როგორია უსინათლო ბიჭის ყოველდღიური ცხოვრება, რომელმაც შშმ პირებისთვის ადაპტირებული პროგრამა შექმნა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საზოგადოება სამწუხაროდ არ არის მიჩვეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ურთიერთობას. სოციუმში საკამოდ ბევრი სტერეოტიპი არსებობს, რომელიც აუცილებლად დასამსხვრევია. ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა ასოცირდება რამის ვერ გაკეთებასთან, რაც ნამდვილად არასწორი შეხედულებაა. დღეს ჩვენ მოგიყვებით 25 წლის ბიჭის ისტორიას, რომელიც დაბადებიდან უსინათლოა. მას უამრავი სირთულის  გადალახვა მოუწია, რომ მოსულიყო ამ ეტაპამდე. ისწავლა, იშრომა, ბევრი ბარიერის გადალახვაც მოუწია, მაგრამ საბოლოოდ მიაღწია საკმაოდ ბევრ წარმატებას. იგი დღეს შემდგარი პიროვნებაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ საქმეს აკეთებს.  „ვერსია“ -მ ნიკოლოზთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რადგან საზოგადოებას გააცნოს როგორია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ყოველდღიური ცხოვრება.  ის შესაძლოა გახდეს მაგალითი ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი შშმ პირებისთვის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთული გზის გავლა მოგვიწევს ჩვენი წარმატებისთვის, ყველაფერი შესაძლებელია.  ყველა ადამიანს განსაკუთრებული ისტორია აქვს, ნიკოლოზის ამბავი კი ძალიან საინტერესო და გამორჩეულია.

_ნიკოლოზ, მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ უკეთესად გაგიცნოს, მოგვიყევი რას საქმიანობ და რამდენად ადაპტირებული გარემო გაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

_მე ვარ ნიკოლოზ წიკლაური, სამართალმცოდნეობის მაგისტრი. ამჟამად ვარ დასაქმებული და საკმაოდ აქტიურად ვცდილობ საკუთარ თავზე მუშაობასა და განვითარებას. ძალიან მიყვარს მუსიკა, პროგრამირება და კითხვა.  რაც შეეხება გარემოსა და მის ადაპტირებას, როგორც უსინათლო ადამიანი ამ ეტაპზე ვაწყდები გარკვეულ ბარიერებს,თუმცა ეს არც თუ ისე დიდი წინაღობაა ჩემი მიზნების მისაღწევად. აღსანიშნავია, რომ ეს ბარიერები მართალია ნელი ტემპით, მაგრამ დღითიდღე იკლებს სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. ერთისმხრივ იმიტომ, რომ ნელნელა იზრდება საკითხით დაინტერესებულ პირთა რიცხვი, აქტივისტების რაოდენობა, გროვდება გამოცდილება და ვეცნობით გამოცდილებებს სხვა ქვეყნებიდან, ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, ინერგება ახალი სისტემები და ა.შ.

_ შენი ცხოვრებიდან გამომდინარე ყველაფერს დამოუკიდებლად ახერხებ, რამდენად რთული გზის გავლა მოგიწია რომ მისულიყავი ამ ეტაპამდე?

_ეს ყველაფერი ერთ ღამეში არ მომხდარა, ისევე როგორც რომი არ აშენებულა ერთ ღამეში. ამაში, პირველ რიგში, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ოჯახს. საკმაოდ მნიშვნელოვანია ბავშვობის ასაკიდან სწორი პოზიციის ჩამოყალიბება შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ბავშვობიდანვე აქტიურად ვიყავი ჩართული აბსოლუტურად ყველაფერში. ვთამაშობდი ეზოში, დამოუკიდებლად გავდიოდი მეზობლებთან და მაღაზიაშიც კი ჯერ კიდევ მანამ, სანამ თეთრი ხელჯოხის შესახებ რაიმეს გავიგებდი. ოჯახი ყოველთვის იმ პოზიციაზე იყო და არის დღესაც, რომ ჩემთვის ყველაფერი შესაძლებელია. კიდევ ერთი, რამაც ხელი შეუწყო ამ ყველაფერს იყო ჩემი ინტერესი ყველაფრის მიმართ. თუ კი ვნახავდი, რომ ჩემს ირგვლივ ვინმე რაიმეს აკეთებდა, ვცდილობდი მივსულიყავი, გამერკვია, ჩავრთულიყავი ამ პროცესში და საბოლოო ჯამში გამომეთქვა სურვილი რომ გამეკეთებინა იგივე, სხვების დაუხმარებლად. არ გამოვიდოდა? ვიკითხავდი თუ რა გავაკეთე არასწორად, გამოვთქვამდი ჩემს აზრებს და ვისმენდი პოზიციებს. ამან საშუალება მომცა საკმაოდ ბევრ რამეში ვყოფილიყავი ჩართული. ფორტეპიანოზე დაკვრა თუ ზოგს შეუძლებელი ეგონა, ინსტრუმენტს ბავშვობიდან რომ მივუახლოვდი, საკმაოდ მარტივად გავუგე და ავუღე ალღო.

_ რის მიმართ გქონდა მძაფრი ინტერესი და გეგონა თუ არა, რომ მისი გამოყენება შენთვის შეუძლებელი იყო?

_ერთ-ერთი ასეთი წინაღობა იყო კომპიუტერი. ჯერ კიდევ ბავშობიდან მიყვარდა ტექნოლოგიები და ვცდილობდი მათთან დამემყარებინა კარგი ურთიერთობა. რაღაც ნაწილში გამოდიოდა კიდეც (მაგალითად შემეძლო თამაში ჯოისტიკით), თუმცა სრულად ვერა. მოგვიანებით, სკოლაში მისვლის შემდეგ, გავიგე ხმოვანი პროგრამის შესახებ, რამაც თამამად შემიძლია ვთქვა, ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა. ამან შესაძლებლობა მომცა და დღესაც მაძლევს წავიკითხო ის წიგნები, რომლებიც მინდა, როცა მინდა და როგორც მინდა. ადრე თუ ოჯახის წევრები მიკითხავდნენ წიგნებს, ახლა უკვე დამოუკიდებლად შემიძლია წაკითხვა და საკმაოდ სწრაფად, დაახლოებით 4000 სიტყვა წუთში. მომცა საშუალება ელექტრონული ფორმით გადავიტანო ჩემი აზრები და პოზიციები კომპიუტერში, რაც დღევანდელ დღეს იმას ნიშნავს, რომ შემიძლია ჩემი ნააზრევი თავისუფლად წავაკითხო ნებისმიერ ადამიანს, არა მარტო იმათ, ვინც ბრაილის შრიფტი იცის. ჩემს ცხოვრებაში ასევე საკმაოდ დიდი როლი ითამაშა პროგრამირების შესწავლამაც. მივხვდი თუ რამხელა ძალის და პოტენციალის მატარებელი შეიძლება ყოფილიყო კომპიუტერი ჩემთვის, მნიშვნელოვანი იყო მისი სწორი მართვის შესწავლა და ასე ვთქვათ მის ენაზე საუბარი. დამაინტერესა როგორ მუშაობს ხმოვანი პროგრამა, როგორ ხდება ამდენი ურთიერთქმედება წამში.ბევრჯერ გამიფუჭებია კიდეც, თუმცა მოგვიანებით ისევე ჩემით გამომისწორებია შეცდომები და საბოლოო ჯამში კარგი გაკვეთილიც მისწავლია ჩემი შეცდომიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრამირება დღევანდელ დღეს შესაძლებლობას მაძლევს განვსაზღვრო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რადგან როცა ვიცი საჭიროება და ვიცი თუ როგორ აღმოვფხვრა ის, რაც რჩება მხოლოდ მოქმედებაა. შემდეგი გარდატეხა იყო ხელოვნური ინტელექტის განვითარება. ამან მომცა შესაძლებლობა უსინათლო ადამიანის პერსპექტივიდან განმეხორციელებინა აქამდე ჯერ არნახული მოქმედებები, მაგალითად შესაძლებლობა მომცა მქონოდა სურათებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა, შემიძლია თავისუფლად ამოვიცნო და შევუხამო ფერები, გავარკვიო ფულის კუპიურები მარტივად, ამოვიცნო ნაცნობი სახეები, სოციალურ მედიაში გავეცნო სურათების აღწერას, გადავიღო სურათები და კიდევ მრავალი სხვა.

_რა ფაქტორები გეხმარება, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს მტკიცედ შეხვდე?  

_ფაქტორები ბევრია, თუმცა ზემოხსენებულ ფაქტორებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვნებია რომ მივილტვი ვიცოდე უფრო მეტი ყოველ დღე, არ ვუშინდები სიახლეებს, წინააღმდეგობას და იმას, რომ რაიმე არ გამოვა. პირიქით, ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ და მაშინაც კი, როცა რაიმე არ გამოდის, ვიცი რომ სიახლეების მიღების დროა.

_როგორი იყო გარემო შენს ირგვლივ, სკოლა, უნივერსიტეტი... რამდენად გქონდა ხელშეწყობა იმისა, რომ განათლება სრულყოფილად მიგეღო?

_მიმაჩნია, რომ სკოლის პერიოდში წვდომა მქონდა ყველაფერთან, რისი შესაძლებლობაც იმ დროს იყო და ამაზე მეტის გაკეთება არ შეიძლებოდა. აქაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახს, იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობდნენ რაიმე ახალი მოეწოდებინათ ჩემთვის. მიხსნიდნენ ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს, როგორიცაა ფერი. მართალია იმ დროისათვის მე ფერის აღქმა ასე არ შემეძლო, თუმცა კონტექსტუალური გაგება ამ და ბევრ სხვა საკითხზე უნდა მქონოდა. სკოლაში მართალოა ცოტა ოდენობით, მაგრამ მაინც, გვქონდა ბრაილის წიგნები. ეს საშუალებას გვაძლევდა მეკითხა ლიტერატურა და განმევითარებინა ჩემი თავი. რაც შეეხება უნივერსიტეტს, ჩემი სტუდენტობა სავსე იყო გამოწვევებითაც და პოზიტიური მოგონებებითაც. საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა რასაც ვაწყდებოდი იყო ის, რომ ზოგიერთი წიგნი არ იყო მისაწვდომი, რადგანაც სკანირებულ დოკუმენტებს ჩვენი პროგრამები იმ დროისათვის საერთოდ ვერ აღიქვამდა. აღიქვამდა, რომ სურათზე შეიძლებოდა ყოფილიყო ტექსტი, თუმცა რაიმე ამბიციურზე საუბარი ზედმეტი იყო. სწორედ აქ გაჩნდა იმის საჭიროება, რომ მომხდარიყო ამ ტექსტთან მუშაობაც. თუმცა ესეც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდა. რადგან ჩვენ უსინათლოთა სკოლაში ნაკლებად თუ ვიყენებდით ჩვეულებრივ დამწერლობას და წერა-კითხვის პროცესი მიმდინარეობდა ბრაილის შრიფტით, კარგი წარმოდგენა არ მქონდა იმის თაობაზე, თუ რომელი ასო როგორ იწერებოდა და რა ფორმა ჰქონდა. შესაბამისად, მჭირდებოდა ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებდა სურათის აღქმას და შემდეგ მის შესწავლას და კანონზომიერებების დადგენას. როგორც ყოველთვის, არც ეს მომხდარა ასე უცებ, რადგან მასალა საკმაოდ ბევრი იყო, ასევე აქტივობებიც. სწორედ აქ იყო ხელოვნური ინტელექტის ძალა. ბევრი დაგეგმარებისა და  წვრთნის ფაზის შემდეგ მივიღე მოდელი, რომელიც საკმაოდ კარგი სიზუსტით იღებს ქართულ ასოებს სურათიდან და გარდაქმნის ტექსტში, რომელსაც შემდეგ ხმოვანი პროგრამა უკვე მიხმოვანებს. ბევრი ცდის შემდეგ მივედი იმ სტანდარტიზაციამდე, რაც საშუალებას იძლეოდა სურათი ისე მომზადებულიყო თავიდანვე, რომ მისი დამუშავება შედარებით მარტივი ყოფილიყო. ამის შემდეგ საქმის კურსში ჩავაყენე შესაბამისი პირები უნივერსიტეტში და შედეგმაც არ დააყოვნა. თუმცა მიუხედავად ამისა, ადაპტირებული წიგნების პრობლემა ჯერ ისევ დგას. კერძოდ, საკმაოდ ძლიერი კომპიუტერია საჭირო, რომ ამდენ დატვირთვას ინტენსიურად გაუძლოს და შედარებით სწრაფად მივიღოთ შედეგი. სადაც ჩვენი თანატოლები გადაშლიან წიგნს და მზად არიან შესასწავლად, ჩვენ ჯერ უნდა მოვიპოვოთ წიგნი, გადავამოწმოთ უამრავი პარამეტრი, გადავატაროთ ათას პროგრამაში და გადავამუშავოთ, ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ სახელმძღვანელო მზადაა. სწორედ ამიტომ ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს ეტაპობრივი მუშაობა, რომ მომავალ თაობებს ასეთივე გზის გაკვალვა აღარ მოუწიოთ და ამ სფეროში ეს მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო განვითარდეს მომავალში.

_სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით იმყოფებოდი საკმაოდ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, რა გამოცდილებები შეგძინა უცხო ქვეყნებში მოგზაურობამ?

_ამ ყველაფერმა საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ჩემს მსოფლმხედველობაზე. პირველ რიგში გავეცანი ახალ კულტურებს, შევიძინე ახალი მეგობრები და რაც ყველაზე მთავარია, გავეცანი უცხო ქვეყნების გამოცდილებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართულებით. რა პროგრესი აქვთ, რა არის გასაუმჯობესებელი, რა ბარიერებს აწყდებოდნენ თავის დროზე. აშშ-ში FLEX პროგრამით ყოფნისას მქონდა შესაძლებლობა არა მხოლოდ გავცნობოდი იქაურ კულტურას, არამედ მაქსიმალურად ვყოფილიყავი ჩართული ამერიკულ ცხოვრებაში, რადგან ვცხოვრობდი ამერიკულ ოჯახში. სწორედ იქ დავადგინე სენსორული ტელეფონების გამოყენების შესახებ, გავიგე, რომ არსებობდა ბრაილის დისპლეიები და  სხვა ბევრი საშუალება, რაც საკმაოდ ამარტივებდა ყოველდღიურ ცხოვრებას და მხდიდა მეტად დამოუკიდებელს პრაქტიკაში. ამასთან, მქონდა შესაძლებლობა უფრო მეტად გამომეცადა თეთრი ხელჯოხი და მესარგებლა გამცილებელი ძაღლის სერვისით, რაც საკმაოდ საფუძვლიანი გამოცდილება იყო. ზემოხსენებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გაუმაგრა ნიადაგი იმ იდეას, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ არსებობს სურვილი, მიზნისკენ სწრაფვა და სწორი ხელშეწყობა. მას შემდეგ ყოველთვის ვცდილობ არ გავჩერდე, მეტი ვიკვლიო და გავაკეთო იმისათვის, რომ შეიქმნას მეტი პროგრესი შშმ პირთა (უფრო კონკრეტულად კი უსინათლოთა) მიმართულებით. ამისათვის კი უკვე მაქვს უამრავი რესურსი, რომელსაც ვიყენებ ყოველ დღე.

_ნიკოლოზ, მუშაობდი ერთ-ერთ პროგრამაზე, რომელსაც „ადაპტირებული ფოტოშოპი“ ჰქვია, უკეთ რომ აგვიხსნა რაში ეხმარებათ ეს პროგრამა უსინათლო ადამიანებს?

_ესაა პროგრამა, რომელიც ეხმარება უსინათლო ადამიანებს უფრო მეტი ინტერაქცია ჰქონდეთ სურათებთან. უსინათლოებს ამ პროგრამის გამოყენებით მარტივად შეუძლიათ გამოსახონ სხვადასხვა ფორმა თუ ფიგურა, დაადგინონ სახეები სურათზე, შეუცვალონ სურათს ფერი ან გადაადგილებით უბრალოდ მეტ დეტალებში შეისწავლონ ის სურათი, რასაც უყურებენ. ეს პროგრამა მაქსიმალურად იყენებს ხმოვან მეთოდებს ინფორმაციის მისაწოდებლად, ასევე მათემატიკურ მითითებებსა და ხელოვნურ ინტელექტს, რაც ინფორმაციის ზუსტად გადაცემის შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად იდეის ასეთი სიმარტივისა, პრაქტიკაში ეს არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. შედეგად ეს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე უფრო დინამიური პროექტია ჩემს პროექტებს შორის. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ვეუფლებოდი ვებ ინტერფეისის დეველოპერის პროფესიას, სადაც კოდის წერასთან ერთად ასევე გავდიოდით დიზაინთან დაკავშირებულ საკითხებსაც. სწორედ აქედან წარმოიშვა ამ პროგრამის იდეა, რომლის მთავარი არსიც თითქოს ფოტოშოპის ადაპტაცია იყო, თუმცა მოგვიანებით მას იმდენი მოდული და ფუნქციონალი დაემატა, რომ ფოტოშოპი არაა ასე მორგებული იმ საჭიროებებს, რაც გვჭირდება ჩვენ. საბოლოო ჯამში ეს პროგრამა მარტივად ურთიერთქმედებს ფოტოშოპთან და სხვა დიზაინერულ პროგრამებთან, თუმცა ის მუდმივი დახვეწის პროცესშია და მხოლოდ ფოტოშოპის ფუნქციებს არ ასრულებს.

_ჩვენთვის ცნობილია, რომ მუსიკას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში.  როდის დაიწყო მუსიკისადმი სიყვარული და ამ კუთხითაც თუ გაქვს წარმატებებისთვის მიღწეული?

_მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს. სწორედ მუსიკა მეხმარება ყველაფერში. როგორც განტვირთვაში, ასევე გარკვეულწილად მოტივატორიცაა ჩემთვის. რაც შეეხება წარმატებებს ამ მხრივ, ვარ მერიის მრავალგზის სტიპენდიანტი, აგრეთვე მუსიკით ვიყავი გერმანიაშიც, სადაც ჩემს ქვეყანას ჩამოვუტანე პირველი ადგილი. ვოკალის მხრივ, ვარ ცაბაძის კონკურსის გამარჯვებული. მართალია აქაც იყო გარკვეული გამოწვევები, თუმცა როგორც ყოველთვის, შრომამ, განვითარების სურვილმა, ინტერესმა და სწორმა მხარდაჭერამ ყველაფერი შეძლო.

_შენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს საქართველოში, რომ უსინათლო ადამიანების ჩართულობა სხვადასხვა საქმიანობაში უფრო გაიზარდოს?

_პირველ რიგში დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს გარემოს ადაპტაციის ნაწილზე. არსებობს შესაბამისი სტანდარტები და გაიდლაინები, რომლების დაცვის შემთხვევაში როგორც ციფრული, ასევე ფიზიკური გარემო ხდება მეტად მისაწვდომი. აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ უსინათლოები უფრო ჩართულები ვიყოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საზოგადოებამ უნდა გაიცნოს მეტი უსინათლო ადამიანი და გაიგოს მათი შესაძლებლობების შესახებ. ამაში ერთ-ერთი დიდი ხელის შემწყობი ფაქტორია საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაჩერებების გამოცხადება. მეორეს მხრივ, უსინათლო ადამიანები რაც შეიძლება მეტად ჩარტულები უნდა ვიყოთ მიმდინარე მოვლენებში. ხშირია შემთხვევა, როცა მშობლებიდან და სხვა გარემოფაქტორებიდან გამომდინარე ოჯახი ცდილობს იზოლაციაში ამყოფოს უსინათლო ადამიანი. არადა რაც საჭიროა არის ზუსტად საწინააღმდეგო. კომუნიკაცია, სოციალიზაცია და მისი ცნობიერების განვითარება. აგრეთვე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისთვის იმის შთაგონება, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ყოველივე ეს ფსიქოლოგიურად საკმაოდ მნიშვნელოვანია ჯერ კიდევ ბავშვობის ეტაპიდან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოების მხრიდან გადამეტებული დახმარების სურვილი. რა თქმა უნდა გასაგებია ის, რომ ხალხს დახმარება სურს და ამისთვის მადლობა, თუმცა მნიშვნელოვანია გავიგოთ ის, რომ ზოგჯერ უსინათლო ადამიანს სურს დამოუკიდებლად გზის გაკვალვა. აღნიშნულ პროცესს თან ახლავს ბევრი გამოცდილება, და ამ დროს უსინათლო ადამიანი კონცენტრირებულია ერთდროულად ბევრ რამეზე. ხმები, სუნი, ტაქტიკული ნიშნები ფეხქვეშ, შესაძლოა ტელეფონიც კი, გზის მისანიშნებლად. შესაბამისად ამ დროს ყველაზე კარგი საშუალებაა მიახლოებისას ვკითხოთ, ესაჭიროება თუ არა მას ჩვენი დახმარება? ხოლო თანხმობის შემთხვევაში, რაში და როგორ შეგვიძლია რომ დავეხმაროთ. ყველას აქვს გარკვეული საჭიროებები და ამ ინდივიდუალური საჭიეობის გათვალისწინებით უსინათლო ადამიანი თავად იტყვის თუ როგორ უფრო უკეთესად იქნება შესაძლებელი მისი დახმარება.

_ნიკოლოზ, ეს სტატია უამრავი ადამიანისთვის იქნება მოტივაცია, რას ურჩევდი უსინათლო ადამიანებს, რომლებსაც მათ ეს დაკარგული აქვთ?

_პირველ რიგში, არ დაკარგონ მოტივაცია და თვითრწმენა. მართალია ყველას გვაქვს მომენტები როცა ყველაფერი არც თუ ისე კარგად ლაგდება ხოლმე, თუმცა მთავარია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ დაღმასვლას აღმასვლა მოჰყვება. მნიშვნელოვანია პროცესებში აქტიურად ჩართვა და იმ გადაწყვეტილებების თვითონ მიღება, რაც უშუალოდ შენზე ახდენს გავლენას. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი, მზადყოფნა პასუხისმგებლობის ასაღებად. წარუმატებლობები შეიძლება ბევრია, თუმცა ძლიერი ისაა, ვინც მათ არ უშინდება და უდრეკად მიდის მიზნისაკენ. ყოველი წარუმატებლობა ახალი გაკვეთილია და მთავარია შეცდომებზე სწავლა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მარტო არ ხარ. არსებობენ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებიც, რომლებსაც დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების წყალობით შეგიძლია დაუკავშირდე და კითხო რჩევა. დახმარების თხოვნა ცუდი არაა. პირიქით, როცა შენ ითხოვ დახმარებას და ცდილობ ამ დახმარების შემდეგ თავადაც სცადო იგივე შედეგზე დამოუკიდებლად გახვიდე, ეს მხოლოდ შენს განვითარებაზე მეტყველებს. აქ მნიშვნელოვანია ოჯახის და იმ პირების ჩართვა, ვინც ამ ეტაპზე ეხმარებათ მათ. დაეხმარეთ მათ თანატოლებთან დაკავშირებაში, სოციალიზაციაში და განვითარებაში შეძლებისდაგვარად. ზემოხსენებული თანაბრად ეხება არა მხოლოდ უსინათლოებს, არამედ ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

ავტორი: ანი სარდლიშვილი