მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუ გახსოვთ, სამიოდე წლის წინ, რუსეთის საფეხბურთო წრეებში ახალგაზრდა ფეხბურთელი, კონსტანტინე მარადიშვილი გამოჩნდა. მან რუსული პრემიერლიგის გრანდების ყურადღება მიიპყრო და რაღა თქმა უნდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მას ეროვნულ გუნდში თამაში შესთავაზა, თუმცა მაშინ მარადიშვილის პასუხი ასეთი იყო - მე რუსეთში დავიბადე და გავიზარდე, შესაბამისად, თამაშიც რუსეთის ნაკრებშ მსურს. მან 17 და 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში რუსეთის ნაკრების მაისური მოირგო, ახლა კი...

ახლა რუსეთის ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე თამაში აკრძალული აქვს და არავინ იცის, როდის მიეცემათ მათ უფლება, მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში ითამაშონ. ჰოდა, მარადიშვილმა გადაიფიქრა და მზად არის, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. მან ქართული პასპორტი უკვე მიიღო და ახლა ფიფას პასუხის მოლოდინშია.

„საქართველოს პასპორტი გასული წლის სექტემბერში მივიღე. ნაკრებში თამაშის საკითხს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წყვეტს. განაცხადი ფიფაში შევიდა, ახლა პასუხს ველოდები. ფედერაციაში აცხადებენ, რომსანამ შესარჩევი მატჩები გრძელდება, გარკვეული დროა საჭირო. გადაწყვეტილება კი იმიტომ შევცვალე, რომ ნელ-ნელა ვიზრდები, ყველაფერს სხვანაირად ვიაზრებ და გადაწყვეტილება მივიღე, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. მამაჩემის მხრიდან ყველა ნათესავი ქართველი მყავს, ქართულ ენასაც ვსწავლობ და რატომ არ შემიძლია, საქართველოს ნაკრებში თამაში? ნეგატივს უკვე მივეჩვიე, მაკრიტიკებენ, მაგრამ ეს ნორმალურია და იუმორით ვუყურებ“,-განაცხადა მარადიშვილმა.