რა მოხდა ბლექ სი არენაზე - The Killers ბოდიშს იხდის

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გუშინ Black Sea Arena-ზე კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში ჯგუფი The Killers-ის კონცერტი გაიმართა. კონცერტი მსმენელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან ჯგუფის სოლისტმა ბრენდან ფლაუერსმა დარბაზიდან სცენაზე დრამერი აიყვანა, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

პროტესტი გამოწვია იმან, რომ The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ შერჩეული დრამერი რუსი აღმოჩნდა. ფლაუერსმა თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს. დარბაზში მსმენელის ნაწილის გაპროტესტების მიუხედავად,რუს დრამერთან ერთად ჯგუფმა კომპოზიცია მაინც შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". 

რამდენიმე საათის შემდეგ The Killer-მა ამ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ქართველ აუდიტორიას ბოდიში მოუხდა. 

"კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა! აუდიტორიიდან ადამიანების დრამზე დასაკრავად მოწვევის მრავალწლიანი ტრადიცია გვაქვს და დარბაზში შეკრებილი მსმენელების თავდაპირველი რეაქციიდან ჩანდა, რომ არ იყო უარყოფითად განწყობილი ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანის მიმართ. გვესმის, რომ კომენტარი, რომლის შინაარსიც იყო ის რომ The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი "ძმები და დები" არიან, შესაძლოა, არასწორად ინტერპრეტირდეს. ჩვენ არ გვსურდა არავის შეურაცხყოფა და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით" - წერს ჯგუფი The Killers ფეისბუკის გვერდზე.

ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება ასევე გაავრცელა Black Sea Arena-მ:

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით“