მაღაროელების პროტესტის მე-14 დღე - რა ხდება ჭიათურაში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი, მე-14 დღეა, გრძელდება. ქუჩაში გამოსული მაღაროელები და მათი ოჯახები ღირსეულ ანაზღაურებასა და შრომით პირობებს ითხოვენ.

პროტესტის პარალელურად კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობს, რათა არ შეწყდეს მათი საქმიანობა. კომპანია აცხადებს, რომ კრიზისის მიუხედავად უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.

გაფიცულები თანამშრომლები კი ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

რას ითხოვენ გაფიცულები?

გაფიცული მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ. რამდენიმე შეხვედრა გაფიცულებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა.

„ჩვენთვის მიუღებელი და დამამცირებელია კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ხელფასის ხუთი პროცენტით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პროტესტი სულ უფრო მწვავდება, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, მეორემ თვალები. პროტესტი შიმშილობის ფონზე მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა, დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გთავაზობთ განცხადებას:„18 ივნისს კომპანიის მენეჯმენტის, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა. დასაქმებულთა მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

– 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება – 12-საათიანი სამუშაო  გრაფიკით;

– პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც;

– კომპანიაში აუდიტის ჩატარება;

კომპანია მზადაა, პარალელურად შეიქმნას ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩაერთვება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, მედიატორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში და პროფკავშირები.

კომისია შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან.

ასევე, კომისია შეისწავლის სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდსა და კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.

პროფკავშირების მოთხოვნით, კომპანია აცხადებს მზაობას, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოადგინოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა საწარმოს გასული ორი წლისა და მიმდინარე წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

ასევე, კომპანია მზად არის, დამოუკიდებელმა აუდიტორმა შეაფასოს ჭიათურის მადნის კონცენტრატის საპროგნოზო, საგეგმო თვითღირებულება.

აქედან გამომდინარე, კომისია იმსჯელებს შრომითი და ფინანსური კრიზისის დაძლევისა და გამოსწორების შესაძლო გზებზე, რათა თანაბრად იყოს დაცული დასაქმებულთა და დამსაქმებლის ინტერესები.

ამ ეტაპისთვის კომპანიაში დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება შეუძლებელია. „ჯორჯიან მანგანეზში“ დღეს არსებული კრიზისი გამოწვეულია მადნის ფასის მნიშვნელოვნად გაუფასურებით. კომპანია ასეთ რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს და მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდის.

კომპანიას მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალია წარმოების დროულად განახლება. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს თანამშრომლებს კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმებისკენ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მედიაციის პროცესში სახალხო დამცველი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩართული.

2023 წლის 15 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურის გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. აქციის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს შრომის პირობებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააცნეს და სახალხო დამცველს მედიაციაში დახმარება სთხოვეს.

„პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, ის არის რომ უკვე მეოთხე დღეა ადამიანები შიმშილობენ და დღემდე ადგილზე არ არის ექიმი, რომელიც მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუწევდა მონიტორინგს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ მიმდინარე მოვლენები, ვინაიდან საქმე ეხება ერთ-ერთ ძირითად ადამიანის უფლებას - შრომის უფლებას. ჩართულები ვართ პროცესში და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს. აქციის მონაწილეები არ არიან რადიკალურად განწყობილნი და მზად არიან წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე; თუმცა, ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს, რათა მხარეთა პოზიციები მაქსიმალურად იყოს დაახლოებული და დასაქმებულთა შრომისა და უსაფრთხოების პირობები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის შემდეგ.

ჭიათურიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები დაიძრნენ. დარღვეულ შრომის უფლებებს მოქალაქეები თბილისის პარლამენტთან გააპროტესტებენ, პირველ ეტაპზე დედაქალაქში 40 ადამიანი ჩამოვა. გაფიცული მუშების დიდი ნაწილი ჭიათურაში, მერიასთან რჩება.

"პირველი საათიდან ვიწყებთ გადაადგილებას თბილისის მიმართულებით. კარვების გაშლის უფლებას მოგვცემს თუ არ მოგვცემს მთავრობა, ჩვენ ვაპირებთ შიმშილობას. ღია ცის ქვეშ სიცხეში წვიმაში არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ჩვენი პროტესტი და ჩვენი აუცილებელი სამართლიანი მოთხოვნები უნდა დავაყენოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო. არ ესმით ჭიათურიდან გაიგონებენ პარლამენტის შენობიდან, - ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე