„სააკაშვილი მელიაზე ეჭვიანობს“ - ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატებს შანსი მეტი აქვთ!“

თათია გოჩაძე

 2 ოქტომბრის არჩევნები დასრულდა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ძნელად პროგნოზირებადია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოშია, თუმცა საპყრობილეში და ბევრი ვარაუდობს, რომ მისი ჩამოსვლა ქვეყანაში ბევრ რამეს შეცვლის. პოლიტიკურ ცვლილებად შესაძლოა, ისიც ჩაითვალოს, რომ დიდ ქალაქებში მმართველმა ძალამ პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო და მეორე ტური ჩაინიშნა, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა... 2 ოქტომბრის არჩევნებისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება „ვერსიამ“ ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას სთხოვა:

 - ამ არჩევნების შედეგი პროგნოზირებადი იყო. საერთაშორისო ორიენტირიც  იმისკენაა, რომ სტაბილური სისტემები არსებობდეს და ნებისმიერი ცვლილება ინსტიტუციური იყოს. ჩანს, რომ ყველაფერი პოლიტიკური ელიტების დონეზე წყდება, არჩევნების ეს შედეგიც ამ ფარგლებში დარჩა და გამოდის, რომ სახალხო პოზიციები კი არაა წარმოდგენილი, არამედ, რომელი უფრო დამაჯარებელად ახერხებს პროცესების მართვას ელიტების ურთიერთობაში. იქნება თუ არა ყველაფერი ეს სტაბილური 2024 წლამდე, ძნელი სათქმელია, მაგრამ არამდგრადი პოლიტიკური პროცესი ამ კუთხით არ ჩანს.

- ფაქტი, რომ დიდ ქალაქებში მეორე ტური დაინიშნა, თქვენთვის რაზე მეტყველებს? ასევე, საინტერესოა, რა შანსი აქვს ოპოზიციას იმ მოსაზრების გათვალისწინებით, რომ მეორე ტურში მმართველ ძალას უფრო მეტი შანსი აქვს ხოლმე?

- ამ მოსაზრებას ვიზიარებ, რომ მეორე ტურში შანსი, სავარაუდოდ, სახელისუფლებო კანდიდატს მეტად ექნება იმის გამო, რომ არჩევანი არის „ტრადიციული“ და ამომრჩევლის ძირითადი ნაწილი მაინც ისეთი ტიპის გადაწყვეტილებას იღებს, რაც ადმინისტრაციულ რესურსს შეუძლია ხელისუფლებისთვის. როგორც წესი, მეორე ტურში აქტივობა მკვეთრად დაბალია ხოლმე. მოქმედებს ისიც, რომ წინა და მიმდინარე ხელისუფლების „ბრენდები“ ეჯიბრებიან ძირითად ნაწილში, თუმცა ის ფაქტი, რომ მეორე ტური ბევრგანაა და მთლიანობაში, ხელისუფლების მხარდაჭერის პროპორცია მკვეთრად ჩამოუვარდება მის წინააღმდეგ მიმართულ ხმებს, ესეც ფაქტორია. ისე, ევროპულ სახელმწიფოებში ტრაგედიად სულაც არ აღიქვამენ ხოლმე 40%-იან შედეგს და არ გულისმხობენ, რომ ასე მარტივად დგება პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხი.

ელიტების ეფექტი მიღწეულია, მაგრამ ისე არა, რომ 43%-იან მაჩვენებლთან დაკავშირებით სადაოობა შექმნილიყო და მეორე ტურიც კიდევ უფრო გაამყარებს სახელისუფლებო მაჩვენებელს. შესაძლოა, ალაგ-ალაგ იყოს გამონაკლისი, მაგრამ საერთო სურათს ეს არ ცვლის. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მერი ვინ გახდება, ესეც არაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, თუ როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები.

- თბილისს რაც შეეხება, როგორ ფიქრობთ, მეორე ტურში მობილიზდება ოპოზიციური ამომრჩეველი და მელიას გამარჯვების შანსი გაიზრდება?

- ვთქვათ, თბილისში გაიმარჯვა ოპოზიციის წარმომადგენელმა, თვითმმართველობისა და ძალაუფლების დონეზე ეს არ ცვლის სურათს, უბრალოდ, პოლიტიკური მუხტი გაიზრდება. წავა ანალოგიები, რადგან თავის დროზე, რევოლუცია სწორედ თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებების შედეგად დაიწყო და ზოგად პოლიტიკურ პროცესს თუ მისცემს რაიმე ბიძგს, ესეც გასარკვევია, რადგან 2021 წელია და არა - 2003. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერი პოლიტიკური ფიგურაა, ვერ წავართმევთ მას აღმასრულებელი ადმინისტრატორის ფუნქციას და შესაბამისად, ნიკა მელია, როგორც პარტიის პოლიტიკური ლიდერი, ამ ფარგლებში ჩაიკეტოს - ამ სურათს მაინცდამაინც ვერ ვხედავ. ეს იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, განსაკუთრებულ ფაქტორად ამას არ მივიჩნევ, რადგან ის ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს და მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობა საკმარისი არ იქნება, ამიტომ საერთო ჯამში, აწყობს თუ არა, ესეც საკითხავია. სხვა ტენდენციით თუ დავაკვირდებით, უფრო მეტი ალბათობა იმისაა, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვოს.

კალაძის პირველივე ტურში გამარჯვება, შესაძლოა, ხელისუფლებას არც აწყობდა, რადგან კახა კალაძეს მაინც ყოველთვის განიხილავდნენ, როგორც ან პოტენციურად „ოცნების“ გუნდიდან წამსვლელს, ან შედარებით ავტონომიურ ძალაუფალს იმიტომ, რომ ის მმართველ ძალაში ერთადერთი პირია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან, 2011-12 წლებში, პარტნიორული ფორმატის ურთიერთობა დაიწყო. კალაძეს ჰქონდა ბიზნესი, ძალიან კარგი ბეგრაუნდიც და თუ დანარჩენ შემთხვევაში, უფრო დაქირავებულ როლში აღმოჩნდნენ პოლიტიკური ფიგურები ბიძინა ივანიშვილთან, კალაძე იყო ერთადერთი, რომელიც მის „ქვემოთ“ კი არა, „გვერდით“ იდგა.

- თქვენი აზრით, გახარიას ფაქტორმა ითამაშა თუ არა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ კალაძემ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა?

- სოციოლოგიური კონტექსტით რომ შევხედოთ, გახარიამ წაიღო, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ხმები, მაგრამ წაიღო პატარა პარტიების ხმების ნაწილიც. „ოცნებაში“ რომ ყოფილიყო გახარია, ეს, გარკვეულწილად, დაეხმარებოდა კალაძეს პირველივე ტურში გასულიყო, თუმცა თბილისის მერის ფაქტორზე მაინც მგონია, რომ ცოტა გადაჭარბებულია ხოლმე მსჯელობა, რომ ამით პოლიტიკური ძვრების პირობები შეიქმნება. მთლიანობაში შესაფასებელია, გახარიამ რას მიაღწია და ვფიქრობ, განსაკუთრებულს ვერაფერს, უბრალოდ, მეტად შეუშალა ხელი „ქართულ ოცნებას“, გზა გაურთულა...

- მიხეილ სააკაშვილის შესახებაც მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის უახლოეს პოლიტიკურ პროცესებში, საპყრობილეში მყოფი მესამე პრეზიდენტი?

- პირველ რიგში, მოტივაციის მიგნებას რომ ვეცადოთ, რატომ დააჭერინა მიხეილ სააკაშვილმა თავი და ეს უკვე ხელის გულზე დევს, აქ არის რამდენიმე ვერსია - შესაძლოა, პარტნიორებმა, საერთაშორისო მოთამაშეებმა გარანტიების ფარგლებში უბიძგეს, ჩამოვიდა და ეს ჯერ მიღწეული არაა, ან შესაძლოა, ყველა ცდილობს, გააპასიურონ მისი როლი იმიტომ, რომ ზოგადად, ძალიან ენერგიული ადამიანია, ვის მოსწონს ეს და ვის არა - სხვა თემაა.

უნდა გავიხსენოთ, რომ ახალგაზრდა კაცია და არ ფიქრობს, რომ მისი პოლიტიკური ეპოქა დასრულდა. მე პირადად, ამას ვხსნი ცოტა უფრო ლოკალური მიზნებით, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მელიას ფაქტორი უფრო მაღალია, ვიდრე ამას აფასებენ გარედან. ელექტორატის ნაწილი, ცხადია, მიხეილ სააკაშვილზე მოდის, მაგრამ ვფიქრობ, ელექტორატის ნაწილი ბოლო პერიოდში უფრო კონცენტრირდებოდა ნიკა მელიაზე. პარტიაში გუნდის ცვლილება დაიწყო, მელიას კადრები იკავებენ ნელ-ნელა ადგილს და საინტერესო პროცესები მიდის ენმ-ში მას შემდეგ, რაც თავმჯდომარე გახდა ნიკა მელია, ამიტომ მგონია, რომ სააკაშვილი მელიასადმი ეჭვიანობის ფონზე ცდილობს, თავის სტატუს-კვო არ შემცირდეს. იმ პირობებში, როცა მელია იბრძვის, ხან დევნილის როლს ირგებს, ხან ციხეშია, თან ურთიერთობის და ორგანიზატორობის კარგი უნარი აქვს და მგონია, რომ სააკაშვილის მოტივაციაა, დროულად აღიდგინოს სტატუს-კვო, ამიტომ ის ამ ეტაპზე, საკუთარ ელექტორატზე უფრო მუშაობს, რომ არ დაკარგოს და სააკაშვილი მელიათი არ ჩანაცვლდეს. აგრძნობინოს ხალხს, რომ ის არის აწმყო, აქ მყოფი და არა - სხვაგან მყოფი წარსული და აქ მოდის მთელი ეს პროცესი, თუმცა ახლა ზუსტად ამის გაზომვის საშუალება გაჩნდება - რა პროცესები მოჰყვება საკააშვილის ციხეში ყოფნას. არ დაგვავიწყდეს, რომ ის მსჯავრდებულია და ვეჭვობ, ყველაფერ ამას, რამე გარე პროცესი მოჰყვეს, რადგან პატარა პარტიები დადგებიან დილემის წინაშე - ან „აითქვიფონ“ ენმ-სთან, ან შეცდომად ჩათვალონ ამ პარტიასთან გარკვეული კომუნიკაცია. შესაბამისად, შეიძლება, სააკაშვილის პერსონას საერთოდ გაემიჯნონ პოლიტიკურად. ისიც გამოჩნდება, როგორია ენმ-ში მაჯისცემა იმიტომ, რომ პარტიაშიც უნდათ ცვლილებები და თუ ამას მოჰყვება დესტრუქციული პროცესები, მაინც იქნება არა საყოველთაო, სახალხო გამოსვლების ფორმატი, არამედ, წვრილ-წვრილი და შეიძლება, პარტიულ ჭრილში ჩაჯდეს ეს ყველაფერი.

ახლა, როცა სააკაშვილი აქაა, შესაძლოა, უფრო უინტერესო გახდეს, ვიდრე სხვაგან მყოფი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზოგად პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა შეეძლება, რადგან ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა ძალაუფლება. ვეღარავინ საუბრობს შედეგების არცნობაზე, 2020 წლისგან განსხვავებით, გადაიდო ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა და ძალაუფლება „ოცნებამ“ გაიმყარა. ამ პროცესში, სააკაშვილის მიმართ მოქალაქეთა დიდ ნაწილს საკმაოდ მკვეთრი პოიზიცია აქვს და მისცემენ თუ არა მას რეალიზაციის საშუალებას, სხვა საქმეა. თან, სააკაშვილს ზოგად სახალხო ლიდერობაზე აქვს აქცენტები. ნიკა მელია თუ დგება პარტიულ ლიდერად, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს სივრცე არასაკმარისია და საქართველოს ლიდერად მიაჩნია თავი. ამ პროცესში, ვფიქრობ, პარტიული ლიდერები, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ბრენდისთვის, მას ამ პათოსში ვერ აჰყვებიან. ვნახოთ, რამდენად ფრთხილად და მშვიდად მიჰყვება ამ პროცესს „ქართული ოცნება“...

- არჩილ, ამ ლოგიკას რომ მივყვეთ და დავუშვათ, სააკაშვილი პარტიულმა ეჭვიანობამ ჩამოიყვანა საქართველოში და ეს ვერაფერს შეცვლის, როგორ წარმოგიდგენიათ, მიხეილ სააკაშვილი ციხეში დიდხანს დარჩება? თუ ექნება გეგმა „ბ“? ჩვენ ხომ საკმაოდ ჭკვიან პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ...

-  სააკაშვილი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ რამდენად რაციონალურია, როგორც პოლიტიკოსი, ცალკე საკითხია. როგორც უნდა მიგვაჩნდეს, რომ ის სასტიკი იყო და მათ შორის, ჩემთვისაც არცთუ სასურველია მისი სასტიკი ბუნების გამო, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ადამიანები ასაკში ისე იცვლებიან, მმართველობის ფორმა ეცვლებათ. ის მაინც ბუნებით უფრო შემოქმედებითი ადამიანია და ვერ ვხედავ, რომ მისნაირი შემოქმედებითი ადამიანი პოლიტიკურ სივრცეში არსებობდეს. ბოლო წლებია, მას აქვს რაღაც იდეალისტური მომენტი და ამიტომაც, შესაძლოა, ამ რაღაცაში შემცდარი აღმოჩდნეს - იდეალებზე ან თვითხიბლზე ააწყოს ეს პროცესი და ეს ასე არ აღმოჩნდეს. მისთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო, რომ მელია ციხეში ჩაჯდა და შესაძლოა, ფიქრობს, როგორც მელია გამოუშვეს რაღაც ფაქტორებით, ეს მასზეც გავრცელდება - როდესაც სააკაშვილს გაქცეულს ეძახდნენ და მელია ციხეში იყო, ეს ძალიან დიდ კონტრასტს ქმნიდა მათსავე მხარდამჭერებში. ეს უნდა აღედგინა, სხვა გზა არ ჰქონდა სააკაშვილს. შესაძლოა, ფიქრობს, რომ მასაც მალე გამოუშვებენ ციხიდან, თუმცა ეს ყველაფერი რამდენად მოხდება, ვერ გეტყვით, მალე ვნახავთ.