კლოზე - ჩემი ფეხბურთი მოკვდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიროსლავ კლოზე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე აქვს მედალი მოგებული. 2002 წელს, მან ვერცხლის მედალი მოიგო, 2006 და 2010 წლებში - ბრინჯაო, ხოლო 2014 წელს - ბუნდესნაკრების რიგებში, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამასთან ერთად, მუნდიალის ფინალურ ეტაპებზე გატანილი 16 გოლით, კლოზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

„ფეხბურთი, რომელიც მე ვიცოდი, უბრალოდ, აღარ არსებობს, ის მოკვდა. როცა კარიერას ვიწყებდი, მინდოდა, სპორტის საყვარელ სახეობაში საუკეთესო ვყოფილიყავი. ჩემი მთავარი ფიქრი და ოცნება ფეხბურთს უკავშირდებოდა და მახსოვს, კარიერის მიწურულს, „ლაციოში“ როცა ვთამაშობდი, ვარჯიშის შემდეგ, ბურთების მოგროვება დავიწყე და ახალგაზრდა თანაგუნდელმა მკითხა, ამას რატომ აკეთებ, სტადიონს 60 თანამშრომელი ჰყავსო. ისინი ვერასდროს გაიგებენ, როგორ უნდა მოეფერო ბურთს ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და მის შემდეგ. ჩემი ერთ-ერთი თანაგუნდელი სამი დღე ეძებდა ინტერნეტში ბუცებს, რათა მათი ფერი კლუბის გეტრების ფერისთვის შეეხამებინა. მათთვის მთავარი ვარცხნილობა, კონტრაქტი, მანქანა, სოციალური ქსელი და შემდეგ ფეხბურთია. ჩვენი თაობისთვის კი, ყველაფერი ფეხბურთი იყო. გული მწყდება, რომ ფეხბურთი, რომელიც მე ვიცოდი, გარდაიცვალა“, - განაცხადა კლოზემ და... მას ძალიან ბევრი ვეტერანი კოლეგა დაეთანხმა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე