ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„შარშან დავიწყეთ „მთის დღეების“ აღნიშვნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ემსახურება, ზოგადად, მთის დაფასებას, მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასებას. მე მინდა, მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო“, - განაცახადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, „მთის დღეების“ ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, „მთის დღეები“ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, დაათვალიერონ ქვეყნის უნიკალური ბუნება, არამედ, ბევრ ტურისტსაც მოიზიდავს. თუმცა, ვიდრე შოვში, „მთის დღეების“ ცერემონიას დაესწრებოდა, პრემიერი სვანეთსა და ლეჩხუმსაც ეწვია და იქ მიმდინარე, თუ უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

 ვიდრე „მთის დღეების“ ცერემონიას განვიხილავთ, მივყვეთ ქრონოლოგიას და ლენტეხით დავიწყოთ, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 15 ივლისს იმყოფებოდა. ლენტეხში, მთავრობის მეთაურმა თამარ მეფის განახლებული ქუჩა დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია მისივე ინიციირებული პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში განხორციელდა.

მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. ქარსელაძემ აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.

პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ლენტეხში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 შენობას, თუმცა მთლიანობაში, რეაბილიტირდება 39 შენობის გარე ფასადები; შეიცვლება კარ-ფანჯრები, მოეწყობა გზის გამყოფი გამწვანების ზოლი, ღობეები, ტროტუარები, სკვერი. სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებში დაიხარჯა 4 935 828 ლარი, მაგრამ დამატებით იგეგმება 1 800 000 ლარის ინვესტირება.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ლენტეხში, მჟავე წყლის განახლებული ტერიტორიაც დაათვალიერა, რადგან მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები უვკე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო მცირე ზომის საგამოფენო სივრცე. მოწესრიგდა მიმდებარე გზის სავალი ნაწილი და სადრენაჟე სისტემა, მოეწყო პარკინგი, დეკორატიული განათებები, მოპირკეთდა კედლები, დამონტაჟდა სკამები.

პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარი გახლდათ.

ლენტეხის შემდეგ, პრემიერმა გეზი ლეჩხუმისკენ აიღო და ცაგერის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია, დავით აღმაშენებლის ქუჩა და სკვერი დაათვალიერა. მეტიც, მთავრობის მეთაური ადგილზე, ცაგერის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

ეს პროექტები ცაგერში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში განხორციელდა. აშენდა ახალი აგრარული ბაზრის თანამედროვე სტანდარტების შენობა. რაც მთავარია, ცაგერში დასრულდა ლადო ასათიანის სახელობის სკვერის, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული 17 შენობის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სკვერის საფეხმავლო ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, დამონტაჟდა დამატებითი გარე განათება, განახლდა რეკრეაცია, შენობების ფასადები, ვიტრაჟები, საფეხმავლო ზოლი და მიმდებარე სახლების ღობეები.

ცაგერში სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად, პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებზე დაიხარჯა 5 031 885 ლარი, ხოლო მესამე ეტაპის სამუშაოებზე, დამატებით. 1 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება.

ირაკლი ღარიბაშვილი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანესაც შეხვდა და მასთან ერთად, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. უკვე ორი წელია, რაც უძველესი ტაძრის აღდგენა მიმდინარეობს. ძველი ტაძრის ნანგრევების აღდგენის პარალელურად, სრულდება ტაძრისა და ეზოს სამშენებლო და მოპირკეთების სამუშაოები.

ლეჩხუმიდან პრემიერ-მინისტრი რაჭას ესტუმრა და შოვში, „მთის დღეების“ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

„მთა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველწლიურად, სხვადასხვა ლოკაციაზე გავმართავთ „მთის დღეებს“ და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ტრადიციაა. გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ, მოინახულონ ჩვენი უნიკალური ბუნება, მართლაც უნიკალური, ხელშეუხებელი ბუნება, ჩვენი საგანძური, ბევრი ტურისტი ჩამოვა, ბევრი დამსვენებელი ნახავს ჩვენი ქვეყნის სილამაზეს, სიდიადეს და ვფიქრობ, ძალიან კარგი ტრადიცია გამოგვივიდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფესტივალის ფარგლებში, მთის ერთგულებისა და მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ტყის მცველები დააჯილდოვეს.

„მთის დღეები“ საქართველოს მთავრობისა და უშუალოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე წელია, იმართება.

ფესტივალის ფარგლებში, შეფებმა - ლევან კობიაშვილმა და დიმიტრი შარაშიძემ კულინარიული „მასტერკლასი“ ჩაატარეს. სტუმრები გაეცნენ მთის ხინკლის ისტორიას, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა და შემეცნებითი, ეთნოგრაფიული კუთხე. ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო სპორტული აქტივობები და შემეცნებითი ტურები.

შოვის გარდა, 15 ივლისს, „მთის დღეები“ გაიმართა თუშეთსა და იმერეთში, ხოლო 22 ივლისს, ყაზბეგში, გურიასა და სვანეთში ჩატარდება, სადაც წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი პროგრამა, ადგილობრივი კერძების „მასტერკლასები“ და დეგუსტაცია.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვია და ახლადაშენებული მუზეუმი დაათვალიერა. განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ მიაწოდა. 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ონის მუზეუმის აღჭურვაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ კოორდინირებულად იმუშავებენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა საჭირო სახსრები. ამჟამად, მუზეუმის მიერ მომზადებული კონცეფციის მიხედვით, მიმდინარეობს შესაბამისი პროექტის მომზადება.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა 2022 წელს დასრულდა. ახალი, თანამედროვე სტანდარტის მუზეუმის შენობაში გათვალისწინებულია მუდმივი ექსპოზიციისა და დროებითი გამოფენების ორსინათლიანი დარბაზები და ფონდსაცავები, საკონფერენციო დარბაზი - სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით. მუზეუმს აქვს სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა, საგამოფენო ადმინისტრაცია, ფონდსაცავები და დამხმარე სათავსოები. მშენებლობისას გამოყენებულია ადგილობრივი ბუნებრივი ქვა და ხის მასალა.

შენობა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის პროექტირება-მშენებლობა საქართველოს მთავრობამ 5 500 000 ლარით დააფინანსა. მუზეუმში განთავსდება წლების განმავლობაში დაგროვილი უნიკალური და მნიშვნელოვანი არტეფაქტები. ახალი მუზეუმით, ონს შეემატა კიდევ ერთი ეფექტინი სივრცე კულტურული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და საჯარო ღონისძიებებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში, ღვინის საწარმო „მელიტონს“ ესტუმრა, სადაც მას საწარმოს მფლობელმა, გიორგი სხირტლაძემ უმასპინძლა. გიორგი სხირტლაძემ პრემიერს საკუთარი კომპანიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა სოფლის მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას. სხირტლაძის თქმით, ღვინის საწარმოს დაარსებასა და წარმატებით ფუნქციონირებაში სახელმწიფო პროგრამები დაეხმარა.

მეღვინეობა „მელიტონმა“, სოფლის განვითარების სააგენტოს 300 000 ლარიანი თანადაფინანსებით და 450 000 ლარის ოდენობით, შეღავათიანი აგრო-კრედიტის პროგრამით ისარგებლა. საწარმო სეზონზე 100 ტონა ყურძენს ამუშავებს.

ამბროლაურშივე, ირაკლი ღარიბაშვილმა აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლადმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა - მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სტადიონები და ფრენბურთისთვის განკუთვნილი ქვიშის მოედანი დაათვალიერა. 

მთავრობის მეთაურმა განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ჯამური ღირებულება 905 555 ლარი იყო.

მიმდინარე წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ოთხი სხვადასხვა დანიშნულების სპორტული მოედნის მოწყობის გარდა, შიდა პერიმეტრზე, ბეტონის საფარის ბილიკები დააგეს, ტერიტორია შემოღობეს, განათებები დაამონტაჟეს და დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღადგინეს.

მთავრობის მეთაურმა თავისი ვიზიტი სვანეთში, ლეჩხუმსა რაჭაში, ამბროლაურში დაასრულა. აქ მან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ლერი ბარნაბიშვილთან ერთად, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებული სკვერი და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ამბროლაურში, სრულად განახლდა ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის პარკი და დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერი. შენობებზე გამოიცვალა ვიტრაჟები, ფასადები განახლდა ენერგოეფექტიანი მასალებით, სკვერებში განახლდა საფეხმავლო ზოლი, დაიგო ქვაფენილი, დაემატა მწვანე ნარგავები, დამონტაჟდა სკამები და მოეწყო ერთი ღია ტიპის სცენა. ამბროლაურში, პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ჯამში, 4 088 919 ლარი მოხმარდა.

მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. შედეგად, ტერიტორიაზე მოეწყო რეკრეაციული ზონა, სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცეები, ველობილიკი, საფეხმავლო ხიდი; დაიდგა მხარის სახელწოდების აღმნიშვნელი ორენოვანი კონსტრუქცია; დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, სკამები და სხვა საბაღე ინვენტარი; დაიგო დეკორატიული ფილები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

ავტორი: მაკა რუხაძე