სახლიდან და რესტორნიდან გამოსულ ხმაურზე სანქციები მკაცრდება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღის ან ღამის საათებში სახლიდან ან/და ნებისმიერი კომერციული დაწესებულებიდან გამოსულ ხმაურზე სანქციები მნიშვნელოვნად მკაცრდება. კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს 28 სექტემბერს.

რა იცვლება?
ხმაურზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოქალაქეს ან კომერციულ დაწესებულებას, გაფრთხილების ნაცვლად, პირველ შემთხვევაშივე დააჯარიმებენ - მოქალაქეს 150 ლარით, კომერციულ დაწესებულებას - 1500 ლარით (იზრდება 3-ჯერ);
ხელმეორედ მსგავსი დარღვევისთვის მოქალაქე 500 ლარით (ახლა 300 ლარია), ხოლო ორგანიზაცია 5000 ლარით (ახლა 1000 ლარია) დაჯარიმდება;
თუ ხმაურზე დაწესებულ შეზღუდვას მოქალაქე მესამედ დაარღვევს, 1000 ლარით დაჯარიმდება. ორგანიზაციის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 10 000 ლარი.
კომპანიების საქმიანობის მიხედვით, ხმაურის დონე დღისა და ღამის საათებში სპეციალური რეგლამენტით არის განსაზღვრული.

რატომ იცვლება?
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, სხდომაზე თქვა, რომ არის შემთხვევები, როცა დაწესებულებების მფლობელებს სანქციის დაკისრება ურჩევნიათ (მისი სიმცირის გამო), ვიდრე პრობლემის აღმოფხვრა. დამატებით, პარტია "ქართული ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ როცა კანონმდებლობა სამართალდარღვევის პირველად ჩადენისთვის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, პრობლემა არ სწორდება.

"შესწავლილი ჰქონდათ [კანონმდებლობა] გარკვეულ პირთა ჯგუფს... იმ ნაწილში, სადაც არის განთავსებული ბარები, რესტორნები და ტურისტული ლოკაციებია, იქ და მომიჯნავე მხარეებში ცხოვრება შეუძლებელია... ერთი მხრივ, იყო რეგულაცია, მეორე მხრივ - ვერ იცავდა ადამიანებს... აღმოჩნდა, რომ [დაწესებულებების ნაწილში] იცვლებოდა პასუხისმგებლობის ამღები პირები, იძახდა, რომ "მე ვქენი, მე ჩავრთე ეს მუსიკა", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

დაჯარიმების რა პრაქტიკა არსებობს?
პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტში მოყვანილია ხმაურის ნორმების დარღვევის შემთხვევებისა და დაწესებული სანქციების სტატისტიკური მონაცემები. ამ მონაცემების თანახმად, 2021 წელს ხმაურის ნორმების დარღვევის 148 შემთხვევა დაფიქსირდა, 2022 წელს - 253, ხოლო 2023 წლის 7 თვეში - 344. სულ დაიწერა 306 გაფრთხილება და შედგა 564 სამართალდარღვევის ოქმი.

წყარო: რადიო თავისუფლება