონსა და მუხლზე ბრძოლა მოგვიწევს, მაგრამ მთავარი, რაც მოვიპოვეთ, არის სრული მხარდაჭერა დასავლეთისგან. თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება, რამე გადააკეთოს ისე, როგორც უნდა, ჩვენ გვექნება სრული მხარდაჭერა დასავლეთისგან. დღეს, ოპოზიციას დასავლეთის სრული მხარდაჭერა აქვს, განსაკუთრებით ჩვენ, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს. გარანტი იმისა, რომ ამ შეთანხმების რეალიზება მოხდება, არიან დასავლელი პარტნიორები. მით უმეტეს, რომ ამ დოკუმენტზე უკვე ევროპარლამენტი, ევროკავშირი ამბობს, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება, შეიძლება, ამ დოკუმენტზე იყოს დამოკიდებული, ხოლო ამერიკული მხარე აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ამ დოკუმენტის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ ეს არის ზემნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელზეც უნდა ვიბრძოლოთ...

27 აპრილს, მივდივარ პარლამენტში სხვა კოლეგებთან ერთად იმიტომ, რომ ჩვენი რეგისტრაციის შემდეგ (ასე ვართ შეთანხმებული ყველა საკითხზე), პრეზიდენტი ამბობს, მყისიერად იქნება შეწყალებული გიორგი რურუა ანუ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება ქვეყანაში და პარალელურად, იმავე დღესვე დარეგისტრირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი. ხვალ იქნება თუ ზეგ, სიმართლე გითხრათ, ერთ დღეს მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ურთულესი კანონია, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. გუშინ გვქონდა პირველი სამუშაო შეხვედრა, ბევრი დეტალია და ორივე მხარემ ვთქვით, რომ ეს საკითხები უნდა გავიაროთ. მთავარი, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ კონვენციურ დანაშაულზე არ გავრცელდება ამნისტიის კანონი.

- რას გულისხმობთ?

- ვინც თვალი დასთხარა ხალხს, ან ვინც თვალის დათხრის დავალება გასცა, ორივე ეს ქმედება არის კონვენციით დაცული დანაშაული და ამაზე სარჩელი აქვს გაგზავნილი სტრასბურგში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. შესაბამისად, გუშინ რომ არ ყოფილიყო ინტერპრეტაციები, შიდა კანონმდებლობა რომ არ მოსულიყო წინააღმდეგობაში, ევროპასთან ნაკისრ ჩვენს ვალდებულებებთან, შევთანხმდით, რომ ამ კანონში პირდაპირ ჩაიწერება - იმ დანაშაულებზე, რომლებსაც ითვალისწინებენ საერთაშორისო კონვენციები, რისი მონაწილეცაა საქართველო, ვერ გავრცელდება ეს ამნისტიის აქტი. მარტივად რომ  ვთქვათ, ჯალათებზე ამნისტიის აქტი ვერ გავრცელდება. ვფიქრობ, ამით პასუხი გავეცით იმ სპეკულაციებს, რაც იყო ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით.

- ისე, თავად ნიკა მელია არ ეთანხმება ამნისტიის საკითხს. ნაციონალური მოძრაობა კი არც ამნისტიის კანონპროექტზე გეთანხმებათ და არც დოკუმენტზე ხელისმოწერის გადაწყვეტილებაზე...

- ნაციონალური მოძრაობა თავის თავსაც აღარ ეთანხმება უკვე (იცინის).

- საინტერესოა, როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ ენმ-მ ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს და თქვენც გაკრიტიკებთ ამის გამო?

- შეცდომით. პირდაპირ გეტყვით, რომ ნაციონალურ მოძრაობაში, სამწუხაროდ, ადგილზე არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი, რომელიც ამ დოკუმენტს დაინახავდა დიდ ჭრილში. ნიკა მელია ციხეშია და ერთადერთი სალომე სამადაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც არ შეეშინდა, ხმამაღლა ეთქვა, რასაც სინამდვილეში, უმრავლესობა ფიქრობს. ეს დასაფასებელია და ხედავთ ევროპარლამენტარების რეაქციას სამადაშვილთან მიმართებაში...

- თუმცა, მან მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა საკუთარი გუნდის წევრებისგან...

- კი, მაგრამ ეს ხომ ორ-სამდღიანი ემოციაა, როგორც მე შემომივარდნენ...

- დიახ, თქვენც მწვავედ გაკრიტიკებდნენ!

- დიახ, მაგრამ გადაიარა ამ ტალღამ. ემოციურ ფონზე, დაძაბულობა მოიხსნა და დაიწყეს რეალურად გააზრება, თუ რა კარგი დოკუმენტია... უფრო სწორად, მაქსიმალურად კარგი დოკუმენტია. სხვათა შორის, მიშა სააკაშვილი აღმოჩნდა ერთადერთი პოლიტიკოსი ნაცმოძრაობაში, რომელმაც ერთ ღამეში გაიაზრა და მეორე დღეს, აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება გააკეთა.

- დიახ, მან მოუწოდა საკუთარ გუნდს, ხელი მოეწერათ დოკუმენტზე... ბატონო გიორგი, 15 მაისის აქციას შეუერთდებით?

- სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო გადართული ვარ ამნისტიის კანონზე, რათა სტარტი მივცეთ, რადგან უამრავი კანონია - კონსტიტუციაში, ორგანულ კანონში ცვლილებები და ძალიან ბევრი დოკუმენტია შესაქმნელი... დავსხდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას 15 მაისთან დაკავშირებით. სხვადასხვა პოზიცია რომ გვაქვს, არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია უნდა გაიხლიჩოს. სწორედ ამისკენ მოვუწოდებდი იმ ორ, დოკუმენტისგან გამიჯნულ პარტიას, რომ ნუ დაიწყებთ თავდასხმებს-მეთქი. კრიტიკა შეიძლება იყოს, მაგრამ ლანძღვა არ არის სწორი. ერთმანეთთან არ უნდა ჩავტეხოთ მისასვლელი ხიდები, რადგან ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გასაშვებია ხელისუფლებიდან და ხომ ვიცით, რომ დაგვჭირდება თანამშრომლობა ამ კუთხით? ცალ-ცალკე პარტიებმა თუ ერთმანეთი დავხოცეთ, ივანიშვილის საქმეს გავაკეთებთ... თითქოს, დალაგდა მათი გზავნილები და ემოციიდან რაციონალიზმისკენ გადავიდნენ.

რაც შეეხება ნიკა მელიას, რომელიც უარს ამბობს ამნისტიაზე, არ შეიძლება, მას მორალური პასუხისმგებლობა დავაკისროთ ამნისტიასთან დაკავშირებით. ეს პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, რომლებიც ამაზე შევთანხმდით, რადგან ვიცით, რომ მელია პოლიტიკური პატიმარია და ის უნდა გავათავისუფლოთ. შესაბამისად, ამ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკურს, ასევე მორალურს, ვიღებთ ჩვენ. არ შეიძლება, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ ადამიანს გადააკისრო მორალური პასუხისმგებლობა.

- ოპოზიციის ნაწილი, რომელიც გაკრიტიკებთ, ამბობს, ცოტაც რომ გაგეძლოთ, მმართველ ძალასთან უფრო მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწევდით. მოლაპარაკების ყველა დეტალი იცით და რას იტყვით, ეს დოკუმენტი იყო მაქსიმუმი, რასაც ხელისუფლებას დაათმობინებდით, თუ მართლაც, ცდუნებას ვერ გაუძელით და იჩქარეთ?

- უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ რომ მოვაწერეთ ხელი, ამის შემდეგ, 24-საათიანი საშინელი წნეხი იყო „ქართულ ოცნებაზე“, რომ ხელი მოეწერა. ისევ ციფრებს დავუბრუნდები, 14 მომლაპარაკებლიდან 12 რომ ამბობს, ეს მაქსიმუმზე მაქსიმუმი იყო და ორს, უბრალოდ, სხვა ინტერესი აქვს... ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური კრახი მოუვიდა, ევროპულ საქართველოს კი სხვა ინტერესი აქვს... კაკო ბობოხიძე გამოვიდა და იტყუება ჩემს ნათქვამთან დაკავშირებით. მივწერე კიდეც, რატომ იტყუები-მეთქი?.. რა ხდება, ნახეთ, დამოუკიდებლობის 30 წლის ისტორიის მანძილზე, კაკო ბობოხიძე სულ იჯდა პარლამენტში. პირველად მოხდა, რომ არ ზის პარლამენტში და ამ დოკუმენტში ხომ არ ჩავაწერინებდით, კაკო ბობოხიძეს დეპუტატობა ეკუთვნის-თქო?! ხომ ვერ შევიყვანდით პარლამენტში და რანაირად უნდა მოვაწონო კაკო ბობოხიძეს ეს დოკუმენტი? - მითხარით, რა!

- ფიქრობთ, პარლამენტში შესვლის პრობლემა ჰქონდა გიგა ბოკერიასაც, არა?

- რა თქმა უნდა. მეტს გეტყვით, 2016 წელს არ გაყალბდა არჩევნები? ეს ხალხი ხომ შევიდა პარლამენტში? მაშინ რომ ბოიკოტი გამოეცხადებინათ და ამის ნახევარისთვის მიეღწიათ, დღეს ხელისუფლება შეცვლილი იქნებოდა.

- ევროპული საქართველოსგან განსხვავებით, ეს პრობლემა არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერს.

- მართლა გეუბნებით, ნაციონალურ მოძრაობაში, ადგილზე არ აღმოჩნდა პოლიტიკური ალღოს მქონე ადამიანი, თორემ მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა თავის პარტიას, ხელი მოეწერათ. ნიკა მელიას უკან ამოფარება არასწორია იმიტომ, რომ კაცი ციხეშია და მორალური პასუხისმგებლობა რანაირად შეიძლება, საპატიმროში მყოფ ადამიანზე იყოს? ვიღაცები მეუბნებიან, რატომ არ შეხვდი ნიკა მელიასო? ძალიან კარგად ვიცი მისი პოზიცია, მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მისი თანაგუნდელების და არა მარტო მათი მეშვეობით, მაგრამ ჩემი იქ მისვლა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს, რომ მას ვაკისრებ პასუხისმგებლობას. არადა, ჩემი პასუხისმგებლობაა, თავისუფლებაზე მყოფი ადამიანის, რომ პოლიტპატიმარი გარეთ გამოვიყვანო, ამას ცალსახად ვაცხადებ. მოკლედ, მათ შეცდომა მოუვიდათ და ახლა ამ დიდი პოლიტიკური შეცდომის „გაპრავება“-გამართლების პროცესში არიან. არა უშავს, მივიღებთ ამნისტიას, გამოვა მელია და შემოვა ნაცმოძრაობა პარლამენტში, აბა, სად წავა?!

- ესე იგი, ელოდებით, რომ ენმ შემოვა პარლამენტში?

- აბა, რას იზამენ? სწორია, რომ უნდა შევიდნენ. ნიშნის მოგებით კი არ ვეუბნები, უბრალოდ, ვამბობ, რომ შევლენ და უნდა შევიდნენ, რადგან ესაა სწორი.