გაუგორა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა კოჭი სალომე ზურაბიშვილს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

30 წელზე მეტია, მთელი თუ არა, ნახევარი საქართველო იმაზე წუწუნებს, რომ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს. სხვადასხვა დროს, ფრაგმენტულად, ოპოზიციას საკუთარი მისია შეუსრულებია, მაგრამ ამ „მისიის შესრულებას“ ხატოვნად, შესაძლოა, „გაზაფხულის მეჩვიდმეტე გაელვება“ ვუწოდოთ. ახლაც ჩვენი ოპოზიცია ამ პოზაშია და თავად ხელისუფლების მოწინააღმდეგებიც კი ხვდებიან, რომ კრიტიკული დღეები აქვთ. ზოგი იტყვის, რა კრიტიკული დღეები, ოპოზიცია გაერთიანებისთვის ემზადებაო, მაგრამ თქვენი გულისა, რომელ გაერთიანებაზეა ლაპარაკი, აი, ლელო და ე.წ. გახარიები ვენებს რომ იხსნიან, იქ, სადაც „ნაცები იქნებიან, ჩვენი ფეხი არ იქნებაო?

 

ახლა, სამართლიანობა მოითხოვს, ისიც ვთქვათ, რომ მთლად „მზიანი დღეები“ არც ყოფილ მმართველ პარტიას უდგას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამას წინათ, სატელევიზიო გამოსვლისას, ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ისეთები ილაპარაკა, ყურო, ნუ გაიგონებ ანუ ნიკანორ მელიამ დავით კეზერაშვილი ენმ-ს ოლიგარქად გამოაცხადა, თან კიდევ ერთხელ მიანიშნა „კეზერას“ კვალზე ე.წ. ქოლცენტრების საქმეში და თქვა, მოქმედ ხელისუფლებასა და „კეზერას“ შორის, ჩემთვის ტოლობის ნიშანი არსებობსო.

ამას გარდა, მელიამ ისიც განაცხადა, მე და მიხეილ სააკაშვილი ერთ პარტიაში აღარასოდეს ვიქნებითო. არადა, იყო დრო, როცა მელია მიშას ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

ჰო, მელიამ ისიც მიანიშნა, ყველას ველაპარაკები, მაგრამ გაერთიანებას ჯერ არც ნიკა გვარამიას ჯერარშექმნილ პარტიასთან ვგეგმავო. ესე იგი, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მელია არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა, თან სხვათა შორის, ისიც თქვა, ათეულობითა და ასეულობით კი არა, ათასეულობით ადამიანი ჩემს დროს მივიდა ენმ-ში და მე ბრძოლას ამ ხალხთან ერთად ვაგრძელებო.

ერთი სიტყვით, თუ მელია არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა, ელექტორატს, ცხადია, ენმ-ს წართმევს - აბა, ხმას შალვა ნათელაშვილის მიმდევრები რომ არ მისცემენ, ეს პოლარული ღამესავით ნათელია.

სხვათა შორის, იაგო ხვიჩია კარგა ხანია, ავითარებს აზრს, რომ იგივე ნიკა გვარამიამ და ზურა ჯაფარიძემ, უპრიანი იქება, საარჩევნოდ ენმ-ს ქოლგას შეაფარონ თავი. ხვიჩიას ლოგიკაც ის არის, რომ ამ სამივე სუბიექტს ერთი ყაიდის ამომრჩევლი ჰყავს. შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ ხვიჩიას ავიწყდება, რომ მისი და ჯაფარიძის ამომრჩეველიც ზუსტად ერთია ანუ ის ხალხი, რომლებსაც ორივე გირჩის იდეები და პოლიტიკა მოსწონთ. ამდენად, ვერც ხვიჩია დაიტრაბახებს, რომ დამოუკიდებლად 5%-იან ბარიერს გადალახავს.

ამასობაში, საფრთხე, როგორც ჩანს, ყოფილმა პრეზიდენტმაც იგრძნო. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას, ბევრ რამესთან ერთად, ისიც თქვა, არჩევნების შედეგების დაცვის სკოლას ვქმნიო.

„ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს. ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, ასევე, საზოგადო მოღვაწეები. მზად ვარ, ამ არჩევნებში ვიყო ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე. აქ წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი, აქ წყდება საკითხი, საერთოდ გვექნება მომავალი, თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა...

მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია, ძალიან ბევრი ხალხი მოემზადოს არჩევნებზე მისასვლელად. ამათ უნდათ დაბალი გამოცხადება, რათა შეძლონ ბევრის ჩაყრა. როდესაც მთელი ტალღა, ცუნამი მოვა, ვერაფერს შეძლებენ.

ამათ ახლა უნდათ, ვითომ სიტუაციის ჩაცხრობა. ესენი რობოტებივით არიან, საჭიროა რუსეთთან დაწოლა, დაუწვებიან რუსეთს, საჭიროა ევროპის ლანძღვა, გალანძღავენ. რაც მთავარია, მათ არ უყვართ ქართველი ხალხი. არასტაბილურობას უნდა მოვუღოთ ბოლო. საქართველო უნდა იყოს თავისუფალი. თავისუფლება ყველაფერს დაალაგებს. საქართველო უნდა იყოს ოლიგარქის გავლენის გარეშე, მაშინ ყველაფერი დალაგდება. საქართველო უნდა იყოს ევროპაში და ჩვენ ყველანი მოვნახავთ საერთო ენას. წინ გვაქვს დიდი ბრძოლა. ძალიან განწყობილი ვარ ამ ბრძოლისთვის, როგორი ფიზიკური პრობლემებიც არ უნდა მქონდეს“, - განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა.

უფრო ადრე კი სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციას პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი ჰყავდეს და ამ მხრივ, მინიშნება სალომე ზურაბიშვილზე გააკეთა.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.

როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის გაგება მაინტერესებს.

ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის, რასაც მე სულ ვამბობ: ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა და სამიზნე გაასწორონ ოლიგარქზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხაზგასმით უარს ამბობს სხვა ოპოზიციური ჯგუფების კრიტიკაზე და, პრაქტიკულად, ყოველთვის უპასუხოდ ტოვებს მათ თავდასხმებს.

პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამაც და საერთოდ იმ პოლიტიკურმა ატმოსფერომ, რომელიც შექმნილია, ნათლად დაადასტურა, რომ ოლიგარქის მმართველობას წყალი აქვს შეყენებული და ამ ისტორიულ არჩევნებზე, ჩვენ მას მიტაცებული საქართველო კლანჭებიდან აუცილებლად უნდა გავაგდებინოთ და ქართველი ხალხი სიღატაკისგან, უპერსპექტივობისგან და საბოლოო განადგურებისგან დავიხსნათ“, - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში, 6 თებერვალს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, პარლამენტში წლიური ანგარიშისას, პრეზიდენტმა განაცხადა:

„გაფრთხილებთ ყველას, დაინახეთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრესად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთი მეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს, რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას...

ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი. ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს, იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება. მიზანი გაგვაჩნია - ევროპული მომავალი, ამისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. მე მზად ვარ, ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით, ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.

ამ მიზნით, მომავალ დღეებში ვაპირებ, მოვიწვიო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. ეს მიდგომა ინკლუზიური უნდა იყოს და მზად ვარ, შევხვდე და მოვუსმინო ყველას. სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს, რამეთუ წარსულიდან წამოსული დაქსაქსულობა და დაპირისპირება მხოლოდ სკეპტიციზმსა და უიმედობას გააღვივებს, რაც, პირველ რიგში, ქვეყანას ასუსტებს. გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე მხარის თუ პარტიის გამარჯვება, არამედ, ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება. ისე, როგორც 15 დეკემბერს გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ, ასევე ახლაც, საქართველო უნდა გამოვიდეს გამარჯვებული, რეფორმების გატარებითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და წინსვლის ერთადერთი გარანტიაა“.

პრეზიდენტმა ცალკეულ ოპოზიციონერებთან შეხვედრა უკვე გამართა, თუმცა ზოგი, მაგალითად, ალეკო ელისაშვილი ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს.

ასე და ამგვარად, არჩევნები ახლოვდება, ოპოზიცია კი, მინიმუმ, საარჩევნო სტრატეგიაზეც კი არ არის ჩამოყალიბებული.

 ავტორი-ნინო დოლიძე