60 ახალი სტატია

„ოპოზიცია პროცესებს ალღოს ვერ უღებს“ - ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, მმართველი ძალა შარლ მიშელის დოკუმენტის, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს, თუმცა როგორც მელია აღნიშნავს, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში „ტექნიკურად რჩება“, რადგან მათი აზრით, ბოიკოტი ახლა მათთვის წამგებიანი იქნება. „ჰოთნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ პარლამენტში დარჩენით? ამ საკითხზე ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ვესაუბრეთ, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ აღნიშნული ქმედება შეაფასა და მას დეზორიენტირებული უწოდა:

 

„ვფიქრობ, რომ ოპოზიცია საკმაოდ დეზორიენტირებულია. პროცესებს ალღოს ვერ უღებს და ცდილობენ, კომპლექსურად მოიქცნენ, რომ რომელიმე ვარიანტი ან ნაბიჯი დაემთხვეს რაიმე გამოწვევას ანუ ყველაფერს და არაფერს ცდილობენ ერთბაშად. როდესაც პარტიის თავჯდომარე პერსონალურად მოდის პარლამენტიდან, ცოტა გაუგებარია იმ მხრივ, რომ პირველ რიგში თუ პარტიის თავჯდომარეს მიაჩნია პარტიიდან წამოსვლა სწორად, პარტია უნდა იზიარებდეს მის პოზიციას. რაღაც მომენტში ეს ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს პარტიას და პარტიის თავმჯდომარეს შორის გარკვეული გაუცხოებაა“. - აღნიშნა გამზარდიამ.

არჩილ გამზარდიამ ასევე ისაურა იმაზე, თუ რას შეიძლება, გულისხმობდეს „ტექნიკურად“ დარჩნის რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და აღნიშნა, რომ სამართლებრივი სტატუსით ისინი პარლამენტის წევრები იქნებიან, თუმცა არ მიიღებენ მონაწილეობას რიგ პროცესებში:

„ტექნიკური დარჩენა“ მათი მხრიდან გულისხმობს იმას, როდესაც სამართლებრივად ითვლებიან პარლამენტის წევრებად, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში შეიძლება, აღმოჩნდეს კონკრეტული დეპუტატი. ჩემთვისაც გაუგებარია ამ ქმედების სისწორე, ეს უნდა იყოს კომპლექსურად წამოსვლა, ვინც მოდის, ის ამ შემთხვევაში, არ იღებს პასუხისმგებლობას სხვა ოპოზიციონერების ქმედებაზე. სხვა ვარიანტები ჩემთვის გაუგებარია იმიტომ, რომ პარლამენტიდან წამოსვლას აქვს აზრი ერთადერთ შემთხვევაში, თუ პარლამენტის გარე სივრცე მზად არის მასობრივი სამოქალაქო აქციებისათვის და თუ ეს მზაობა არ არის, მაშინ გაუგებარია პარლამენტიდან წამოსვლის და ბოიკოტის იდეა. ეს იმპულსურ ქმედებას წააგავს, როგორც ჩანს, არ უკვირდებიან სამოქალაქო და მათ შორის, ამომრჩევლის პოზიციებს. გარედან ისე ჩანს, რომ არ არიან დარწმუნებულები ჩვენი პოლიტიკოსები საკუთარ გადაწყვეტილებებში, რა სჯობს და როგორ. სათანადოდ ალღოს ვერ უღებენ პროცესებს და შესაბამისად, ცდილობენ, დააკვირდნენ, გარკვეული გულშემატკივრობა მოჰყვება თუ არა მათ ამ ქმედებას, სხვებიც მოიქცევიან თუ არა მსგავსად, ეს ჰგავს საპილოტე ქცევებს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

 არჩილ გამზარდია ასევე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე, რაც პარტიის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერას უკავშირდება:

„თავის დროზე განმარტება გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამნისტიის თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ უნდოდათ პარტიის ლიდერის და 20 ივნისის „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების გადამეტების ხარჯზე გამოსული პირები ერთ რანგში წამოწეულიყვნენ. ეს ჩემთვის სრულიად გასაგები არგუმენტია, თუმცა თანამედროვე დასავლეთში არის ბიუროკრატიული ხასიათი, რომლებიც ფორმალური წესების თამაშისას ყოველთვის თანმიმდევრულად იქცევიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მოეწერა ხელი, მერე შეეძლოთ იგივე პათოსი გაეგრძელებინათ.

შეთანხმებაში როდესაც არ მონაწილეობენ, ან შიდა აუდიტორია უნდა კარნახობდეს ამას და იქ „იყიდებოდეს“ ეს გადაწყვეტილება კარგად, ან გარე აუდიტორია. შიდა აუდიტორიისთვის ეს კარგი გადაწყვეტილება არ იყო იმიტომ, რომ აქტიური გულშემატკივრები ითხოვდნენ, საერთოდ არ შესულიყვნენ პარლამენტში და გარე აუდიტორიისთვის ეს მიუღებელი იყო, რადგან ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს და ეს, თითქოს, შუალედური ქცევა, კომპრომისული, რომ „შევალთ, მაგრამ ხელს არ მოვაწერთ“, საერთო ჯამში, ეფექტურად არ რეალიზდა, არც შიდა და არც გარე აუდიტორიასთან. ეს, თავისთავად, აჩვენებს, რომ არ იყო მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება აღნიშნული ნაბიჯები“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

ავტორი - ემილი ფეიქრიშვილი