კონტროლდება თუ არა სისუფთავე და რა დაავადებები შეიძლება გავრცელდეს აუზიდან - ინფორმაცია მათთვის, ვინც საცურაო აუზებს ხშირად სტუმრობს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

თუკი ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, განტვირთვის, გარუჯვის, გაგრილების და გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება აუზზე დასვენებაა. როგორც ყოველთვის, წელსაც უამრავი ადამიანი სტუმრებს საზოგადოებრივ აუზებს, თანაც იმას თუ გავითვალსწინებთ, რამდენი უცხოელი იმყოფება ქვეყანაში, მსგავსი რეკრეაციული ადგილები საკმაოდ გადატვირთულია. თუმცა, ბევრ სიკეთესთან ერთად საცურაო აუზი შეიძლება იყოს იმაზე საშიში, ვიდრე გგონიათ. დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენად სანიტარულია ისინი? სამწუხაროდ, საქმე ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აუზის  რასათანადო მოვლა-შენახვამ შეიძლება სხვადასხვა ვირუსული, ინფექციური და სოკოვანი დაავადებები გამოიწვიოს.

ალბათ, არ იცოდით რომ აუზებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი სუნი (ხშირად აღწერილია, როგორც ქლორის სუნი) რეალურად ასახავს რეაქციას სადეზინფექციო საშუალებებსა და არასასურველ ორგანულ ნივთიერებებს შორის (ოფლიანობა, სხეულის სითხეები, შარდი, მზისგან დამცავი საშუალებები და პირადი მოვლის საშუალებები). ასევე, აუზის წყლის ქიმიური შემადგენლობა უნდა იყოს სათანადოდ დაბალანსებული, სანამ ვინმე მასში იბანავებს. ზოგადად, ქლორი იცავს აუზის წყალს ბაქტერიებისგან, მაგრამ ზედმეტი ქლორი ჯანმრთელობისთვის სხვა საშიშროებას ქმნის.

წყლის დაავადებების პრევენცია მრავალმხრივი საკითხია, რომელიც მოითხოვს აუზის პერსონალის, მოცურავეების და ჯანდაცვის დეპარტამენტების მონაწილეობას.

რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას  აუზზე ვიზიტმა და როგორ უნდა დავიცვათ თავი მოსალოდნელი საფრთხისგან - ამ საკითხებზევერსიაინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.

 

_ბატონო ალექსანდრე, რა სახის დაავადებები შეიძლება, გავრცელდეს აუზიდან?

_აუზიდან შეიძლება გავრცელდეს როგორც ვირუსული, ასევე, ბაქტერიული ინფექციები. როგორც წესი, ხშირია გასტროინტესტინალური, ნაწლავური ინფექციები, რომელიც მიმდინარეობს დიარეით, მუცლის ტკივილით და ღებინებით. ასევე, საყურადღებოა ადენოვირუსული ინფექცია, მისი ერთ-ერთი წყარო ზუსტად აუზებია. მას მრავალფეროვოვანი გამოვლინებები აქვს, თუმცა, ყველაზე ხშირია კონიუნქტივიტი და კერაქტოკონეტივიტი, როდესაც ანთება თვალში მიდის, ის შეწითლებულია და არის გამონადენი. თუ დროულად არ ცვლიან წყალს და შესაბამის სამუშაოებს არ ატარებენ, განვითარდება სოკოვანი ინფექციები, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს სხვადასხვა სიმპტომებით, როგორც კანის ასევე ლორწოვანის დაზიანებით. როცა ბევრი ადამიანია აუზზე, შესაძლებელია რესპირაციული ინფექციების გავრცელებაც, მათ შორის კორონავირუსისა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ აუზებზე, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს, წესების დაცვით და პროტოკოლით მოხდეს წყლის გამოცვლა და დეზინფექცირება, რათა თავი ავარიდოთ ამ ყველაფერს.

_თუ ფლობთ ინფორმაციას, როგორ და რა სიხშირით უნდა გასუფთავდეს აუზი, რომ დაცული იყოს სანიტარული ნორმები?

_სამწუხაროდ, ამაზე დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა, როგორც ვიცი, ეს დამოკიდებულია აუზის ზომაზე, თუ რა რაოდენობის მომხმარებელს იტევს და ა.შ. თითოეულ აუზს აქვს თავისი ექსპლუატაციის წესები და მისმა მფლობელებმა ეს იციან. წელს საკმაოდ ბევრი ადამიანი მიმართავს აუზებს ნებისმიერ ლოკაციაზე და მნიშვნელოვანია, ეს რეგულაციები და რეკომენდაციები ზედმიწევნით იყოს დაცული. ყოველ წელს საკმაოდ ხშირია ზღვიდან ან აუზებიდან ჩამოტანილი როგორც ნაწლავური ინფექციები, ასევე, სხვადასხვა რესპირატორული დაავადებები განსაკუთრებით ბავშვებში, ისინი არიან მოწყვლადი ჯგუფი, ამიტომ დიდ ყურადღებას საჭიროებენ.

_შეიძლება, თუ არა, რომ აუზის გამწმენდი ქიმიკატები საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის?

_ზოგადად, ის რაოდენობა, რასაც გასაწმენდად იყენებენ,  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმცა თუ ადამიანი ამა თუ იმ ნივთიერებაზე არის ალერგიული, მან ეს წინასწარ უნდა იცოდეს და არ ისარგებლოს აუზით. როგორც წესი, კონცენტრაცია თუ საკმარის დონეზეა, ჯანმრთელობისთვის მავნე არ არის.

_როგორ დავიცვათ თავი მოსალოდნელი საფრთხისგან?

_პირველ რიგში,  წყალი უნდა გადაივლოთ, რომ რისკები შემცირდეს. კანი კარგად გაასუფთავეთ გამდინარე წყლით. თუ სიმპტომები უკვე განვითარდა, უნდა მოხდეს მისი დროული მართვა. თუ გვაქვს დიარეა ან გულისრევა, უნდა მოხდეს ამის კორექცია. მოვერიდოთ გამაღიზიანებელ საკვებს. სიმპტომების გაუარესების  შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

იმის გასარკვევად, თუ რა სიხშირით ხდება აუზები გასუფთავება და კონტროლდება თუ არა სახლემწიფო ორგანოების მხრიდან სანიტარული ნორმები, „ვერსიარამდენიმე საცურაო აუზის წარმოამდგენელს დაუკავშირდა.

ჩვენ გვყავს სპეციალური სამსახური, რომელიც აკონტროლებს ამას. ყოველ დღე მოდიან და იყრება ქიმიკატები, ორ დღეში ერთხელ კეთდება მტვერსასრუტით დასუფთავება. სამ თვეში ერთხელ ხდება სრული ამორეცხვა. დიდი ხნის წინ სახელმწიფო სტრუქტურიდანაც შეგვამოწმეს - განგვიცხადეს ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში.

როგორც გამოვიკვლიეთ, სახელმწიფო ზედამხედველი ორგანოები მხოლოდ კორონავირუსის პერიოდში იშვიათად ამოწმებდნენ აუზებზე არსებულ მდგომარეობას. აღნიშნული დაგვიდასტურა გლდანში მდებარე ერთ-ერთი აუზის „აუზი თეთრ დიდ ტბაზე“ თანამშრომლემაც:

_პანდემიის დროს მოდიოდნენ და ამოწმებდნენ  ყველაფერს, ახლა ჩვენ თვითონ ვაკონტროლებთ. ფილტრაცია მთელი დღე ჩართულია, საღამოს 7 საათზე იკეტება აუზი და იწყება სადეზინფექციო სამუშაოები“.

მოგესხენებათ, სოციალურ ქსელში მომხამრებლები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ხშირად უზიარებენ. „ვერსია“ დაინტერესდა, თუ რა კომენტარებს წერდნენ ისინი აუზზე სტუმრობის შემდეგ და გთავაზობთ, მათ მიერ გაზიარებულ შთაბეჭდილებებს ერთ-ერთი ცნობილი ვებ-გვერდიდან, სადაც საუცრაო აუზებია წარმოდგენილი.

ძალიან ბინძურია აუზი, დამპალი, გაყვითლებული.”

დიდი აუზის იატაკი არის ყვითელი, ნადებიანი და გასაწმენდია. გვერდებიც. კარგით რა, ძალიან გგულშემატიკვრობთ და ნუ მიცრუებთ იმედებს :) წარმატებები და ველოდები გასუფთავებულ აუზს :)”

ძალიან ბევრი ადამიანია და არ არის აუზთან დაცული საკმარისად სისუფთავე

ჭუჭყიანი წყალი ესხა აუზში! თითონ დარბაზიც არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, ჩამოფენცილი კედლები და ჩაჟანგებული ჭერია!”

ბინძური წყალი, ბინძური აუზი, ლოქერი არ იკეტება

აუზი არის ჭუჭყიანი, გასახდელებში საშინლად ცხელა და არის დატბორილი და ატალახებული. ვერანდაზე ადგილები არასოდეს არ არის.”

სისუფთავეზე განვმარტავ, რომ ბასეინის კედლები ჭუჭყიანია, თუმცაღა ითქვა, რომ გუშინ უნდა დაცლილიყო ბასეინი, იმედია გარეცხავენ. აღჭურვილობაზე განვმარტავ, რომ გასახდელებში დანგრეულია კარადები, ძალიან სირცხვილია.”...

როგორც წესი, აუზის სანიტარულ ნორმებს და მასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ჯანდაცვის სამინისტრო ან შრომის ინსპექციის სამსახური უნდა ამოწმებდეს. თუმცა, საქართველოში ამ მიმართულებით არანაირი რეგულაცია და კანონი არ არსებობს. ყველაფერი მხოლოდ აუზის მფლობელების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“ ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, თუმცა, როგორც განგვიცხადეს, ინფორმაციას არ ფლობენ და აღნიშნული მათ უწყებას არ ეხება.