კალაძის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ორგანიზებულ საფეხბურთო მატჩში სათამაშოდ არ მიიწვიეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ის ლონდონში დაგეგმილ უკრაინის მხარდასაჭერ საფეხბურთო მატჩში Game4Ukraine მონაწილედ არ მიუწვევიათ.

კახა კალაძე 1998-2001 წლებში, მილანში ტრანსფერამდე კიევის დინამოში თამაშობდა.

"მოწვევა არ მიმიღია და მონაწილეობასაც ვერ მივიღებ. ბოლოს როდის გახსოვთ, რომ მეთამაშოს ეგეთ შეხვედრაში?" - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მოწვევის მიღების შემთხვევაში, თამაშს განიხილავდა.

"კი, ვნახავდი თუ მექნებოდა დროის თვალსაზრისით შესაძლებლობა, რატომაც არა"- განაცხადა კახა კალაძემ.

Game4Ukraine უკრაინის მიერ ორგანიზებული საფეხბურთო მატჩია. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინელი ფეხბურთელების ანდრეი შევჩენკოსა და ოლექსანდრ ზინჩენკოს ორგანიზებით მსოფლიოში ცნობილ და წარმატებულ ფეხბურთელებისგან შემდგარი 2 გუნდი ლონდონში უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო შეხვედრას გამართავს. მოწვეულ ფეხბურთელებს შორისაა ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძეც.

მატჩი 5 აგვისტოს ლონდონში, სტემფორდ ბრიჯის სტადიონზე გაიმართება. Game4Ukraine-ის თამაშზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხა კი უკრაინის ჩერნიჰივის ოლქში მიხაილო-კოციუბინსკის სკოლის აღდგენას მოხმარდება, რომელიც რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ორგანიზატორების ცნობით, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და UNITED24 პლატფორმის მხარდაჭერით იმართება