მზესუმზირა აჯიკით და სუნელებით - როგორ შექმნა ახალგაზრდა ქალმა მეწარმემ უნიკალური სტარტაპი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ალბათ, ცოტა  თუ იფიქრებდა, რომ  უეცრად, სახლში მოხალული მზესუმზირისგან ქართული სტარტაპი/კომპანია შეიქმნებოდა და მასში მთავარ როლს სამეგობრო ითამაშებდა. ალბათ, კარგი კომპანიები, გამორჩეული ბიზნეს იდეები სწორედ ასე მოულოდნელად იბადება და ასეც იწყება „მურაჩას მზესიმზირის“ ისტორია. ახალგაზრდა, სასუსნავზე შეყვარებული გოგონა, რომელიც ერთ საღამოს მეგობრებისთვის სახლში მზესუმზირას ხალავდა და გემოს გასაუმჯობესებლად სხვადასხვა პროდუქტს ამატებდა, ვერც იფიქრებდა, რომ სტარტაპების პროექტის გამარჯვებული და ქართული ბრენდის შემქმნელი გახდებოდა.

ის რომ იდეა განვახორციელე და სტარტაპი პროექტზე წარვადგინე ჩემი მეგობრების დამსახურებაა. ძალიან მამხნევებდნენ, მიბიძგებდნენ, რომ ეს საქმიანობა ჩემს სამზარეულოს გასცდენოდა და ბიზნეს წამოწყებად მექცია. რომ არა ჩემი მეგობრებისგან წამოსული სტიმული, შექება და გამხნევება ისე არამგონია რამე გამომსვლოდა, ბიზნესად ქცევას არც ვიფიქრებდი”

როგორც, სოფიო (ნინო) მურაჩაშვილი „ვერსიასთან“ საუბრისას ყვება, ყოველთვის ძალიან უყვარდა წასახემსებელი სასუსნავი და დაახლოებით 5 წლის წინ, მარხვის პერიოდში მზესუმზირის მოხალვა დაიწყო. თავდაპირველად აჯიკა დაუმატა, შემდეგ კი რაც სახლში მოეპოვებოდა, მზესუმზირას პერიოდულად სხვადასხვა არომატებით და გემოებით აჯერებდა.

_სოფიო, როგორც ვიცი, „მურაჩას“ შექმნის იდეის  შემდეგ მზარეული გახდით, იყო თუ არა, ეს ბიზნესი კულინარიის დარგისკენ წასვლის მოტივატორი და როგორ დაიწყეთ სტარტაპ იდეის განხორციელება?

_დიახ, იდეა დამებადა სანამ კულინარი გავხდებოდი, მანამდეც  ვაკეთებდი რაღაცებს, მაგრამ მერე უფრო გამიღრმავდა ინტერესი და მოტივაცია. ჩავაბარე ერთ-ერთ კოლეჯში, ვმუშაობდი სხვადასხვა ობიექტებზე მზარეულად. შემდეგ კი მოვხვდი ასეთ პროექტში და დაიბადა „მურაჩა“...

წლების შემდეგ, უეცრად გამოჩნდა შემოთავაზება/პროექტი, სადაც გავიგე, რომ შემეძლო დამეწერა და წარმედგინა ბიზნეს გეგმა. ეგრევე ჩემი ზმესუმზირა გამახსენდა, რადგან უკვე ხშირად ვაკეთებდი სხვადასხვა გემოებით, ტყემლით, აჯიკით, კეტჩუპით და ა.შ. მართლაც, გადავწყვიტე დამეწყო ამ პროექტზე მუშაობა და შეიძლება ითქვას, ჩემს მონდომებას და შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. „მურაჩას მზესუმზირამ“ დიდი მოწონება დაიმსახურა და გაიმარჯვა კიდეც.  პროექტის ფარგლებში ბიუჯეტურად ყველაფერი გაწერილი იყო, 11 ათასი ლარი ფინანსდებოდა და შეძლებისდაგვარად ჩავეტიეთ ამ თანხაში.

_გაუთვალისწინებელი ხარჯები თუ გქონდათ და რამდენად დიდი პირადი რესურსის ჩადება გიწევთ წარმოებაში?

_რა თქმა უნდა გაუთვალისწინებელი ხარჯებიც იყო, რაშიც პირადი რესურსი ჩავდე. ეს იყო შიდა ქართლში მაცხოვრებელი ქალებისთვის განკუთვნილი პროექტი. მეწარმე ქალების გაძლიერებას ემსახურებოდა, ვინაიდან მეც ამ კუთხიდან ვარ წარმოშობით, ამიტომ მივიღე მონაწილეობა. დიდი შრომის ჩადება მიწევს ყველაფერში, მეხმარებიან ოჯახის წევრები და მეგობრები, ფონდიდანაც მეხმარებიან, დიდი სტიმულია ასეთი მხარდაჭერა. მართალია, ბევრი წინააღმდეგობა მხვდება და დიდი შრომის ჩადება მიწევს, მაგრამ ჩემი როა შვილივით მიყვარს, ასევე, ვთვლი, რომ ბევრ რაღაცაში გამიმართლა.

_დამზადების პროცესში ვინ გეხმარებათ, რამდენი ადამიანია ჩართული?

_დამზადების პროცესში ძირითადად მე ვარ ჩართული, მყავს დამხმარე ზოგჯერ ორი, გააჩნია სირთულეს.

_წარმოების და განვითარების რა ეტაპზეა ახლა მურაჩას მზესუმზირა?

_წარმოებაში ჩავუშვით ოქტომბერში, ხელმისაწვდომია რამდენიმე მაღაზიაში. ამ ეტაპზე რადგან არის სტარტაპი, მცირე წარმოებაა. დაინტერესება დიდია, თუმცა, არის შემაფერხებელი ფაქტორები. თანამშრომლობის შემოთავაზებები გვაქვს სხვადასხვა კომპანიებიდან და პროექტებიდან. ვცდილობთ, ნელნელა გავფართოვდეთ. რადგანაც უცხო პროდუქტია, საზოგადოებისგან სიახლის მიუღებლობაა მაინც, ვეცდებით მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს პროექტი თავიდან გათვლილი იყო სტუდენტებზე, გვინდოდა უნივერსიტეტებში შეტანა. ახლა, ძალიან მინდა ყველამ გასინჯოს ჩვენი მზესუმზირა, ჯერ გადაჭრით ვერ ვამბობ  რა მიმართულებით წავალთ, დრო და განვითარების ეტაპები გვიჩვენებს.

_საზღვარგარეთ თუ აპირებთ გატანას?

_გვაქვს ევროპაში გასასინჯად გაგზავნის შემოთავაზება, ამაზე ადრეა საუბარი, ჯერ საქართველოს მასშტაბით გვინდა თავის დამკვიდრება.

_რას ურჩევდით, ახალგაზრდა დამწყებ მეწარმეებს, ალბათ  ბევრს აქვს შიში, რადგან ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და ფინანსური მხარეც დიდ როლს თამაშობს. ვფიქრობ, დიდი გამბედაობის გამოჩენაა საჭირო…

_დიახ, მეც მქონდა შიშის მომენტი, თუმცა, რაღაც უნდა გაბედო. ჩემი რჩევაა, თუ გინდათ ეს საქმე გამოვიდეს ისეთი, როგორიც გინდათ რომ იყოს, უნდა გააკეთოთ პირადად თქვენ და არ შეგეშინდეთ. მთელი ენერგია და შრომა 100 პროცენტით უნდა ჩადოთ საქმეში და გარისკოთ.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი