ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები პირადი ჰიგიენის პროდუქტებში - როგორ დავიცვათ თავი მოსალოდნელი საფრთხისგან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შამპუნი, დეოდორანტი, სახის და ტანის კრემი, საპონი, კოსმეტიკა, თმის საღებავი და სუნამო. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის სახლში მოიძებნება. თუმცა, ცოტას თუ უფიქრია მათ შემადგენლობაზე და იმაზე, რომ შეიძლება მათი რომელიმე ინგრედიენტი ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი მაკონტროლებელი ორგანო ჰყავს, რომელიც მსგავსი პროდუქტების რეალიზაციის პროცესს ზედამხედველობს  , მსოფლიოში  პირადი ჰიგიენის ნივთების შემცველობა მასშტაბურად მაინც ვერ  კონტროლდება. განსაკუთრებით კი ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო. აქ უამრავი მავნე ნივთიერების შემცველი პროდუქტი იყიდება.

პირადი ჰიგიენის საშუალებები უშუალო კონტაქტშია ჩვენს კანთან, თმასთან და სხეულის სხვა ნაწილებთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი არ შეიცავდეს მავნე ქიმიკატებს ან ალერგენებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი სხეულის გაღიზიანება ან ჯანმრთელობის პრობლემები.

რამდენიმე დღის წინ, momxmarebeli.ge - მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ გასულ თვეში არაერთი პირადი ჰიგიენის საშუალება და კოსმეტიკური პროდუქტი გამოავლინა, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნეა. მათ შორისაა, ისეთი ბრენდების ნაწარმიც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ფართოდაა გავრცელებული. ესენია პალმოლივი, გარნიე, ინტეზა და დავი. ყველა მათგანში აღმოჩნდა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA), რომელიც ამ პროდუქტების შემადგენლობაშია მითითებული. ეს ნივთიერება წლების მანძილზე გამოიყენებოდა ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში, თუმცა, ბოლო წლებში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ნაწარმში მისმა შემცველობამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და ორსულობის შემთხვევაში, ნაყოფი. შესაბამისად, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა ისეთი კოსმეტიკური ნაწარმისა და ჰიგიენის საშუალებების გაყიდვა, რომლებშიც butylphenyl methylpropional (BMHCA) შედის.

რომელ მავნე ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს პირადი ჰიგიენის საშუალებები?

პირადი ჰიგიენის საშუალებები შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა მავნე ნივთიერებას, როგორებიცაა:

პარაბენი: პარაბენები არის კონსერვანტები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება პირადი მოვლის საშუალებებში, როგორიცაა შამპუნები, ლოსიონები და დეოდორანტები. ისინი დაკავშირებულია ძუძუს კიბოსთან და ჰორმონების დარღვევასთან.

ალუმინის მარილები: ალუმინი იღლიის მოვლის პროდუქტებში არსებული საფრთხის კიდევ ერთი მიზეზია, რომლებიც ხშირად გვხვდება ანტიპერსპირანტებში. იტალიის ბიომოლეკულური მეცნიერებების დეპარტამენტის ბოლო მოხსენებამ აჩვენა, რომ კიბოთი დაავადებული პაციენტების ძუძუს წვეთებიდან მიღებული სითხე თითქმის ორჯერ მეტ ალუმინს შეიცავს, ვიდრე ძუძუს კიბოს გარეშე ქალების მიერ მიღებული ძუძუს სითხე.

ფთალატები: ფტალატები არის ქიმიკატების ჯგუფი, რომლებიც გამოიყენება პლასტმასის დარბილებისა და მოქნილობის გასაზრდელად. ისინი ასევე გამოიყენება პირადი მოვლის საშუალებებში, როგორიცაა სუნამოები და ფრჩხილის ლაქები.  იწვევს განვითარების და რეპროდუქციულ პრობლემებს.

ტრიკლოსანი: ტრიკლოსანი არის ანტიბაქტერიული აგენტი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ხელის საპნების, კბილის პასტების და სხვა პირადი მოვლის საშუალებებში. ის დაკავშირებულია ჰორმონების დარღვევასთან.

ფორმალდეჰიდი: ფორმალდეჰიდი არის კონსერვანტი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი პირადი მოვლის საშუალებებში, როგორიცაა თმის მოვლის საშუალებები და ფრჩხილის ლაქი. ის ცნობილი კანცეროგენია და შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები.

ეს არის მავნე ნივთიერებების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება პირადი ჰიგიენის საშუალებებში მოიძებნოს. მნიშვნელოვანია, წაიკითხოთ ეტიკეტები და ვიცოდეთ პროდუქტების ინგრედიენტების შესახებ, რომლებსაც ვიყენებთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი უსაფრთხოა ჩვენთვის და გარემოსთვის.

 

სად შევამოწმოთ პირადი ჰიგიენის საშუალებების შემადგენლობა და უსაფრთხოების დონე?

პირველ რიგში, შეძენამდე შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენს მიერ გამოყენებული პირადი ჰიგიენის საშუალებების ეტიკეტის შემოწმებით. ინგრედიენტები უნდა იყოს მითითებული შეფუთვაზე ან პროდუქტის ვებსაიტზე.

სამწუხაროდ, ქართული ვებ-გვერდი ან აპლიკაცია არ არსებობს, თუმცა, შეგიძლიათ უცხოური რესურსით ისარგებლოთ.  თუ გსურთ იცოდეთ, არის თუ არა რომელიმე ინგრედიენტი ტოქსიკური, შეგიძლიათ შეისწავლოთ თითოეული ინგრედიენტი ინდივიდუალურად. გარემოსდაცვითი სამუშაო ჯგუფის (EWG) Skin Deep მონაცემთა ბაზა არის სასარგებლო რესურსი, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას პირადი მოვლის საშუალებებისა და მათი ინგრედიენტების უსაფრთხოების შესახებ. შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული პროდუქტი ან ინგრედიენტი და იპოვოთ მისი პოტენციური ჯანმრთელობის საფრთხეების რეიტინგი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირადი მოვლის საშუალებების ეტიკეტზე ტერმინები „ბუნებრივი“ და „ორგანული“ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი უსაფრთხოა ან თავისუფალია ტოქსიკური ნივთიერებებისგან. მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხოთ ინგრედიენტების სია და ჩაატაროთ კვლევა პირადი მოვლის საშუალების გამოყენებამდე.

შეგიძლიათ შეამოწმოთ, შეიცავს თუ არა პირადი ჰიგიენის საშუალებები ტოქსიკურ ნივთიერებებს რამდენიმე ვებსაიტზე, როგორიცაა:

https://www.ewg.org/skindeep/

https://www.safecosmetics.org/

https://www.madesafe.org/certified-products/personal-care/

აპლიკაცია: yuka

როგორც აღვნიშნე, ეს ვებ-გვერდები და აპლიკაცია გვაწვდიან ინფორმაციას პირადი მოვლის საშუალებებისა და მათი ინგრედიენტების უსაფრთხოების შესახებ. შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული პროდუქტი ან ინგრედიენტი და იპოვოთ მისი პოტენციური ჯანმრთელობის საფრთხეების რეიტინგი. გარდა ამისა, ეს ვებსაიტები გვაწვდიან ინფორმაციას კომპანიების შესახებ, რომლებიც ვალდებულნი არიან ამოიღონ გარკვეული ტოქსიკური ქიმიკატები თავიანთი პროდუქტებიდან.

აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია. ამის გარეშე, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ვერ იქნება დაცული.

ბაზარზე შემოსული მავნე ნივთიერების შემცველი პროდუქტებიდან  საქართველოში ყველაზე დიდი გამოხმაურება ბავშვთა სათამაშოებში აღმოჩენილმა ტოქსიკურმა ნივთიერებებმა გამოიწვია. ამის შესახებ, მედიაში თვეების მანძილზე მზადდებოდა სიუჟეტები, რის შედეგადაც რამდენიმე თვის წინ, ბაზარზე ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობამ კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც 77  სახეობის  სათამაშოს რეალიზაცია შეუჩერდა, თუმცა, ეს საკითხი კვლავ პრობლემად რჩება და ჩვენს გარშემო, ყოველდღიურად უამრავი საშიში ნივთი იყიდება.

ავტორი: ია გრიგალაშვილი