საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ისტორიას წერს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობს. ვაღიაროთ, კონტინენტის მთავარ ფორუმზე ჩვენი გუნდი იმიტომ მოხვდა, რომ ტურნირის ერთ-ერთი მასპინძლები ვართ. მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯგუფის შემადგენლობა გაირკვა, ყველამ აღიარა, რომ ეს სიკვდილის ჯგუფი იყო, მაგრამ არა ჩვენთვის. ჩვენთვის არა იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებზე სერიოზულად არავინ ფიქრობდა, რამეთუ ჯგუფში ტურნირის ორი ფავორიტი - პორტუგალია და ნიდერლანდები გვყავდა, ბელგიას კი არა მარტო ამ ასაკში, ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავს.

საწყისი ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 4 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე-მესამე ადგილებს ბელგია და ნიდერლანდები - 2-2 ქულით ინაწილებენ, მეოთხე ადგილზე კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი პორტუგალიაა. ბოლო ტურში საქართველო ნიდერლანდებს ხვდება, ბელგია - პორტუგალიას და მეოთხედფინალში გასასვლელად ფრეც გვყოფნის. თუმცა, არსებობს ვარიანტი, რომ ჯგუფიდან იმ შემთხვევაშიც გავიდეთ, თუ ბელგია ვერ მოიგებს, რისი ალბათობაც ძალიან დიდია.

მანამდე კი ბელგიასთან შეხვედრაზე ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ პირველი მატჩის გმირის, ორი საგოლე გადაცემის ავტორის, გიორგი წიტაიშვილის სასტარტო შემადგენლობაში არდაყენებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და სამართლიანადაც. პირველი ნახევარი არათუ პირწმინდად წავაგეთ, არამედ, იმდენად უიმედოდ, რომ არავის ეგონა, მეორე ნახევარში რამეს თუ მოვახერხებდით, მაგრამ... სწორედ მეორე ტაიმში გამოჩნდა წიტაიშვილი და გუნდი აიყოლია. შემოსვლიდან 7 წუთში, მან შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში და ეს იყო გარდამტეხი მომენტი - გუნდმა საკუთარი ძალების ირწმუნა და მიზანმიმართულად მიდიოდა მეორე გოლისკენ, რომელიც მატჩის მიწურულს შევაგდეთ. შეხვედრა, რომელმაც დაწყებამდე რეკორდი მოხსნა, ფრედ დასრულდა. რაც შეეხება რეკორდს - ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ყველაზე მეტი მაყურებელი 1996 წელს, ესპანეთი-იტალიის მატჩზე, ბარსელონაში მივიდა. „დინამო არენაზე“ კი ყველა, 54 ათასივე ბილეთი გაიყიდა, ამ მხრივ, ბებერ კონტინენტზე ბადალი არ გვყავს და ეჭვი გვაქვს, კარგა ხანს, არც გვეყოლება.

ახლა ძნელია იმის თქმა, რა შედეგით დაასრულებს კონტინენტის პირველობაზე გამოსვლას ჩვენი გუნდი, მაგრამ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი ცვლა მოდის.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე