"უბრწყინვალესი დღე გაგვითენდა..."- 19 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6 (19) აგვისტოს) — თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთია. უკავშირდება იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (IX, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად.

სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა:

„და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა.

ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა:

„მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

ფილოლოგი გია მურღულია ფერისცვალების დღესასწაულზე სოციალურ ქსელში წერს:

"უბრწყინვალესი დღე გაგვითენდა - ასეთი წელიწადში ერთადერთია. ღმერთმა თავისი სამი მოწაფე თაბორის მთაზე აიყვანა და იქ მათ თვალწინ გარდაისახა - კაცობრივი ბუნებისგან განიძარცვა და თავისი ღვთაებრივი ბუნებით წარუდგა თხემით ტერფამდე გაოცებულ ადამიანებს. სამოთხის დატოვების შემდეგ ასე თვალსაჩინოდ მათ ღვთის სიახლოვე არ განუცდიათ. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ღვთაებრივი ბუნების გაცხადების დღესასწაული - ეს ადამიანური ბუნების შეცნობისა და დაბრუნების დღესასწაულიც არის! როდესაც პირისპირ და უშუალოდ ხედავ ღმერთს, მაშინ ყველაზე მეტად ხვდები, რას ნიშნავს ის, რომ შენ მის ხატად და მსგავსად ხარ შექმნილი. ეს უდიდესი დღესასწაულიც არის და არანაკლები პასუხისმგებლობაც. საოცარი დღე დაგვიდგა ისევ - ღმერთმა საკუთარ სარკეში ჩაგვახედა, ანუ თავისი გამოჩენით ჩვენივე თავი შეგვაცნობინა. მან გვითხრა და გვასწავლა, რომ ჩვენც შეგვიძლია საკუთარი ნამდვილი ბუნება დავიბრუნოთ ამ ცოდვით სავსე სამყაროში - სრულყოფილებას ვეზიაროთ. ის მთა არ დაგვეკარგოს არასდროს - საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვისაც. გილოცავთ ფერისცვალებას!"