თბილისის გრანდ სლემის საოცარი ემოციები - ოქროების ცვენა, ცრემლი და ქორწილი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდიოსტთა გრანდ სლემი დასრულდა.შეიძლება თამამად ითქვას, რომ ემოციურად ასეთი დატვირთული, არამარტო თბილისის, არამედ ზოგადად, გრანდ სლემები არ გვახსოვს. დავიწყოთ იმით, რომ ოქროს მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა და ეს მოვლენა ორი რამის გამო გახლდათ უნიკალური - ეთოსთან ერთად კვარცხლბეკზე კიდევ სამი ძიუდიოსტი გოგონაიდგა, ერთი ვერცხლის მფლობელი, ორი - ბრინჯაოსი, ეთერმა ყველა მათგანი დაამარცხა და სამივე სახვადასხვა დროს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა. ამასთან ერთად, გაჩემპიონების შემდეგ, ეთერს ხელი პირდაპირ ტატამზე, ასევე ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ სთხოვა და თანხმობაც მიიღო. შესაბამისად, ლიპარტელიანი კვარცხლბეკზე ოქროს მედლითა და ოქროს ბეჭდით იდგა.

კიდევ ერთმა ლიპარტელიანმა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამმა კარიერა დაასრულა. მის ანგარიშზე რამდენიმე ათეული ოქროს მედალია, ევროპის ჩემპიონი „ლიპო“ სამჯერ გახდა, მსოფლიოზე ორჯერ ვერცხლს დასჯერდა, ერთხელ კი ოლიმპიადის ფინალი დათმო. კარიერა დაასრულა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა. „ჩირიკას“ გაცილების ცერემონიაც თბილისის გრანდ სლემზე გაიმართა.

-100 კილოგრამში ოქროს მედალი ესპანეთის სახელით მოიპოვა ნიკო შერაზადიშვილმა და მას ადგილობრივი პუბლიკის არნახული მხარდაჭერა ჰქონდა. მძიმე წონაში, ფინალშიერთმანეთის წინაშე გურამ თუშიშვილი და „აზერბაიჯანელი“ უშანგი კოკაური წარსდგნენ, თუშამ ოქროს მედალი მოიგო და ზედიზედ  მეშვიდედ მოხდა, რომ თბილისის გრანდ სლემზე, მძიმე წონაში ოქროს არ ვთმობთ. მანამდე იყო ლაშა შავდათუაშვილის ოქრო და ლაშა ბექაურის ტრიუმფი, რომელმაც პირველობა ასევე არაის დაუთმო. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.