„ტოტენჰემის“ მთავარი სამიზნე მამარდაშვილია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მართალია, გიორგი მამარდაშვილი თბილისშია და 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ეხმარება, თუმცა მისი აგენტები ესპანეთში იმყოფებიან და ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ. არც ესპანური მედია და არც „ვალენსია“ არ მალავს, რომ კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემა აქვს და მისი მოგვარების ერთ-ერთ (თუ ერთადერთი არა) გზად, გიორგი მამარდაშვილისა და კიდევ ორი ლიდერის გაყიდვაა.

„ვალენსიას“ რიგითი გულშემატკივრებიც კი ხვდებიან, რომ მამარდაშვილის შენარჩუნება გუნდს არათუ გაუჭირდება, არამედ, ეს წარმოუდგენელიც კი არის. მომავალი სეზონისთვის, „ღამურები“ ისევ გადარჩენისთვის იბრძოლებენ, რამდენად გამოუვათ, ძნელი სათქმელია. წელს ისინი უძლიერესთა შორის, სწორედ მამარდაშვილის ხარჯზე დარჩნენ, რადგან ახალგაზრდა კიპერმა რამდენიმე გამარჯვება გუნდს პირადად მოუტანა. განსაკუთრებით კი, მადრიდის „რეალთან“ შეხვედრაში, სადაც საუკეთესოდ დაასახელეს და „სამეფო გუნდის“ ფეხბურთელების შეტევებს, პრაქტიკულად, მარტო იგერიებდა“, - წერს ესპანური მედია.

მათივე ცნობით, გიორგის ყველაზე რეალური მყიდველი „ტოტენჰემის“ სახით ჰყავს. ლონდონურ კლუბს „ბრენტფორთიდან“ დავიდ რაიას შეძენა სურდა, მაგრამ ის 40 მილიონი გირვანქა დააფასეს, რაც „მამლებს“ ეძვირათ და ახლა მთლიანად მამარდაშვილის ტრანსფერზე გადაერთვნენ. ქართველი მეკარის გადაბირება კიდევ ერთ ლონდონურ გუნდს, „ჩელსის“ სურს, მაგრამ მეორე მეკარედ მოიზარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად მამარდაშვილი „ტოტენჰემში“ წასვლას არჩევს, რამეთუ „მამლებში“ მას ვეტერანი უგო ლორისის შემცვლელად და შესაბამისად, პირველ ნომრად მოიაზრებენ.

ცნობისათვის, მილანის „ინტერმა“ ანდრე ონანას გაყიდვა გადაწყვიტა და მეკარის აგენტი ინგლისში იმყოფება, სადაც მოლაპარაკებას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აწარმოებს. როგორც იტალიური მედია ამტკიცებს, ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობა ძალიან დიდია და მანჩესტერელები მზად არიან, მის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. ჰოდა, იტალიაში არ მალავენ, რომ ონანას წასვლის შემთხვევაში, „ინტერი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ვალენსიასგან“ მამარდაშვილი იყიდოს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე