ბოჭორმის ციხე-კომპლექსის ხე-მცენარეებისაგან გათავისუფლების მასშტაბური პროექტი დასრულდა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბოჭორმის ციხე-კომპლექსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ხე-მცენარეებისგან გათავისუფლების მასშტაბური პროექტი წარმატებით დაასრულა.
ბოჭორმის კომპლექსს XX საუკუნის 90-იან წლებში არქიტექტორ-რესტავრატორების - სოსო ბანძელაძისა და ნიკო ზაზუნიშვილის მონაწილეობით ჩატარებული გამაგრებითი და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩასტარებია.


ძეგლის ტერიტორიაზე ამოსული ხე-მცენარეები კი აზიანებდა გალავანს და საფრთხეს უქმნიდა არქიტექტურულ ნაგებობებს.
ბოჭორმის კომპლექსის ხე-მცენარეებისაგან გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება 2022 წლის ზაფხულში ბოჭორმაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, ვიზიტისას გადაწყდა. (იხ. ბმული : https://www.facebook.com/100069180940631/posts/pfbid02Usj5gY1BuJANKLdnZb3XWDkoZEM9LtpDP3tiwuLkG23nYe6Yd6r5yCtCgVxgpi1il/?mibextid=cr9u03).


პროექტის წარმატებით განხორციელება კი შესაძლებელი გახდა ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.
პროექტის განხორციელების პროცესში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. მათ ერთად მონიშნეს მოსაჭრელი ხეები, შეადგინეს ტყეკაფის პასპორტები და ტყეკაფის აღრიცხვის უწყისები. ამის შემდეგ დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სახიფათო ხეების მოჭრა, დაჭრა და დასაწყობება. უშუალოდ ხე-მცენარეების მოჭრა 2023 წლის 7 ივნისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდა.
მოცემული ეტაპის დასრულების შემდეგ, ძეგლის რეაბილიტაციისთვის კვლევითი და საპროექტო სამუშაოები უნდა დაიწყოს, რისთვისაც ამჟამად მიმდინარეობს ძეგლის ძლიერ დაზიანებული, კრიტიკული უბნების მონიშვნა.