ევროპაში წითელას შემთხვევებმა იმატა - რა არის წითელა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაატარონ იმუნიზაციის კამპანიები, რადგან 2023 წლის პირველ ათ თვეში ევროპის კონტინენტზე წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე გასულ წელს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციის შეჩერებისთვის აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს მონაცემებით, ევროპის კონტინენტზე 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 2022 წელს კი – მხოლოდ 941.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო თვეებში წითელას შემთხვევები გაიზარდა და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული.

რა არის წითელა?

მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. წითელას პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3 მე-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6 მე-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი დაერთოს.

როგორ ინკურნება?

ჩვეულებრივ მკურნალობა სახლშივე ტარდება, მაგრამ დაავადების გართულების შემთხვევაში ხდება ავადმყოფის საავადმყოფოში გადაყვანა. წოლითი რეჟიმი, დიეტა ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ხაჭო, კეფირი, ასკილის ნაყენი, უნდა სვას დიდი რაოდენობით სითხე და ანტიბიოტიკები, ხოლო სხვა წამლები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ავადმყოფთან მყოფი პირები არ დაიშვებიან ფართო საზოგადოებაში ბოლო კონტაქტიდან 19 დღის მანძილზე. 15-18 თვის ბავშვებს უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა ცოცხალი დასუსტებული ვირუსის შემცველი ვაქცინით.

როგორ დავიცვათ თავი წითელათი დაავადებისაგან?

ვაქცინაცია წითელას პრევენციის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ან, არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს. გადაამოწმეთ თქვენი ვაქცინაციის სტატუსი, თუ არ ხართ დარწმუნებული, ან არ ხართ აცრილი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით - მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს და ჩაიტარეთ აცრა წითელა-წითურა-ყბაყურის (MMR) საწინააღმდეგო ვაქცინით.

რამდენად უსაფრთხოა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა.

დღეისათვის ვაქცინა გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.

რა ღირს ვაქცინაცია?

საქართველოში როგორც გეგმიურ (ბავშვთა ასაკის), ისე 41 წლამდე ასაკის მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო. ასევე უფასოა 41 წელს ზევით მოსახლეობისათვის, თუ ისინი იყვნენ კონტაქტში წითელათი დაავადებულთან.

როდის არ შეიძლება აცრის ჩატარება?

აცრა არ შეიძლება:

თუ ხართ ორსული, აცრა კატეგორიულად აკრძალულია. აცრა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 1 თვით ადრე ორსულობამდე.

თუ გქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;

თუ გაქვთ იმუნოდეფიციტი;;

თუ გაქვთ არაგანკურნებადი აქტიური ტუბერკულოზი.

ვინ არის დაცული წითელასაგან?

წითელათი დაავადების საშიშროებისგან დაცული ხართ, თუ

  • აცრილი ხართ MMR ვაქცინის 2 დოზით - პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით 1 წლის და 5 წლის ასაკებში;
  • თუ აცრილი ხართ MMR ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით, და იმყოფებით სკოლამდელ ასაკში;
  • თუ გადატანილი გაქვთ წითელა, რომელიც დადასტურდა ლაბორატორიულად;
  • თუ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ გაქვთ შესაბამისი იმუნიტეტი.

და ბოლოს, რატომ ეძახიან წითელას ბატონებს?

ბავშვთა გადამდებ ავადმყოფობებს - წითელას, ყვავილს, ქუნთრუშას და ყივანახველას ხალხური სახელწოდებაა ბატონები. საქართველოს კუთხეებში გავრცელებული ძველი რელიგიური შეხედულებით, ამ სნეულებებს იწვევდნენ პატარა ზებუნებრივი არსებები ე. წ. ბატონები, ანგელოზები, და რომელ ოჯახსაც ეს „ბატონები“ ეწვეოდნენ, იქ ავადმყოფობა ჩნდებოდა; სწამდათ, რომ „ბატონებს“ მუსიკა, ცეკვა, ყვავილები, ტკბილეულობა უყვარდათ და, თუ სურვილს აუსრულებდნენ, დაავადებაც იოლად მორჩებოდა.

დაავადებულს შეიძლება ყვავილები, ტკბილეულობა და მხიარულება ესიამოვნოს, მაგრამ წითელას პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს. დაავადების ეფექტურ პრევენციას კი აცრები წარმოადგენს.