ქვეწარმავლების უნებართვო ყიდვა-გაყიდვა - რა საფრთხის წინაშე დგას საზოგადოება და ეგზოტიკური ცხოველები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაური ცხოველები, ადამიანების ერთგული მეგობრები და სიყვარულის გამზიარებელი არსებები, ქალაქში, სახლის პირობებში ძალიან ბევრს ჰყავს  და ეს გასაკვირი სულაც არ არის, თუმცა, დამეთანხმებით, ყოველთვის განცვიფრებას იწვევს ეგზოტიკური ცხოველების/ქვეწარმავლების შეძენა და მოშინაურება. ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებიც სახლში შინაურ ცხოველებს ზრდიან  აქვთ ღრმა სიყვარული ცხოველების მიმართ და მათგანაც იგივე სითბოს იღებენ, თუმცა, ქვეწარმავალს მაგალითად გველს, მსგავსი გრძნობები არ გააჩნია, მეტიც შესაძლოა ის პატრონსაც ვერ ცნობდეს.  გარდა ამისა, სახლში ისეთი ეგზოტიკური ცხოველის ყოლა, როგორიცაა გველები, ხვლიკები ან ობობები, შეიძლება გარკვეულ რისკებსა და გამოწვევებს წარმოადგენდეს.

ეგზოტიკური ცხოველები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც აქვთ აგრესიისკენ მიდრეკილება, შეიძლება იყოს პოტენციურად საშიში, თუ სათანადოდ არ იქნება დაცული. არასწორ ხელში, ამ ცხოველებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნან მფლობელს, მათი ოჯახის წევრებს და ფართო საზოგადოებას. ასევე, შესაძლოა ბევრი არ დაფიქრებულა იმ ფაქტზე, რომ  არ არის გამორიცხული ეგზოტიკური ცხოველი ვინმემ მავნე/ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენოს. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ ადამიანს მათ მიმართ გარკვეული ფობიები აქვს. უეცარი შიში კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ნევროლოგ მაკა მანიას თქმით, შიში შესაძლოა გახდეს მძიმე ფსიქოლოგიური აშლილობის მიზეზი.

შიშთან თანხლებულ ნეგატიურ ემოციას შეუძლია განაპირობოს ისეთი დაავადებების აღმოცენება, როგორიცაა ფობიური აშლილობა, პანიკური შეტევები, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, სომატოფორმული ავტონომიური დისფუქნცია და სხვ. ბუნებრივია ყველა სახის შიში არ იწვევს პათოლოგიას. მნიშვნელობა აქვს შიშის ინტენსიობას, მის ჯერადობას, ასევე იმ პიროვნების თავისებურებებს, რომელმაც განიცადა შიში. ერთჯერადი ძლიერი სტრესული ფაქტის შემდეგ აღმოცენდება ისეთი ფსიქოლოგიური აშლილობები, როგორიცაა მწვავე სტრესული აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. მისთვის დამახასიათებელია უკვე მომხდარი სახიფათო ფაქტის მტანჯველი გახსენება თვალწინ რეალურ ცოცხალ კადრებად, ასევე უკვე განვლილი მძიმე გამოცდილების თავიდან განცდა, აკვიატებული აზრები, აკვიატებული კადრები, ღამის კოშმარებიოფლიანობა, გულისფრიალი, ფიზიკური ტკივილი და სხვ. ფსიქოლოგიური აშლილობის გარდა შიშს შესაძლოა უკავშირდებოდეს ასევე მრავალი სომატური პათოლოგიაც. მაგალითად, კარგად არის ცნობილი მწვავე სტრესული წყლულები. მრავალჯერადი ეპიზოდური შიშის დროს იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის, გულ-სისლხძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სიმსივნეებისა და სხვა დაავადებების რისკიც,“ - აცხადებს მაკა მანია „ვერსიასთან“ საუბრისას

„ვერსია“ თბილისის, რამდენიმე ზოომაღაზიაში, იმყოფებოდა, სადაც ძალიან მარტივად, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე შესაძლებელია ეგზოტიკური ცხოველების/ქვეწარმავლების შეძენა, მათ შორის, გველების. კონსულტანტებისგან რა თქმა უნდა მიიღებთ რჩევებს მათი მოვლის და სპეციალური საჭიროებების შესახებ, თუმცა, არავინ გკითხავთ სინამდვილეში გაქვთ თუ არა მათი მოვლა/პატრონობის უნარი ან რამდენად ცხოველთმოყვარე ხართ და სხვა მიზნებისთვის ხომ არ აპირებთ შეძენას. ზოომაღაზიებს რომ თავი დავანებოთ, როგორც გავარკვიეთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ არსებობს რამდენიმე გვერდი და ჯგუფი, სადაც ეგზოტიკური ცხოველები ონლაინ იყება. საკმარისია დაინტერესდეთ და ფინანსები გქონდეთ, ყოველგვარი ზემდეტი კითხვების გარეშე გველი, ობობა, ხვლიკების ნაირსახეობა და სხვა ქვეწარმავლები თქვენი გახდება.

მათი ფასები სახეობების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად ყველაზე დაბალი ღორებულების გველები ძირითადად 200-250 ლარად იყიდება. კალიფორნიულ სამეფო გველს 400 ლარად შეიძენთ, სიმინდის გველს 350 ლარიდან, ხის პითონის ფასი კი 1900 ლარიდან იწყება. იყიდება ობობებიც როგორიცაა ტარანტული, მისი ფასი 150 ლარიდან იწყება. გეკონების ფასი 200-250 ლარიდან, წვერებიანი აგამების 400 ლარიდან.

ეგზოტიკურ ცხოველებს აქვთ სპეციფიკური გარემო და მოვლის საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილება შეიძლება რთული იყოს სახლის პირობებში. შესაბამისი შიგთავსების, ტემპერატურისა და ტენიანობის პირობების შექმნა, შენარჩუნება და სათანადო კვების უზრუნველყოფა მოითხოვს ცოდნას, ძალისხმევას და ფინანსურ რესურსებს. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, ავადმყოფობა და ცხოველის სიკვდილიც კი.

საზღვარგარეთის ქვეყნებს აქვთ რეგულაციები და ნებართვები ეგზოტიკური ცხოველების ფლობისა და ვაჭრობის მონიტორინგისთვის. ეს რეგულაციები მიზნად ისახავს ცხოველების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ ამ რეგულაციების აღსრულებაზე, რომ მიიღონ ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ეწევიან უკანონო საქმიანობას ან საფრთხეს უქმნიან ცხოველთა კეთილდღეობას.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში, გარკვეული ეგზოტიკური ცხოველების ფლობას შეიძლება დასჭირდეს ლიცენზია ან ნებართვა. სპეციფიკური მოთხოვნები შეიძლება განსხვავდებოდეს სახეობის, საკუთრების მიზნის (მაგ. შინაური ცხოველების ფლობა, მოშენება, სამეცნიერო კვლევა) და ქვეყნის რეგულაციების მიხედვით.

ასეა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, თითოეულ შტატს აქვს საკუთარი კანონები და რეგულაციები ეგზოტიკური ცხოველების მფლობელობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებით. ზოგიერთ შტატს აქვს კონკრეტული ლიცენზირების მოთხოვნები ან აშკარა აკრძალვები გარკვეულ სახეობებზე.

მათ კი ვისაც ეგზოტიკური ცხოველები/ქვეწარმავლები ხიბლავს და შეძენა უკვე  გადაწყვეტილი აქვს, გაიარეთ ექსპერტებთან კონსულტაციები, როგორიცაა ეგზოტიკური სახეობების სპეციალობით ვეტერინარები ან ჰერპეტოლოგები, რათა მიიღოთ პასუხისმგებლობისა და რისკების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია.

 

 

ავტორი:  ია გრიგალაშვილი